სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სექტემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი - რომელი დღეები იქნება განსაკუთრებით დაძაბული

    სექტემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი - რომელი დღეები იქნება განსაკუთრებით დაძაბული
    8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ასტროლოგი რამაზ გიგაური ფეისბუკის პირად გვერდზე სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    * 23 სექტემბერი > მზე სასწორის ზოდიაქოში
    რეტროგრადული პლანეტები:
    * 4 სექტემბერი > ვენერას რეტროგრადული ფაზის დასრულება
    * 4 სექტემბერი < იუპიტერის რეტროგრადულად მოძრაობის დაწყება (2023 წლის 31 დეკემბრამდე)
    * 16 სექტემბერი > მერკურის რეტროგრადული ფაზის დასრულება
    * სექტემბერში ასევე რეტროგრადულია: მერკური (15 სექტემბრის ჩათვლით), სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი.
    * ახალმთვარეობა - 15 სექტემბერს (5:40 საათზე).
    * სავსემთვარეობა - 29 სექტემბერს (13:58 საათზე)

    დაძაბული დღეები: 18, 19, 29

    ჰარმონიული დღეები: 4, 8, 15, 21, 25, 30

    სექტემბერი - ეს იქნება თვე, როდესაც შესაძლებელი გახდება ბოლო 1,5-2 თვეში დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ბევრი თემა უფრო ნათელი, ხოლო პერსპექტივები - მკაფიო გახდება. ყველა ბუნდოვანი, საეჭვო და ორაზროვანი საკითხი, რომელიც ურთიერთობებს ეხება, შედარებით დარეგულირდება. ბევრი ადამიანი ფეხქვეშ მყარ ნიადაგს იგრძნობს და დადებითი ცვლილებების განხორციელების შანსი მიეცემა.
    ეს თვე საშუალებას იძლევა, რომ ბევრი რამ გავიგოთ, გავარკვიოთ და გავაცნობიეროთ. უფრო მეტიც, საშუალება მოგვეცემა, რომ ახალ გარემოებებთან ადაპტაცია შევძლოთ და გარემოებებს უმტკივნეულოდ მოვერგოთ. ამ ყველაფერში ტაქტიანი და მოქნილი მოქმედებები დაგვეხმარება.

    თითქმის მთელი სექტემბრის განმავლობაში ძლიერად გამოხატული იქნება მიწის სტიქიის გავლენა, რაც გააძლიერებს პრაქტიკულობას და პრაგმატულობას. ადამიანების მიდგომები უფრო კონკრეტული და რეალისტური გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მკვეთრად მოიმატებს შეცდომების დაშვების ალბათობა. რაციონალიზმი მკვეთრად აჯობებს ირაციონალიზმს და რეალური - ირეალურს. ფანტაზია მოითხოვს მყარ, პრაქტიკულ, ადეკვატურ გეგმებს, რათა ეს ფანტაზია ილუზიაში არ გადაიზარდოს.

    სექტემბრის პირველ და მეორე დეკადაში შესაძლებელი გახდება ბევრი რამის დალაგება და მოწესრიგება. ეს პერიოდი განსაკუთრებით საინტერესო იქნება პერფექციონისტი და ობსესიური ტიპებისთვის, რადგან ისინი შეძლებენ ბევრი რამის დალაგებას და მოწესრიგებას (როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ დონეზე).
    სექტემბრის განმავლობაში სჯობს უფრო მეტად გამოცდილ, ლოგიკურ და საიმედო ადამიანებს დავეყრდნოთ, ეს შესაძლო შეცდომებისგან მაქსიმალურად დაგვაზღვევს. ახალგაცნობილ ან ისტერიული ტიპებზე დაყრდნობამ სახიფათო თუ არა, შესაძლოა რთული სიტუაცია შექმნას. არ არის რეკომენდებული გაუაზრებელ რისკზე წასვლა.
    4 სექტემბრიდან ვენერა დაასრულებს რეტროგრადულ ფაზას და დირექტიულად დაიწყებს მოძრაობას. ეს სერიოზულ შვებას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებსაც ბოლო 1-1,5 თვის განმავლობაში პირად ცხოვრებაში, სასიყვარულო ურთიერთობებში პრობლემები შეექმნათ. ამ მიმართულებით ბევრი ადამიანი დაასრულებს ძებნას და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაც გაუადვილდება.

