სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს - რა უნდა ქნათ თუ ქულის გასაჩივრება დაგჭირდებათ

    ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს - რა უნდა ქნათ თუ ქულის გასაჩივრება დაგჭირდებათ
    9 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან უნდა დაიწყოს. აბიტურიენტს უფლება აქვს, რომ მიღებული ქულა გაასაჩივროს და ამისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი პროცედურა აქვს განსაზღვრული. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

    ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადების დაფიქსირების პროცედურა

    თუ აბიტურიენტი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია გააპროტესტოს ცალკეულ საგამოცდო საგანში მიღებული ქულა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში, რომელიც გამოცდების ცენტრის მიერ წინასწარ გამოქვეყნდება.

    ამ შემთხვევაში მან ელექტრონულად უნდა შეავსოს ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი.

    რას ვწერთ საჩივარში:

    განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალებების ნომრები, რომელთა შეფასებასაც აბიტურიენტი არ ეთანხმება. გასწორებისას შემოწმდება მონიშნული ტესტური დავალება მთლიანად. თუ დავალება არ არის მონიშნული, სწორდება მთლიანი ნაშრომი.

    საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის დასრულებიდან 20 დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება აისახება გამოსაცდელის პირად სარეგისტრაციო გვერდზე და შედეგის ნახვა მხოლოდ მისთვის იქნება შესაძლებელი.

    გასაჩივრების საფასური, გადახდის შესაძლო ვარიანტები და თანხის დაბრუნება:

    საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით (ერთი საგნისათვის). საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დანიშნულებაში საქართველოს მოქალაქე უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელსა და პირად ნომერს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელს, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის სერიას და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვების გარეშე).

    „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%. Mastercard-ის ბარათის გამოყენებისას – საკომისიო 0 ლარი. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით; „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი; „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი; „საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით- mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.

    იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ქულა, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში აბიტურიენტს შეუძლია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინოს განცხადება (ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით) ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე. თანხა დაბრუნდება განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, გამოსაცდელის მიერ განაცხადზე დართულ საბანკო რეკვიზიტებზე.