სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის მოსწავლეთა სახლებსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების დაფინანსება დაიწყო.
პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ბავშვთა მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლებსა და მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების ღირებულების ანაზღაურებას.
ბენეფიციარებს თითო სახეობის/წრის არჩევის უფლება აქვთ.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.
მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:
ა) მხატვრული კითხვა – 25 ლარი;
ბ) საგნობრივი წრეები, მუსიკალური მიმართულება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 30 ლარი;
გ) გიტარის შემსწავლელი წრე, სპორტული მიმართულება – 40 ლარი;
დ) ქორეოგრაფიული სტუდია – 50 ლარი.
როგორ უნდა ჩაერთოს პირი პროგრამაში?
მომსახურების მიღება ხორციელდება მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N6) და მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის შესაბამის რაიონულ ფილიალში განცხადებით მიმართვის საფუძველზე.