სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ-რა საფრთხე ემუქრება ბავშვს, რომელსაც უფროსები ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ეფერებიან

    ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ-რა საფრთხე ემუქრება ბავშვს, რომელსაც უფროსები ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ეფერებიან
    9 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხშირად მშობლები საუბრობენ, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლები, ბებიები, ბაბუები ბავშვებს ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ამას სითბოსა და სიყვარულის გამოვლინებად თვლიან. აღნიშნავენ იმასაც, რომ შენიშვნას ვერ ეუბნებიან, რადგან ეს განაწყენებას იწვევს. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, ეკა ნინოშვილს ვკითხეთ, რატომაა მსგავსი ქმედება სახიფათო და როგორ უნდა დაიცვას მშობელმა ასეთ დროს საკუთარი შვილი:

    - გარემო, სადაც ბავშვი იზრდება, უნდა ქმნიდეს ისეთ პირობებს, სადაც მის განვითარებას მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ და დაიცავენ. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც უნდა დაფიქრდეს მშობელი არის ის, თუ რამდენად სარგებლიანი ან ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ბავშვისთვისის ესა თუ ის ქმედება. თითოეულ ადამიანს აქვს პირადი სივრცე და არსებობს ინტიმური ნაწილები, რაც სხვებისგან დაფარულია და მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას ეკუთვნის, სხვას არავის. გენიტალიებზე შეხება არ არის რეკომენდებული, რადგანაც ეს არის ეროგენული ზონები, რომელთა გაღიზიანება ფიზიოლოგიურ რეაქციებს იწვევს და შესაბამისად, გარკვეულ სიამოვნებასთანაა დაკავშირებული. როდესაც ეროგენული ზონების გაღიზინება ხშირად ხდება, თუნდაც კოცნით, მოფერებით და ასე შემდეგ, ჩნდება საფრთხე, რადგან შესაძლოა ამაზე ფიქსაცია მოხდეს.
    ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგჯერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევებში, თავიდან მოფერებას აქვს თამაშის სახე - თამაშის, რომელიც სიამოვნებასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ბავშვი რომ დაცული იყოს, ზუსტად უნდა ვასწავლოთ და ვესაუბროთ ამის შესახებ. მოდი განვიხილოთ ასეთი შემთხვევა, იმისთვის, რომ ბავშვი არ გაცივდეს, ვასწავლით, თბილად ჩაცმას, იმისთვის, რომ ხელი არ დაიწვას, ვეუბნებით, რომ ცხელია და არ შეეხოს. ასევეა ინტიმურ ზონებთან დაკავშირებით, ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ და ვესაუბროთ ამ საკითხზე, იმაზე, რომ არის სხეულის გარკვეული ნაწილები, რომლებიც მხოლოდ ჩვენია, სხვას არავის აქვს შეხების უფლება. ვიდრე ბავშვი პატარაა, მშობლის ფუნქციაა, თვითონ დააწესოს ეს საზღვრები, მშობელმა უნდა აუხსნას სხვა ადამიანებს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ბებია იქნება, ბაბუა თუ ნათესავი, რომ ეს არ შეიძლება. თავად მშობელმაც უნდა აარიდოს თავი შვილის გენიტალიებზე მოფერებას და აქტიურ შეხებას, თუნდაც ბანაობის პროცესში. როდესაც ის ხედავს, რომ ბავშვებთან ეს საზღვრები ირღვევა, მიმართოს აკრძალვას. რაც შეეხება სხეულის აღქმას, ბავშვს საკუთარ სხეულთან ურთიერთობა უკვე ადრეული ასაკიდან უნდა ვასწავლოთ. არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს ტაბუირებული თემაა. ბუნებრივია, რომ ყველა ჩვენგანს აქვს გენიტალიები. ამიტომ, ბავშვს, რომელსაც ვასწავლით რა ჰქვია სხეულის სხვადასხვა ნაწილს, მაგალითად, ცხვირს, ხელს და ასე შემდეგ, ისევე უნდა ვასწავლოთ ინტიმური ადგილების დასახელება.
    - მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ უფროსებს, დედამთილს, მამამთილს, ვერ ეუბნებიან შენიშვნას. როგორი უნდა იყოს სწორი კომუნიკაცია?
    - ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელი სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს. როდესაც მშობელი ხედავს, რომ ვადაგასულ ან საფრთხისშემცველ პროდუქციას აჭმევენ მის შვილს, რას გააკეთებს? დაიცავს. იმის გამო, რომ შენიშვნის მიცემა გვერიდება, უნდა მივცეთ საშუალება, რომ ბავშვმა ტოქსიკური, ზიანის მომტანი საკვები მიიღოს? არსებობს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც შეიძლება ბავშვის განვითარებისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს და შესაბამისად, ამ დროს მშობელმა, არჩევანი უნდა გააკეთოს - დაიცვას შვილის ინტერესები თუ სხვა ადამიანის განაწყენებას მოერიდოს. რა პრიორიტეტს აირჩევს, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული.
    - რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა მშობლებისთვის?
    - პირველ რიგში, როდესაც ხედავთ, რომ თქვენი შვილის ინტერესები ირღვევა, დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს - რისი შეცვლა შეგიძლიათ ამ სიტუაციაში? თქვენი რეაგირებით, უკუკავშირით სწავლობენ ბავშვები საკუთარი თავისა და საზღვრების დაცვას. მე, როგორც მშობელმა, თუ ეს მაგალითი არ ვაჩვენე, ფაქტობრივად, ვწირავ ჩემს შვილს იმისთვის, რომ შესაძლოა, მომავალში მანაც საკუთარ ინტერესებზე თქვას უარი, ვეღარ შეძლოს საკუთარი პოზიციისა და საზღვრების დაცვა. როგორც წესი, არც ბებიასა და ბაბუას სურს, რომ ბავშვის განვითარებისთვის და მისი კეთილდღეობისთვის არასასურველი ან დამაზიანებელი გარემო შექმნან, ამიტომ მსგავს სიტუაციებში კონკრეტულ საკითხზე შეთანხმება ახსნით, სწორი კომუნიკაციით უნდა მოვახერხოთ. თუ მშობელი დაინახავს, რომ მსგავს ფორმატს შედეგი არ მოაქვს, ამის შემდეგ უფრო მკაფიო და მკაცრი საზღვრების დაწესება მოუწევს, რათა ბავშვი იყოს დაცული, ეს კი ყველა მშობლის უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს.

    თამარ იაკობაშვილი