    თუმცა 4 სექტემბერს რეტროგრადული გახდება წარმატების მომტანი პლანეტა - იუპიტერი. ეს გარკვეულწილად დაამუხრუჭებს სოციალურ ურთიერთობებს, მსხვილმასშტაბიან პროექტებს და უცხოეთთან დაკავშირებულ საკითხებს. ამიტომ, ამბიციის მიუხედავად, სასურველია, რომ დიდი პროექტი რამდენიმე ნაწილად დაიყოს და ეტაპობრივად მოხდეს მისი დასრულება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 4-9 სექტემბრის პერიოდში მაინც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკების წარმატებულად წარმართვა თუ დასრულება.

    მით უმეტეს, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ამ ყველაფრის ალბათობა კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან მერკური ასევე დაასრულებს რეტროგრადულ ფაზას. ასე რომ, ამ კუთხით სექტემბერი პირობითად შესაძლებელია ორ ნაწილად გავყოთ - 1-15 სექტემბერში შესაძლებელი იქნება იდეებისა თუ საქმეების კორექტირება, რეორგანიზება და მომზადება, ხოლო 15-30 სექტემბრის შუალედში შესაძლებელი გახდება ამ იდეების კონკრეტულად პროექტებად გარდაქმნა და რეალიზაცია.

    მით უმეტეს, რომ 15 სექტემბერს დაფიქსირდება ახალმთვარეობა, რაც ამ თვის სიმბოლურად შუაზე გაყოფის დამატებითი ასტროლოგიური ფაქტორი გახდება. 14-16 სექტემბრის შუალედი არა მხოლოდ შეაჯამებს ბოლო ერთთვიან ციკლს, არამედ შესაძლოა მთელი ზაფხულის ერთგვარ დამასრულებელ წერტილადაც კი იქცეს.
    სექტემბრის შედარებით რთულ დღეებად 17-21 სექტემბრის შუალედი შეიძლება მოვიაზროთ. ეს იქნება მზე-ნეპტუნის ოპოზიცია, რომელიც გავლენას მოახდენს ბუნდოვან სიტუაციებზე. ამ დღეებში მაღალი იქნება მოტყუებისა და ცდუნების ალბათობა. არ არის გამორიცხული ამინდის სწრაფად მკვეთრი გაუარესებაც (ეს განსაკუთრებით წყალდიდობებს და მსგავს მეტეოროლოგიურ მოვლენებს ეხება).

    23 სექტემბრიდან მზე სასწორის ნიშანში გადაინაცვლებს და კიდევ უფრო აქტუალური გახდება ურთიერთობებში ტაქტისა და დიპლომატიის მოყენება. ბევრი საკამათო საკითხი ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს შორის შესაძლოა შეთანხმებით დასრულდეს. თუმცა 25-30 სექტემბრის შუალედში ვენერა-ურანის კვადრატი პირად ცხოვრებაში განხეთქილების ალბათობას გაზრდის. ამიტომ ის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც 4-5 სექტემბრის შემდეგ დარეგულირდება, დაუფიქრებელი და იმპულსური გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა სექტემბრის ბოლოსკენ ისევ აირიოს.

    ამიტომ სექტემბრის ბოლოს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სასიყვარულო პარტნიორთან არც თუ კარგად აქვს საქმე, მაქსიმალური თავშეკავება და სიყვარულის გამოვლენა მართებს. თუმცა სექტემბრის ბოლო სასიკეთო იქნება მოგზაურობისთვის, ახალი შენაძენებისთვის და ფინანსური შემოსავლების გაზრდისთვის.