UFC-ის სუპერმსუბუქ წონას, შონ ო’მალის სახით, ახალი ჩემპიონი ჰყავს. "შაქარმა“ მერაბ დვალიშვილის მეგობარი, ალჯამაინ სტერლინგი UFC 292-ზე მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
აქამდე რეიტინგის პირველი ნომერი ჩვენებური დვალიშვილი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მისმა მეგობარმა, ალჯამაინ სტერლინგმა ტიტული დაკარგა, ის (სტერლინგი) გადავიდა პირველ ადგილზე, ხოლო მერაბი მეორეზე ჩამოქვეითდა.
დვალიშვილი სატიტულე ორთაბრძოლის კანდიდატი იყო, თუმცა ახალ უკვე უცნობია საერთოდ იბრძოლებს თუ არა, ან როდის იბრძოლებს UFC-ის ოქროზე.
მას და ალჯოს შეთანხმება ჰქონდათ, რომ ერთმანეთთან არასდროს იბრძოლებდნენ. სტერლინგი ო’მალისთან გამარჯვების შემთხვევაში, ნახევრადმსუბუქ წონით კატეგორიაში ავიდოდა და ამ წონის ჩემპიონს, ალექსანდ ვოლკანოვკის შეხვდებოდა, თუ ასეთი სცენარი განვითარდებოდა, მერაბ დვალიშვილს ტიტულისთვის ბრძოლის შანსი მიეცემოდა, თუმცა ასე არ მოხდა და სტერლინგი ო'მალისთან დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ორგანიზაციის ბოსმა, დანა უაითმა მერაბსა და ალჯოს ერთმანეთში ბრძოლა შესთავაზა, თუმცა მათ უარი უთხრეს.
განსაკუთრებული წინააღმდეგი იყო ქართველი მებრძოლი. როგორც ჩანს, უაითი უკმაყოფილო დარჩა მერაბის ამ გადაწვყეტილებით. იშვიათად, მაგრამ მაინც იყო შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს ნაცნობები, ან მეგობრები ხვდებოდნენ ხოლმე. თუმცა უაითი ამ ყველაფერს როგორც ბიზნესს ისე უყურებს, ამიტომ არ ესმოდა, რატომ ამბობდნენ ერთმანეთთან ბრძოლაზე უარს დვალიშვილი და სტერლინგი.
ნაცვლად მერაბისა, ტიტულზე გაბრძოლების შანსი უაითმა თავის ერთ-ერთ საყვარელ მებრძოლს შონ ო’მალის მისცა, რომელიც რეიტინგში ხუთეულშიც კი არ იყო. ო’მალიმ ბოსის საჩუქარი და შესაძლებლობა გამოიყენა და გაჩემპიონდა კიდეც. გამარჯვების შემდეგ, მან არა დვალიშვილი, რომელიც იმ მომენტში პირველი იყო, არამედ, რეიტინგის მეხუთე ნომერი, მარლონ "ჩიტო“ ვერა გამოიწვია. სხვათა შორის "ჩიტო“ ერთადერთი მებრძოლია, რომელმაც ო’მალი დაამარცხა, ასე რომ, მათ ადრინდელი ანგარიშები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ვერა ხუთეულშიც არ არის, დანა უაითს ამ ბრძოლის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
პრესკონფერენციაზე ალჯომაც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ დაუყონებლივ რემატჩი სურს და მისი თქმით, ეს დაიმსახურა. მერაბ დვალიშვილზე არც მას, არც ო’მალის და არც უაითს კომენტარი არ გაუკეთებიათ, როგორც ჩანს, დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა სატიტულო არ იქნება.
თავად მერაბმა განაცხადა, რომ ტიტულზე ალჯომ უნდა იბრძოლოს და თუ საჭირო გახდება, 1 წელსაც მოიცდის. ქართველ გულშემატკივართა ნაწილში ამ განცხადებამ გაღიზიანება გამოიწვია და შესაძლოა, სამართლიანადაც. მერაბმა ისედაც დიდი ხანი იცადა, ახლა კი კვლავ გადაედო სატიტულო ბრძოლა და მოცდა მოუწევს. ამ შემთხვევაში, ალჯოს შეუძლია უფრო კეთილსინდისიერად მოიქცეს და თავად დაუთმოს გზა მერაბს, ანუ უარი თქვას რემატჩზე. თუმცა ჯერჯერობით, მსგავსი არაფერია.
კითხვას თუ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ალჯოს და ო'მალის რემატჩი გაიწელება, მერაბი ასე პასუხობს:
"გააჩნია რამდენ ხანს გაიწელება. ალბათ ო'მალის სხვა ბრძოლას დაუნიშნავენ და მე ვარ პირველი კანდიდატი, ეს ბრძოლა ჩემთან უნდა იყოს, მზად ვარ, მზად შევხვდები, ო'მალის ამ შემთხვევაში ჩემთან მოუწევს ბრძოლა. რა თქმა უნდა, UFC-მაც უნდა დანიშნოს ეს ბრძოლა. არ ვიცი როგორ უნდა დაბოლოკონ იმიტომ რომ მე ვიმსახურებ ყველაზე მეტად. ეს იქნება დაჩაგვრა, თუ მე ბრძოლა არ მომცეს. ეს იქნება უსამართლობა", - ამბობს მერაბი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ქართველი მებრძოლი მოცდას აპირებს.
UFC ცოცხალი ორგანიზაციაა, რომლის ბოსი კიდევ უფრო დინამიური და ვერავის ვერ დაუცდიან. დივიზიონში სხვა კონტენდერებიც არიან, მათ შორის უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც ხაბიბ ნურამგომედოვის გზის გამგრძელებელია. უმარს ნაცნობები და კონტაქტები ჰყავს, რომლებიც სატიტულო ბრძოლამდე 2-3 ბრძოლაში გაიყვანენ. არავინ იცის სიტუაცია როგორ გადალაგდება, ამ ეტაპზე, მერაბი, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს ოქრისთვის ბრძოლას, ყველაზე მეტად რჩება ჩრდილში. ქართველი გულშემატკივარი სხვადასხვა სოციალურ ქსელებში აქტიურად მოუწოდებს მას, რომ ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს და მოითხოვოს ჩემპიონთან ბრძოლა. თუმცა...
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ დვალიშვილს აბსოლუტურად ყველა უნარი აქვს, რომ ჩემპიონი დაამარცხოს, ის პირდაპირ ო’მალის ანტისტილია. მოკლედ, მერაბს სულ რაღაც ერთი ნაბიჯი აშორებს, რომ UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდეს და იმედია, ამ ნაბიჯს თამად და დროულად გადადგამს.
ავტორი: ანრი კურტანიძე
წყარო: Ambebi.ge