42 წლის ნათია დიაკონიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის საზოგადოების ნაწილმა ჯერ კიდევ პანდემიის დროს გაიცნო. როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა და საავადმყოფოები პაციენტებით იყო სავსე, რვა შვილის მარტოხელა დედა, კოვიდინფიცირებულებს უვიდა და გადასხმებს უსასყიდლოდ უკეთებდა.
მას ბევრჯერ დაუტოვებია შვილები და უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანებისთვის სრულიად უფასოდ უკეთებია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადასხმები.
რვა შვილის მამა ოჯახიდან 4 წლის წინ წავიდა და ამჟამად ნათიას და მის შვილებს ძალიან უჭირთ ფინანსურად. ის ახლა გადასხმების გარდა, დღიური ლუკმაპურის საშოვნელ ფულს, სახლის დალაგება-დასუფთავებით შოულობს.
"ავად ვარ, საშვილოსნო მთლიანად ამოსაკვეთი მაქვს. წამლებს და გამოკვლევას რა თანხა სჭირდებათ, კარგად იცით. ექიმებს მივახარჯე, რაც თანხა მქონდა. ამას დაემატა ისიც, რომ ბინის ქირა გამიზარდეს. ისედაც თვიდან თვემდე სასწაულებრივად ვაგროვებ ქირის თანხას. ვაკოწიწებ.
ამ ყველაფერს დაერთო ჩემი უმუშევრობა. აღარ მაქვს დღიური სამუშაო. თუ გადასხმები არ არის, დროებითი ძიძა სჭირდებათ, ბავშვის დამტოვებელი და გავრბივარ. მცირეწლოვანი ბავშვების გამო, ოფიციალურ სამსახურში ვერ ვიწყებ მუშაობას.
ჩემი ნაბოლარები - 5, 8, 10 და 12 წლისები არიან. ამიტომ საათობრივ ნახევარ განაკვეთზე სამუშაოებს ვთანხმდები. გავვარდები რამდენიმე საათით, ვიმუშავებ და უკან მოვრბივარ. ამ დროს ბავშვებს უფროსები უვლიან.
უფროსი, 25 წლის ვაჟი ქუთაისში ცხოვრობს, თავისი ოჯახი ჰყავს. 21 წლის გოგონა სტუდენტია და მუშაობს. თავისი შემოსავალი თავისთვის სჭირდება. 19 წლის ვაჟი მუშაობს. მეც მეხმარება და მასაც ხომ სჭირდება თავისი ჯიბის ფული. მეოთხე გოგონამ წელს დაამთავრა სკოლა. ბანკეტი ჰქონდა. ექსკურსიაზე წავიდნენ. ყველაფერს ხომ ვერ გამოატოვებინებ... ამიტომ ცალკე ამ ყველაფრის ვალიც მაქვს გასასტუმრებელი. ბავშვებს მას ვუტოვებ, როცა სამუშაოდ მივდივარ. დამეჩაგრა. ყველაფერს ჩამოვარჩინე, სწავლას ვერ ვაგრძელებინებ. ფაქტობრივად, ძიძად მყავს. არადა, ისეთი ნიჭიერი გოგოა, მაგრად მღერის. გული მწყდება, რომ ასე ვჩაგრავ და სახლშია ჩამჯდარი... მაგრამ რა ვქნა? ბავშვებზე რომ არ დამეხმაროს, მაშინ მე ვერსად ვერ წავალ სამუშაოდ. ახლა უნდა გასართობად წასვლა და თანატოლებთან ერთად ყოფნა. თავის მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს. პატარებს ბიჭიც იტოვებს, როცა სამსახურში არ არის." - წერს ნათია.