Google-მა გამოუშვა ხელოვნური ინტელექტის მქონე ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეამოწმონ, თუ როგორ გამოიყურება მათი შერჩეული ტანსაცმელი სხვადასხვა მოდელის სხეულზე, სხვადასხვა პოზაში.
„უბრალოდ დააკლიკეთ პროდუქტს "Try On" ღილაკზე და შეარჩიეთ მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად გგავთ თქვენ", — წერს ლილიან რინკონი, გუგლის პროდუქციის მენეჯმენტის უფროსი დირექტორი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ონლაინ შოპინგი ერთდროულად მოსახერხებელი და მოუხერხებელია; ერთი მხრივ, შეგიძლიათ, დივანზე მოკალათებულმა, ფინჯანი ყავის თანხლებით შეარჩიოთ სასურველი ტანსაცმელი, თუმცა, მეორე მხრივ, რამდენად მოუხდება ეს პროდუქტი თქვენი სხეულის ტიპს, კანის ფერსა და ა.შ.,- ნამდვილი თავსატეხია.
თუმცა ახლა, კომპანია გუგლის დამსახურებით, თავსატეხი ამოიხსნა და შეგეძლებათ, სასურველი ტანსაცმელი "ჩააცვათ" თქვენი მსგავსი სხეულის ტიპის მქონე მოდელს და მარტივად აღიქვათ, რამდენად მოგიხდებათ შერჩეული სამოსი.
ამ ფუნქციის არსებობას შესაძლებელს ხდის TryOnDiffusion, გენერაციული AI, რომელიც გუგლის მკვლევრებმა იმგვარად გაწვრთნეს, რომ შეძლოს ტანსაცმლის სურათის ანალიზი და გვიჩვენოს, თუ როგორ მოერგება ის რეალური მოდელების მრავალფეროვან სპექტრს, რომელთა ზომებიც XXS-დან 4XL-მდე მერყეობს.