სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კვლევის შედეგი გაგაკვირვებთ: რომელი ჯიშის ძაღლები გრძნობენ ტკივილს ყველაზე მეტად

    კვლევის შედეგი გაგაკვირვებთ: რომელი ჯიშის ძაღლები გრძნობენ ტკივილს ყველაზე მეტად
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ადამიანთა 90 პროცენტი, მათ შორის, ვეტერინარებიც, ფიქრობს, რომ სხვადასხვა ჯიშის ძაღლს ტკივილის მგრძნობელობის სხვადასხვა დონე აქვს. თუმცა, ამ დრომდე, ამის მხოლოდ მცირე სამეცნიერო მტკიცებულება არსებობდა.

    ძაღლის 10 სხვადასხვა ჯიშზე ჩატარებულ ახალ კვლევაში, ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ ძაღლებს ტკივილის მართლაც სხვადასხვანაირი მგრძნობელობა და ამტანობა აქვთ. საინტერესოა, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ვეტერინართა აღქმას ძაღლის ჯიშებს შორის ტკივილის მგრძნობელობის შესახებ.

    „ვეტერინარებს საკმაოდ ძლიერი კონსენსუსი აქვთ სხვადასხვა ჯიშის ძაღლებს შორის ტკივილის შეგრძნების რეიტინგებში; ეს რეიტინგები ხშირად ეწინააღმდეგება დანარჩენ საზოგადოებაში არსებულ რეიტინგებს“, — ამბობს ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოფსიქოლოგი მარგარეტ გრუენი.

    ამიტომ, როგორც ის აღნიშნავს, სურდათ, რომ გაერკვიათ, შეესაბამება თუ არა რომელიმე ასეთი რეიტინგი სიმართლეს.

    „თუკი ავიღებთ 10 სხვადასხვა ჯიშის 15 ძაღლს, რომელთა მგრძნობელობაც შეფასებულია მაღლად, საშუალოდ და დაბლად, შემდეგ კი დავტესტავთ მათი მგრძნობელობის ზღვრებს, ვიხილავთ თუ არა სხვაობებს? და თუ ვიხილავთ, იქნება თუ არა შესაბამისობაში იმასთან, რისიც ვეტერინარებს სჯერათ? ასევე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ მათი ასეთი წარმოდგენა ეფუძნება ვეტერინართან ურთიერთობისას ძაღლის ემოციურ რეაგირებას და ქცევას?“, — აღნიშნავს გრუენი.

    ჯამში, კვლევაში 149 ხვადი და ძუ ზრდასრული ძაღლი მონაწილეობდა; დააჯგუფეს იმის მიხედვით, როგორ აფასებდნენ მათ მიერ ტკივილის შეგრძნებას ვეტერინარები და ფართო საზოგადოება: მაღალი (ჩიხუახუა, გერმანული ნაგაზი, მალტეზე, ციმბირული ჰასკი); საშუალო (ბორდერ კოლი, ბოსტონ ტერიერი, ჯეკ რასელ ტერიერი; და დაბალი (გოლდენ რეტრივერი, პიტბული, ლაბრადორ რეტრივერი). მიჩნეულია, რომ ტკივილის მაღალი მგრძნობელობის მქონე ძაღლებს ტკივილის დაბალი ამტანობა აქვთ. მკვლევრებმა გადააკეთეს გარეგანი სტიმულის ის ტესტები, რომლებსაც ადამიანებზე იყენებენ და ძაღლების ტკივილის მგრძნობელობა მათ თათებზე სხვადასხვა ობიექტის დაჭერით შეამოწმეს.

    ასევე გაზომეს ემოციური რეაგირება, რისთვისაც გამოიყენეს მაიმუნის ფიტული, რომელიც მოძრაობდა და ხმაურობდა, თან ურთიერთქმედებდა ადამიანთან, რომელსაც ძაღლი არ იცნობდა.

    შედეგები ოდნავ სხვადასხვაა ტესტებს შორის, მაგრამ ჯიშებს შორის მკაფიო სხვაობა იყო ტკივილის მგრძნობელობაში, რაც შესაბამისობაშია საზოგადოებრივ აზრთან. ამავე დროს, ვეტერინართა შეხედულებები, მათი რეიტინგები ყოველთვის არ დაემთხვა შედეგებს.

    მაგალითად, მალტეზეს ჯიშის ძაღლებს ტკივილის მგრძნობელობის მაღალი ზღვარი, ანუ ტკივილის დაბალი ამტანობა აღმოაჩნდათ (სტიმულზე სწრაფად რეაგირებდნენ), როგორც ამას ვეტერინარებიც მიუთითებდნენ აქამდე.

    თუმცა, ვეტერინართა რეიტინგებში, ტკივილის მგრძნობელობის მაღალი ზღვარი აქვს ციმბირულ ჰასკისაც; მაგრამ ტესტებში ეს ძაღლები ტკივილის მგრძნობელობის რეიტინგის სადღაც შუაში აღმოჩნდნენ.

    მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ ძაღლები, რომლებიც ნაკლებად ერთვებოდნენ ემოციური რეაგირების ტესტებში, ზოგჯერ ტკივილის მგრძნობელობის ზღვარიც უფრო მაღალი ჰქონდათ; თუმცა, ასეთი ურთიერთკავშირი საბოლოოდ დადგენილი არ არის და შემდეგში კვლევებს საჭიროებს

    ამ ქცევითმა ქცევითმა სხვაობებმა შეიძლება ახსნაა
    ვეტერინართა სხვადასხვა რეიტინგები, მაგრამ არა ტკივილის ნამდვილი ამტანობა ჯიშებს შორის“, — ამბობს ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვეტერინარი ქირურგი დუნკან ლასელსი.

    მისივე განცხადებით, ეს კვლევა ამაღელვებელია, რადგან გვიჩვენებს, რომ ჯიშებს შორის არსებობს ბიოლოგიური სხვაობები ტკივილის მგრძნობელობაში. როგორც იგი აღნიშნავს, ახლა უკვე შეგვიძლია მოვძებნოთ ამ სხვაობათა ამხსნელი პოტენციური ბიოლოგიური მექანიზმი, რაც ცალკეული ჯიშების უფრო ეფექტიანად მკურნალობის საშუალებას მოგვცემს.

    მოკლედ რომ ვთქვათ, მხოლოდ ის, რომ ძაღლი ნერვიულად ან თავშეკავებულად მოქმედებს, აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ის უფრო მეტად ან ნაკლებად მგრძნობიარეა ტკივილისადმი.

    თუ ზუსტად გვეცოდინება, რატომ იტანს ზოგიერთი ძაღლი ტკივილს სხვებზე მეტად, რასაც ალბათ სამომავლო კვლევები დაადგენს, შესაძლებელი გახდება ტკივილგამაყუჩებლების უფრო ზუსტად დანიშვნა.

    კვლევა Frontiers in Pain Research-ში გამოქვეყნდა