სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როდის „ტირიან" ძაღლები და როგორ მივხვდეთ სევდიანია

    როდის „ტირიან" ძაღლები და როგორ მივხვდეთ სევდიანია
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    აცრემლებული ძაღლის დანახვაზე მის ამ მდგომარეობას უმეტესად უარყოფით ემოციებს ვაბრალებთ ხოლმე. რეალურად, ჩვენი ოთხფეხა მეგობრები არც ტირიან და ცრემლებით არც სევდას გამოხატავენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

    კატებისა და ძუძუმწოვართა უმრავლესობის მსგავსად, თვალებში საცრემლე ჯირკვლები ძაღლებსაც აქვთ. მათ მხოლოდ თვალების გაპოხვისა თუ დაცვის ფუნქცია აქვს და არა ემოციების გამოხატვის.

    სხვათა შორის, მიჩნეულია, რომ ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელიც ემოციების ან ფიზიკური ტკივილის ზეგავლენით ტირის. ამის მიზეზი დაზუსტებული არაა, თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ ეს უფრო ფართო სოციალურ ჯგუფზე გათვლილ ემოციურ გამოხატულებად ჩამოყალიბდა.

    ცრემლიანი თვალები იმაზე არ მეტყველებს, რომ ძაღლი ემოციურ დისკომფორტს განიცდის, თუმცა ცრემლები რამდენიმე ფიზიკური პრობლემის ნიშანი მაინც შეიძლება იყოს. მათ შორის ყველაზე ხშირია: ალერგია, თვალების გაღიზიანება, მათში უცხო საგნის გაჭედვა, ინფექციის შეჭრა ან საცრემლე არხის ბლოკირება.

    მეორე მხრივ, ძაღლებში უარყოფით ემოციებზე მათი რამდენიმე ქცევა შეიძლება მიუთითებდეს.

    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ძაღლი თავს ცუდად გრძნობს, როდესაც იგი ხმებს ხშირად გამოსცემს — მაგალითად, წკმუტუნებს ან წკმუის. ზოგიერთი ცუგა მოწყენისას ნაკლებად ინტერესდება ისეთი აქტივობებით, რომლებიც მანამდე მოსწონდა, მაგალითად, სეირნობით ან თამაშით.

    მადის შემცირება, გადამეტებული ლოკვა და ძილის ცვლილებები კიდევ რამდენიმე ასეთი ნიშანია. შფოთვის ან სხვა გასაჭირში ყოფნისას ზოგიერთი ცუგა ვერ ისვენებს და გარშემო რაღაცებს აფუჭებს, მაგალითად, ავეჯს ღეჭავს.

    ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ შფოთვა და სხვა ემოციური დაავადებები ძაღლებსაც ადამიანების მსგავსად აწუხებთ. შესაძლოა, მსგავსი პრობლემების განვითარება ხასიათის 7 თვისებას უკავშირდებოდეს. ესენია: მოწყვლადობა, ენერგიულობა, დაჟინებულობა, წვრთნისას კონცენტრირებულობა, აგრესიულობა/დომინანტურობა, ადამიანის მეგობრულობა და თავად ძაღლის მეგობრულობა.

    გაითვალისწინეთ, რომ, როგორც წესი, უჩვეულო წკმუტუნი უმეტესად რაიმე ქრონიკული ემოციური პრობლემის გამოძახილი არაა. ძაღლებში მოწყენილობას ყველაზე ხშირად ცვლილებები (საცხოვრებელი გარემოს, რუტინის..) ანდა საყვარელი ადამიანის არყოფნა იწვევს. როგორც წესი, ამის თავიდან ასარიდებლად ჯანსაღი კვება, რეგულარული თამაში და ფიზიკური აქტივობაა გამოსავალი — ისევე, როგორც ადამიანებში.