სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "პატარა გოგონამ მითხრა, ცუდ ხასიათზე, რომ ვარ, ლევანი დღესაც კი ასე მამშვიდებსო" - მომღერლის დედის ემოციური განცხადება

    "პატარა გოგონამ მითხრა, ცუდ ხასიათზე, რომ ვარ, ლევანი დღესაც კი ასე მამშვიდებსო" - მომღერლის დედის ემოციური განცხადება
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    21 ივნისს ლევან კბილაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მომღერლის დედამ იცის, როგორი იყო ეს უმძიმესი წელი ვაჟის გარეშე. დედას ერთი დღეც არ ჩაუგდია შვილის საფლავზე გასვლის გარეშე. იქ რომ უცნობი ადამიანები ხვდებიან, ეს უკვე აღარ აოცებს. ქალბატონები, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე რუსეთიდან სტუმრობენ მუსიკოსის საფლავს. რუსეთიდან, სადაც ლევანმა, ოთხი წლიანი კარიერის მანძილზე, შეძლო, რომ დიდი სიყვარული დაეტოვებინა... ბოლოს სამშობლოში დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი. უკანასკნელ დღეებში, დიდ რუსულ ფესტივალზე გამოსვლამ, უდიდესი ფიზიკური დატვირთვა მოუტანა, რაც, როგორც მომღერლის დედა ამბობს, ჰემორაგიული ინსულტის მიზეზი გახდა.

    12 ივნისს 32 წლის გახდებოდა. ამ დღეს რუსეთში, იმავე სივრცეში, სადაც ლევანს უკანასკნელი დაბადების დღე გადაუხადეს, მუსიკოსის ალბომი გამოვიდა. "პანჯეო - ლევან კბილაშვილი" - ასე ჰქვია ალბომს, რომლის მოსმენაც მუსიკალურ პლატფორმებზე შესაძლებელია.

    ლევანის მეგობარი, ასევე "ჯეოსტარიდან" ცნობილი - გიორგი ცხვარიაშვილი მეგობარს იხსენებს...

    გიორგი ცხვარიაშვილი: დღეს 1 წელი გავიდა... მუსიკოსისთვის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბედნიერებაა პირველი ალბომი, სხვა ემოციაა... სამწუხაროდ, თვითონ ვერ მოასწრო დასრულებული ალბომის მოსმენა...

    უდიდესი შრომა გაიღეს ყველამ ერთად. მადლობა ბენდის ძალიან კარგ მუსიკოსებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა.

    მოისმინეთ და არ დაიშუროთ შეფასება.

    რაც ყველაზე მთავარია, ძალიან დიდი სიყვარულის მოგროვება მოასწრო ამ ბიჭმა და ყველაზე მეტად მეამაყება, სევდანარევი სიამაყეა, მაგრამ მაინც. ძალიან მაგარი ძმაკაცი დავკარგეთ სამეგობრომ და ძალიან მაგარი მომღერალი ესტრადამ, მაგრამ შევხვდებით სხვა დროს, სხვა ცხოვრებაში, ჩემო ძმაო.

    მომღერლის დედამ, მელიტა ფურცელაძემ, "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში შვილთან დაკავშირებული გეგმა გათქვა. მალე კბილაშვილების სახლში გამოიყოფა ოთახი, სადაც ლევანის პირადი ნივთები განთავსდება და ეს სივრცე მომღერლის მუზეუმის სახეს მიიღებს.

    მელიტა ფურცელაძე: ჩვენ კერძო სახლში ვცხოვრობთ და ეზოში ერთი შენობა გვქონდა გაურემონტებელი. მალე დასრულდება რემონტი და გვექნება სივრცე, სადაც ლევანიკოს მუზეუმს მოვაწყობთ.

    იქ განვათავსებთ მის ნახატებს, საკონცერტო სამოსს, პირად ნივთებს, რომელიც მოსკოვიდან ჩამომივიდა და ჯერჯერობით ძალა არ მეყო, რომ გამეხსნა და დამეთვალიერებინა მისი ნივთები. იმ ყუთს ვერ ვეკარები... ვუფრთხი, თავს ვარიდებ...

    ბევრი ნივთი აქვს, რაც უნდა შევინახოთ და ამ სივრცეში უნდა იყოს განთავსებული.

    კვირა არ გავა, ლევანიკოს მეგობრები არ მოვიდნენ ჩვენთან სახლში, საათობით სხედან მის საფლავზე. არ ვიცი, მე რამხელა გულისტკივილი დაუტოვა ამ ბიჭმა ირგვლივ ყველას და მის სამეგობროს. ვერ ვხდები, როგორ შეიძლებოდა ასე ჰყვარებოდათ და გაგიჟებულიყვნენ ლევანის ამ მდგომარეობით. ერთი მეგობარია დათო, რომელმაც თქვა, ხანდახან რეალობას თვალს რომ ვუსწორებ, თუ სხვა რამეზე დროულად არ გადავერთე, შეიძლება გავგიჟდეო. ასე განიცდიან...

    და ამიტომაც, როდესაც ლევანის მუზეუმი გაკეთდება, მის ბიჭებს და არა მხოლოდ მათ, ამ სივრცეში შეეძლებათ დასხდომა, საუბარი და ლევანიკოს გახსენება...

    ორიოდ დღის წინ, ლევანის საფლავზე პატარა გოგონა მოვიდა, შეიძლება სანთელი დავანთოო? - მკითხა. კი, რა თქმა უნდა-მეთქი. შეიძლება ჩაგეხუტოთო? მკითხა და ჩემეხუტა. არ ვიცნობდი, მაგრამ ცუდ ხასიათზე რომ ვარ, მოვდივარ და აქ ვჯდებიო, მითხრა. ხშირად მოვდივარო.

    ასეთი უცნაურობები ხდება ლევანიკოს გარშემო. მის საფლავზე სრულიად უცხო ადამიანები მოდიან...