სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რამ შეიძლება გამოიწვიოს მოზარდის ზრდის შეფერხება - ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

    რამ შეიძლება გამოიწვიოს მოზარდის ზრდის შეფერხება - ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "იმედის დღის" ეთერში ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა D ვიტამინის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რა გავლენა აქვს მას ბავშვის ზრდა-განვითარების პროცესში:

    "D ვიტამინი ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მას მეტაბოლიზმის სწორად წარმართვაში საკმაოდ მკაფიო ფუნქცია და როლი აქვს. D ვიტამინისა და ბავშვის სიმაღლეში ზრდის კავშირთან დაკავშირებით არაერთი კვლევა ჩატარებულა. მაგალითად, 2022 წელს იაპონიაში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 2-დან 4 წლამდე 4000 ბავშვი იღებდა მონაწილეობას და დადასტურდა, რომ D ვიტამინის ნაკლებობა კავშირშია სიმაღლეში ზრის შეფერხებასთან. ვიცით, ისიც, რომ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი ისეთია, თითქოს, D ვიტამინის ნაკლებობას არ უნდა განვიცდიდეთ, თუმცა ზოგჯერ ასე არ არის და D ვიტამინის დანამატის სახით მიღება გვიწევს, მათ შორის, აღნიშნულ სეზონებზეც." - ამბობს ქეთი ასათიანი.

    ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა საუბრობს, რა რისკებთანაა დაკავშირებული D ვიტამინის ნაკლებობა ბავშვებში:

    "სხვადასხვა ეკოლოგიური ფაქტორიდან გამომდინარე, D ვიტამინის საჭიროება ჩვენს ორგანიზმში ყოველთვისაა. მისი ორგანიზმიდან ხარჯვა ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე წარმოქმნა. D ვიტამინს საკვები პროდუქტებიდან მინიმალურად ვღებულობთ. დაახლოებით, დღე-ღამის განმავლობაში სრული რაოდენობის 20%-ია. დანარჩენს კი მზისგან ვიღებთ. მაგრამ, ამავდროულად, მზის სხივების მავნე ზემოქმედებაც გასათვალისწინებელია. მზეზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა არ შეიძლება, იგივე რუჯის მიღების თვალსაზრისითაც. ასეთ დროსა აუცილებელია, მზისგან დამცავი საშუალებები გამოვიყენოთ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი დამცავი საშუალებები D ვიტამინის წარმოქმნას 80%-ით ამცირებს. ამიტომაც, დღესდღეობით ამ ვიტამინის მიღება აუცილებელი ხდება იმისათვის, რომ ჩვენს ორგანიზმში დეფიციტი არ განვითარდეს.

    ძალიან ხშირად, ზაფხულის სეზონის შემდგომ, შემოდგომაზე ჩვენთან მოსულ პაციენტებს, კარგი რუჯის პირობებშიც, მაინც D ვიტამინის დეფიციტი აქვთ. ეს კი ჩამოთვლილ ფაქტორებს უკავშირდება. მაგრამ თვითნებურად, მისი სამკურნალო მიზნებით გამოყენება, რა თქმა უნდა, რეკომენდებული არ არის იმიტომ, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი ისეთი ვიტამინი, რომელსაც, ზედოზირების შემთხვევაში, შეუძლია, ორგანიზმში უარყოფითი ზეგავლენაც გამოიწვიოს. თუმცა, საპროფილაქტიკო დოზებიც არსებობს, რომელიც სამედიცინო საზოგადოების მიერაა მოწოდებული.

    1 წლამდე ასაკში ეს გახლავთ 400 საერთაშორისო ერთეული, 1-დან 4 წლამდე ასაკში 400-800 საერთაშორისო ერთეული. ხოლო მოზრდილებში 2000 საერთაშორისო ერთეული, რომელიც, ფაქტობრივად, განუწყვეტლივ უნდა მიიღოს ადამიანმა იმისათვის, რომ ორგანიზმში D ვიტამინის საჭირო რაოდენობა ჰქონდეს. D ვიტამინს, როგორც D ჰორმონს მოვიხსენიებთ, იმდენად დიდი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმსა და ნივთიერებათა ცვლაზე. გარდა იმისა, რომ ის ნორმალურ ზრდა-განვითარებასთანაა დაკავშირებული, მას კიდევ ბევრი როლი აქვს. მაგალითად, ხელს უწყობს ნერვული სისტემისა და ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებას. არის კვლევები, რომელთა თანახმადაც, D ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა, ისეთი ვერაგი დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს, როგორიცაა, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი. უკვე ზრდასრულობაში აღნიშნული ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა, ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი გამოიწვიოს და შესაძლებელია, უეცარი მოტეხილობები განვითარდეს.