ცნობილი რუსი კომენტატორი და სპორტული ჟურნალისტი ალეკსეი ანდრონოვი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა. მან ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ნიდერლანდებთან მატჩის ბოლოს გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
"უბრალოდ ნახეთ ეს. გაიგეთ, რა არის ბედნიერება. გაიგეთ, რა არის ფეხბურთი. დაფიქრდით იმაზე, რომ რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ასეთ გარემოში არასოდეს უთამაშია. და სავარაუდოდ, ამას ჩვენს სიცოცხლეში ვერც მოვესწრებით. უბრალოდ შეიგნეთ ეს!!!"
ანდრონოვმა მანამდე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ქართულ ენაზეც წერს, რომ საქართველოს გაუმარჯოს: "ფეისბუქის პოლიცია წინააღმდეგია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი! ვულოცავ საქართველოს! გაუმარჯოს საქართველოს! ისე ვგულშემატკივრობ, როგორც ბავშვობაში!"