ამდენი წარმატების შემდეგ ბევრი ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა შეიცვალა და ამპარტავანი გახდა.
მის მიმართ უარყოფითი კომენტარები წამოვიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი U21 ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარებოდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ამ თემის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ბევრი მწერს წუხილს ღიად თუ პირადად და ბარემ დავწერ: მეც ვისურვებდი, რომ ხვიჩა ამ გამარჯვებისა და ზეიმის მონაწილე ყოფილიყო. მით უფრო, რომ კვარაცხელიას მასშტაბის საფეხბურთო ფიგურა მეოთხედფინალში ძალიან დაგვჭირდება. მაგრამ მისი გადაწყვეტილებისაც მესმის, რადგან არის ბევრი ნიუანსი და მათგან ნაწილზე საკუთარ წერილშიც მიუთითა. მერწმუნეთ, კვარას ახლა ყველაზე მეტად უნდა ამ ბიჭებთან ერთად იყოს, უბრალოდ საფეხბურთო სუპერ-ვარსკვლავის კარიერა, ძალიან ბევრ რთულ დეტალს გულისხმობს - ხვიჩა კი უკვე დადასტურებულად დიდი ფეხბურთელია - მხოლოდ ინდივიდუალური ტიტულებით, ამ ასაკში, ასობით ძალიან ცნობილ მოთამაშეზე მეტი მოახერხა.
ცხადია, კრიტიკას არავინ ზღუდავს, ანდა, რომც უნდოდეს, როგორ იზამს ამას - პრესას და გულშემატკივარს ანრი და ბერგკამპი არ დაუნდია თავის დროზე - თუმცა, მერწმუნეთ, ხვიჩა ოდნავაც არ გაამპარტავნებულა. აქვე, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მწვრთნელს და ფეხბურთელებს, მათ შორის განსაკუთრებით - ვინც შოტლანდიური წყალბურთიდან პირდაპირ, დაუსვენებლად შემოურთდა ახალგაზრდულ ნაკრებს და განუმეორებელი სასწაული შემოგვთავაზა,“ - წერს გიორგი კეკელიძე.