სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეს ქართული მუსიკის უდიდესი გამარჯვებაა!" - ისტორიაში პირველად - იტალიაში ქართული ოპერა "დაისი" დაიდგა

    "ეს ქართული მუსიკის უდიდესი გამარჯვებაა!" - ისტორიაში პირველად - იტალიაში ქართული ოპერა "დაისი" დაიდგა
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    21 ივნისს, "მუსიკის მსოფლიო დღეს", იტალიაში, მასიმო ბელინის სახელობის საოპერო თეატრის სცენაზე, ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა „დაისი“ იტალიურ ენაზე, იტალიელი სოლისტების, ორკესტრისა და გუნდის მიერ, პირველად შესრულდა.

    წარმოიდგინეთ, ისტორიაში პირველად - იტალიაში ქართული ოპერა "დაისი" დაიდგა. მასიმო ბელინის თეატრზე კი საქართველოს დროშა გადმოიფინა.


    თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე "დაისის" წარმატებული საპრემიერო ჩვენებების შემდეგ, რომელიც მისი დადგმიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა კატანიაში "მუსიკის საერთაშორისო დღის" აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში წარმოადგინეს.

    ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე ესწრებოდნენ.

    ამ უპრეცედენტო პროექტით, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის, ინიციატივით განხორციელდა, ბელინის სახელობის ოპერის თეატრმა შემოქმედებითი ურთიერთობა დაამყარა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან - ღირებულებების გაცვლისა და მუსიკალურ-კულტურული სფეროების უკეთ გასაცნობად.

    "დაისის" დამდგმელი რეჟისორია გოჩა კაპანაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი; დეკორაციებზე გიორგი ალექსი-მესხიშვილმა იმუშავა.

    სპექტაკლში მონაწილეობდნენ: „ტეატრო მასიმო ბელინის“ გუნდი (ქორმაისტერი ლუიჯი პეტროციელო), ორკესტრი და იტალიაში მცხოვრები საერთაშორისოდ აღიარებული უცხოელი თუ იტალიელი მომღერლები; მათ შორის: მატეო ფალჩერი, დომენიკო ბალცანი, ევა კორბეტა, ანასტასია ბოლდირევა, რობერტო კრესკა; ცანგალას პარტია იტალიაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ბანმა - გიორგი ანდღულაძემ - შეასრულა.

    ტეატრო მასიმო ბელინის სამხატვრო ხელმძღვანელი "დაისის" გენერალურ რეპეტიციას რომ დასწრებია, ისე აღფრთოვანებულა, რომ ქართული ოპერის რეპერტუარში შეტანის გადაწყვეტილება მიუღია.

    მაკო ფაცურია: სპექტაკლს საოცარი წარმატება ხვდა წილად. ეს იყო ქართული მუსიკის უდიდესი გამარჯვება და ზეიმი!!! ძნელია სიტყვებით გადმოსცე ბედნიერების და სიამაყის ის გრძნობა, რაც თითოეული ქართველის გულში ტრიალებდა.

    გავესაუბრე მაყურებლებს, აღფრთოვანებულები იყვნენ. ერთ-ერთმა მითხრა: "სულ დავდივარ კატანიის ოპერის თეატრში, პირველად ვარ ქართულ ოპერაზე და ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, საოცრად მომეწონაო." მეორე იტალიელმა მაყურებელმა მითხრა: "აღფრთოვანებული ვარ. სიტყვები არ მყოფნის, ულამაზი მუსიკა გქონიათ ქართველებსო."

    "მუსიკის დღესასწაული", რომელსაც ასევე „მუსიკის მსოფლიო დღედ“ მოიხსენიებენ, მუსიკალური ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად, 21 ივნისს, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და საზოგადოებაში მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

    კატანიის ოპერის თეატრს "ტეატრო მასიმო ბელინი" ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის, ვინჩენცო ბელინის, პატივსაცემად დაერქვა და ის 1890 წლის 31 მაისს ბელინის შედევრით „ნორმა“ გაიხსნა. ოთხიარუსიანი ოპერის თეატრი 1200 მაყურებელზეა გათვლილი. სხვადასხვა დროს ამ თეატრში შესრულდა ბელინის ყველა ოპერა. სცენაზე გამოსულან უდიდესი მომღერლები - მარია კალასი, მონსერატ კაბალიე, ლუჩიანო პავაროტი და სხვა. 1951 წელს, კომპოზიტორის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მარია კალასმა შეასრულა ნორმას პარტია ამავე სახელწოდების ოპერაში.

    დაისზე" მუშაობა კომპოზიტორმა 1921 წელს დაიწყო, მისი პრემიერა კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 100 წლის წინ შედგა და ის კოტე მარჯანიშვილმა დადგა. „დაისის“ მთავარ გმირს სახელი ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში საქართველოს ანექსიის დროს თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილის პატივსაცემად ჰქვია. „დაისის“ შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილს ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა ვალერიან გუნიამ მიაწოდა, რომელსაც ეკუთვნის ამ ოპერის ლიბრეტო. ვ. გუნიამ გამოიყენა შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია.

    ხო ძალიან საინტერესოა, ზაქარია ფალიაშვილს რა განცდა ექნებოდა დღეს, როდესაც მისმა უკვდავმა მუსიკამ დრო და სივრცე გაკვეთა და უძველესი კულტურის მქონე იტალიის მიწაზე ახლებურად აჟღერდა.

    წყარო: პრაიმტაიმი