თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში, საბავშვო ატრაქციონები არასწორად დამონტაჟდა, საზოგადოების დეზინფორმაციას ისახავს მიზნად.
უწყება ამბობს, რომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აღნიშნული საბავშვო ატრაქციონები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით დაამონტაჟა.
"აღნიშნულ სასრიალოს აქვს „EN 1176“ სერტიფიკატი და სამიდან 12 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი. „EN 1176“მ რეგულაცია ევროკავშირის ქვეყნების მიერ აღიარებული სტანდარტია, სათამაშო მოედნებისა და სათამაშო აღჭურვილობისათვის. იგი განსაზღვრავს უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს და ტესტირების პროცედურებს სათამაშო მოედნების აღჭურვილობებისთვის. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნებისმიერი ინფორმაცია მერიის შესაბამის სამსახურთან გადაამოწმონ", - წერია განცხადებაში.