სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „საქართველოს ისტორიიდან უფრო მეტი კითხვები იქნება თუ მსოფლიოდან?“ - ნახეთ გამოცდების ერვნული ცენტრის პასუხი ამ შეკითხვაზე

    „საქართველოს ისტორიიდან უფრო მეტი კითხვები იქნება თუ მსოფლიოდან?“ - ნახეთ გამოცდების ერვნული ცენტრის პასუხი ამ შეკითხვაზე
    10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, რომლებიც აბიტურიენტს აწუხებთ, ხშირად მათ დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერავინ სცემს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 24 მაისს გამართული, აბიტურიენტთა ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს, რომელსაც ისტორიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა მანანა ჯავახიშვილმა უპასუხა.

    „ჩვენი მიზანი არ არის, რომ თქვენ შეგიმოწმოთ მეხსიერება, ჩვენი მიზანი არის, რომ გავიგოთ, რამდენად შეგიძლიათ კრიტიკული აზროვნება, რამდენად გაგაჩნიათ მაღალი კოგნიტური უნარები, იმისათვის, რომ შემდგომში თქვენ შეძლოთ, სწავლა გააგრძელოთ უმაღლესს სასწავლებელში“, – ასე მიმართა აბიტურიენტებს ონლაინ ღია კარის დღეზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მანანა ჯავახიშვილმა. 24 მაისს გამართულ შეხვედრაზე არაერთი კითხვა დაისვა როგორც თარიღების დამახსოვრების, ისე საკითხების შინაარსის შესახებ.

    ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საჭირო არ არის აბიტურიენტს დაზეპირებული ჰქონდეს წლები და ეს უბრალოდ მითია.

    „წლების დამახსოვრება, დაზეპირება არანაირად არ არის საჭირო. თქვენ უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რომელ ეპოქაში მოხდა ესა თუ ის მოვლენა, ამ საუკუნის პირველი ნახევარია თუ მეორე ნახევარი… რა მოვლენას რა მოვლენა ახლავს. თქვენ ვერ ნახავთ ისეთ დავალებას, რომელშიც თქვენ გეკითხებიან კონკრეტულ თარიღს. ამიტომ, ეს არის ე.წ. მითი, შექმნილი იმის შესახებ, რომ ისტორიის ტესტი ამოწმებს თარიღებს“, – განმარტა NAEC-ის წარმომადგენელმა.

    აბიტურიენტთა კიდევ ერთი შეკითხვა, შეეხებოდა საგამოცდო ტესტში მოცემული კითხვების შინაარსობრივ მხარეს. მომავალი სტუდენტები დაინტერესდნენ, საქართველოს ისტორიიდან უფრო მეტი კითხვები შეხვდებათ თუ მსოფლიო ისტორიიდან:

    „რა თქმა უნდა, მსოფლიოდან. იმიტომ, რომ მთელი კონცეფცია ჩვენი საშუალო განათლებისა არის ზედა საფეხურზე – საქართველო მსოფლიო ისტორიის კონტექსტში. ანუ, საქართველოს ისტორია, ერთი პატარა ქვეყნის ისტორია ჩასმული არის მსოფლო ისტორიის კონტექსტში, მაგრამ ის ვერაფრით იქნება აღმატებული მთელს მსოფლიოზე“, – აღნიშნა სპეცილისტმა.

    ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში, აბიტურიენტები დაინტერესდნენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხით: არგუმენტი ვრცელი უნდა იყოს თუ მოკლე და რა შემთხვევაში ჩაითვლება იგი მცდარად.

    გამოცდების ცენტრი წარმომადგენელმა ახსნა, თუ როგორი უნდა იყოს არგუმენტი და რა უნდა გაითვალისწინონ მისი მოყვანისას აბიტურიენტებმა.

    „არგუმენტი უნდა იყოს ლოგიკური. მცდარად იქნება ჩათვლილი, თუ არის არალოგიკური ან შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას. ხოლო, ვრცელი უნდა იყოს თუ მოკლე, ამას გიკარნახებთ ხაზების ის რაოდენობა, რომელიც პასუხების ფურცელში იქნება უკვე მოცემული და მიხვდებით, რომ ამაზე მეტს ვერ დაწერთ. აი, ვთქვათ, არის 2 ხაზი გამოყოფილი, ესე იგი, მეტს ვერ დავწერ… ამ ორ ხაზში უნდა ჩაეტიოთ და თუ შეგიძლიათ, თქვენი აზრი ერთ ხაზშიც ჩაატიოთ, განა ეს პრობლემაა?! მთავარია, რომ პასუხი იყოს ლოგიკური და არ შეიცავდეს ფაქტობრივ შეცდომას“, – განაცხადა ისტორიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა მანანა ჯავახიშვილმა.