სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ამავე დროს, დამღლელი სეზონი ჰქონდა ხვიჩას" - რას ამბობს თენგიზ სულაქველიძე ახალგაზრდული ნაკრების წარმატებასა და კვარაცხელია-მიქაუტაძის უარზე

    “ამავე დროს, დამღლელი სეზონი ჰქონდა ხვიჩას" - რას ამბობს თენგიზ სულაქველიძე ახალგაზრდული ნაკრების წარმატებასა და კვარაცხელია-მიქაუტაძის უარზე
    10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვფიქრობთ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლის შესაფასებლად ძნელად თუ ვიპოვიდით თენგიზ სულაქველიძეზე უკეთეს რესპონდენტს. ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა უკვე კარგა ხანია, ბავშვთა ფეხბურთშია და ჩვენს თაობებს შესანიშნავად იცნობს...
    "ძალიან მაგარი შედეგი დაიდო. ხალხი სტადიონზე მასობრივად წავიდა. ფეხბურთის ბუმი იყო საქართველოში. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ბიჭებმა შეძლეს მთელი ერის გაერთიანება. ასე რომ, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნის.
    ჩვენმა ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ არავისზე ნაკლებები არ არიან და იციან ფეხბურთის თამაში. ჩვენ ურთულესი ჯგუფიდან გავედით. ყველა გრანდი იყო. ჯერ მარტო მათ შემადგენლობებს რომ გადავხედოთ, ამით ყველაფერი იქნება ნათქვამი.
    ცხადია, საქართველოს ყველა ნაკრების დიდი ქომაგი ვარ, მაგრამ ტურნირის დაწყებამდე ნამდვილად არ მეგონა, ჯგუფური ბარიერის დაძლევას თუ შევძლებდით", - გვითხრა თენგიზ სულაქველიძემ საუბრის დასაწყისში.
    მას ისიც ვკითხეთ, თუ რისი დამსახურებაა საქართველოს ნაკრების მეოთხედფინალში გასვლა:
    "ფაქტია, ჩვენ ფეხბურთში არის უკვე თაობა, რომელსაც აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი. მწვრთნელის და გუნდის ერთიანობამ განაპირობა ის, რომ ურთულესი ჯგუფი დავძლიეთ. ჩემი აზრით, რამაზ სვანაძის სახით ქართულ ფეხბურთს უკვე ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი მწვრთნელი, ვისაც დიდი მომავალი აქვს.
    საქართველოს ნაკრებს სათამაშო ორგანიზაცია უნაკლო ჰქონდა და ეს მწვრთნელის დიდი დამსახურებაა. კიდევ ერთი დეტალი - ხშირად ვუყურებ ბავშვთა ლიგის თამაშებს და იქაც კი ძალიან ემოციურები არიან მწვრთნელები. სვანაძე მთელი ტურნირის განმავლობაში უაღრესად მშვიდი და გაწონასწორებული იყო", - ამბობს ჩვენი ფეხბურთის სახელოვანი ვეტერანი.
    რა დაგვაკლდა ისრაელთან მოსაგებად? - ეს იყო ჩვენი შემდეგი კითხვა, რაზეც ბატონმა თენგიზმა ასე გვიპასუხა: "ძალიან სპეციფიკურია ნებისმიერი საპლეიოფო მატჩი და ასე იყო ამჯერადაც. ორივე ნაკრები უკნიდან თამაშობდა და ეს მოსალოდნელიც გახლდათ. რაც შეეხება 11-მეტრიანების სერიას, ეს ჩვეულებრივი ლატარეაა".
    იმ მოთამაშეების გარდა, რომლებიც ისედაც სისტემატურად თამაშობენ ეროვნულ ნაკრებში, 21-წლამდელთა ამ შემადგენლობიდან რომელი ფეხბურთელები არიან მზად ეროვნულ გუნდში სათამაშოდ? თენგიზ სულაქველიძის აზრით, ეს არის არა ერთი და ორი, არამედ, რამდენიმე ფეხბურთელი:
    "არის ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი, რომელიც აუცილებლად გააძლიერებს საქართველოს ნაკრებს. ამ ეტაპზე კი მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავარ ნაკრებში სათამაშოდ დღესვე მზას არის საბა საზონოვი. ძალიან ძლიერი და საინტერესო მცველია.
    ყველანაირი მონაცემი აქვს იმისთვის, რომ წლების განმავლობში გამოადგეს ნაკრებს. ფიზიკურად ძლიერია, თავით შესანიშნავად თამაშობს და ბურთის წართმევაც იცის, აქვს პასიც კულტურა".
    და ბოლოს, ბატონ თენგიზს ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის არყოფნაზეც ვკითხეთ. რამდენად ბევრი დააკლდა ნაკრებს მათი უარით, ეთამაშათ ევროპის ჩემპიონატზე?
    "ჩემი მხრიდან, ძნელია, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა. მხოლოდ ის შემიძლია, რომ საკუთარი აზრი დავაფიქსირო. ყველამ ვიცით, როგორი წარმატებული და, ამავე დროს, დამღლელი სეზონი ჰქონდა ხვიჩას.
    შეიძლება, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ის არ იყო ამ მომენტისთვის მზად სათამაშოდ. იგივე შემიძლია ვთქვა მიქაუტაძეზეც. პირადი მაგალითიდან გეტყვით - დიდ ნაკრებში რომ ითამაშებ, მერე ახალგაზრდულზე გადართვა რთულია. ჩემს კარიერაშიც ყოფილა ასეთი შემთხვევა".
    წყარო: ამბები.ge