სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ყველანაირად ვცდილობთ, ეს საშინელება ნანის ყურამდე არ მივიდეს “-ოქიტაშვილი

    “ყველანაირად ვცდილობთ, ეს საშინელება ნანის ყურამდე არ მივიდეს “-ოქიტაშვილი
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში ნანი ბრეგვაძის მხარდასაჭერი პოსტები გამოჩნდა... საზოგადოების ნაწილი გააკვირვა იმ ფაქტმა, რატომ გახდა საჭირო ქართველი ლეგენდა მომღერლის ასეთი დაცვა, როცა მის მიმართ მხოლოდ პატივისცემას გამოხატავენ

    ერთ-ერთი მხარდასაჭერი პოსტი დავით ოქიტაშვილს ეკუთვნოდა:

    „ქალბატონ ნანის სწორედ საბჭოთა კავშირმა, ამ დიდმა ბოროტების იმპერიამ დაუკეტა საზღვრები, მართალია, აღიარება მოუტანა, უბრალოდ, სხვა გზა აღარ დარჩათ, მაგრამ იქით, სამყაროს უკეთეს ნაწილში აღარ გაუშვა, ამიტომაც არ უნდა, რომ იმავე მდგომარეობაში ახალი თაობა ჩავარდეს.

    როდესაც მის "ცა-ფირუზს" ისმენ - ესაა ევროპული მომავალი და ეს უნდა ქალბატონ ნანის, როდესაც მის ნამღერ "ვარდები არ არიანს" ისმენ, ესაა თავისუფლებისკენ სწრაფვა და ეს უნდა ქალბატონ ნანის; კრემლის საკონცერტო დარბაზში სიმღერა დღეს რომ უდიდესი ცინიზმია, ეს იცის ქალბატონმა ნანიმ, თქვენ კი, მეგობრებო, რუსული ესტრადის მოსასმენად მიბრძანდით ვოლგოგრადის სტეპებში და არავინ გამოგეკიდებათ, უბრალოდ, ძალიან მეცოდებით ზოგ-ზოგიერთები და თქვენი ბულინგი და კრიტიკა 87 წლის ნანისადმი (თქვენ ან თქვენი მშობლები როდის და სად დაიბადნენ? რომელ პერიოდში? სსრკ-ში ხომ არა?), რომ რუსეთზე ფიქრმა და ჩრდილოეთის ქარმა ასე დაგიხშოთ ყურიცა და გულიც, ჩვენ კი აქ ისევ მოვუსმენთ "თბილისოს", ევროპული ქალაქის სიმღერას.

    ჩემო ნანი, მიყვარხართ, თქვენ კი - წერეთ და იკითხეთ "პრადვინუტებო"!"

    მოგვიანებით, ოქიტაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ განმარტა, რატომ გამოაქვეყნა ეს პოსტი.

    - გამოჩნდა პოსტები, სადაც წერენ, ნანი საბჭოთა მომღერალი იყოო და ახლა აღარ მოსწონს, მაშინ რატომ არ თქვა უარი რუსეთში ვარსკვლავის გახსნაზეო... საბჭოთა დროს დავიბადეთ და გავიზარდეთ, რა ვქნათ ახლა?! შეიძლება დღეს რუსეთი ჩვენზე მეტად არავის სძულდეს, მაგრამ მაშინ რა და როგორ ხდებოდა, ხომ ყველამ კარგად ვიცით!

    ნანი ბრეგვაძე არის ისტორია!

    რაც მან შექმნა თავისი ქვეყნისთვის... წარმოუდგენელია მის მიმართ ბულინგი! მაშინ ის დრო იყო, საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ხელოვანებს არ შეეძლოთ საზღვარგარეთ წასვლა, უშიშროება ყოველ წამს უკან დაჰყვებოდა...

    - ამის ახსნა დღეს ვინმეს სჭირდება?

    - არ უნდა სჭირდებოდეთ! ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, რომ ამ ქალბატონს ცილი დასწამეს, თითქოს თვითმფრინავის ბიჭების დახვრეტაზე ხელი მოაწერა... გეგა კობახიძის დედას ჰკითხეთ და ის გეტყვით სიმართლეს! მე ზუსტად ქალბატონი ნათელასგან ვიცი, რომ ნანიმ ბიჭების გათავისუფლებას და შეწყალებას მოაწერა ხელი! 87 წლის ქალბატონს ეს ბრალდება წაუყენო, ყოვლად უპატიებელია, თორემ საბჭოთა მომღერლის დაბრალებას აღარავინ ჩივის. ეს აღარაფერია იმ დიდ უბედურებასთან, ვის ტვინშიც ამ უბედურებამ გაიელვა...

    ყველანაირად ვეცდებით, ქალბატონი ნანი დავიცვათ და მის ყურამდე ეს არ მივიდეს, მაგრამ მე საქართველოს პარლამენტს მივმართავ! სანამ საქართველოში ცილისწამება დასჯადი არ გახდება, მანამდე გაანადგურებენ ჩვენს საყვარელ, ლეგენდარულ ადამიანებს... მე საერთოდ არაფერს დავწერდი, მაგრამ ეს ბრალდება რომ წავიკითხე, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო!“,- ამბობს ოქიტაშვილი.