სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სუნამო Sauvage-სთვის Dior-მა ჯონი დეპთან $20 მილიონიანი შეთანხმება გააფორმა

    სუნამო Sauvage-სთვის Dior-მა ჯონი დეპთან $20 მილიონიანი შეთანხმება გააფორმა
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უცხოური მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Dior-ისა და ჯონი დეპის პარტნიორობა გრძელდება. Variety წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფრანგულმა მოდის სახლმა მსახიობთან Dior Sauvage-სთვის $20 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ვადაც სამი წლით არის განსაზღვრული. როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, ამ დრომდე ეს მამაკაცის სუნამოსთან დაკავშირებული ყველაზე ძვირად ღირებული შეთანხმებაა. მას მოსდევს რობერტ პატინსონის $12 მილიონიანი კონტრაქტი Dior Homme-სთვის და ბრედ პიტის $7 მილიონიანი შეთანხმება Chanel No. 5-ისთვის.

    აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, არც Dior-ის და არც ჯონი დეპის მხრიდან კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა.

    ჯონი Dior Sauvage-ს კამპანიაში პირველად 2015 წელს მოგვევლინა, როდესაც სუნამო გამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობსა და ემბერ ჰარდს შორის შემდგარი გახმაურებული სასამართლო პროცესის შემდეგ Dior Sauvage-ის გაყიდვები ძალიან სწრაფი ტემპით გაიზარდა. შეგახსენებთ, სასამართლო გასულ წელს შეერთებულ შტატებში, ვირჯინიაში გაიმართა. მას საფუძვლად დაედო ჯონის სარჩელი, რომელიც თავისი ყოფილი ცოლის, ემბერის, საჯარო განცხადებებს ეხებოდა, რომელთა მეშვეობითაც მან დეპი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ამხილა. ჯონის მიზანს წარმოადგენდა შეერთებული შტატების სასამართლოს ძალით დაემტკიცებინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მას ცილი დასწამეს, რაც საბოლოოდ შეძლო კიდეც. პროცესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. როგორც მისი დასრულების შემდეგ Dior-ის მფლობელი კომპანიის, LVMH-ის, მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ განაცხადა, “ჯონი დეპის იმიჯი” ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია Dior Sauvage-ს “გასაოცარი წარმატებისა.”