სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ გავუმარტივოთ შვილებს სკოლაში სწავლა და პროგრამის დაძლევა - რჩევები

    როგორ გავუმარტივოთ შვილებს სკოლაში სწავლა და პროგრამის დაძლევა - რჩევები
    8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბავშვის სკოლაში შესვლა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება ძალიან სტრესულია როგორც მისთვის, ასევე მშობლისთვის.

    გიზიარებთ რჩევებს, რომელთა დახმარებითაც ბავშვებს სკოლაში სწავლა და პროგრამის დაძლევა გაუმარტივდებათ:

    ყურადღებისა და კონცენტრაციის განვითარება
    ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარი დროთა განმავლობაში გამომუშავდება. ძალიან მნიშვნელოვანია, ასწავლოთ ბავშვებს, რომ ბოლომდე მიიყვანონ ის, რაც დაიწყეს, შუა გზაში არასოდეს მიატოვონ და გააკეთონ ის, რაც შეუძლიათ. მაგალითად, სთხოვეთ, რომ დაასრულოს სათამაშოების გაწმენდა და დალაგება.

    მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის უნარი
    ლოგიკური აზროვნების განვითარების მთავარი გზა შვილთან საუბარია. წიგნის კითხვისას განიხილეთ, რა მოხდა და რატომ, დარწმუნდით, რომ ბავშვს ესმის ამბის ლოგიკა. იგივე შეიძლება გაკეთდეს ფილმების/მულტფილმების ყურებისას და დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენების განხილვისას. გარდა ამისა, არსებობს უამრავი დავალება, რომლებითაც შეგიძლიათ, ბავშვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები აჩვენოთ, განიხილოთ, რა რის შემდეგ უნდა გააკეთოს. ეს უნარი მას სკოლაში პროგრამის ათვისებაში ძალიან გამოადგება.

    აზრების გამოხატვისა და კითხვების დასმის უნარი
    მეტყველება ბევრი კითხვითა და საუბრით ვითარდება. ამიტომაც, პატარა ასაკიდანვე, მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა, საკუთარი აზრი გამოხატოს, თქვას, რა მოსწონს ან არ მოსწონს. ახსნას ფაქტები, დასვას ბევრი შეკითხვა და მოიძიოს პასუხები.

    დამახსოვრების უნარი
    შეეცადეთ, ბავშვს შესთავაზოთ სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც მას მეხსიერების განვითარებაში დაეხმარება. მაგალითად, მოგზაურობებისას სთხოვეთ, დაიმახსოვროს ადგილები, სად იყავით, რა წაიკითხა, ვინ იყვნენ მთავარი გმირები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, პატარა აქტივობა შესთავაზოთ: მაგალითად, აჩვენეთ 10 ნივთი, სთხოვეთ, რომ დაიმახსოვროს, შემდეგ ერთი ელემენტი ამოიღეთ. მან უნდა გამოიცნოს, რომელი ნივთი ამოიღეთ. მსგავსი აქტივობები ბავშვის მეხსიერებას აუმჯობესებს და უფრო სხარტს ხდის.

    განზოგადების უნარი
    ბავშვს გარკვეული მოვლენებისა და ფაქტების განზოგადება უნდა შეეძლოს, რომ შემდეგ სასკოლო პროგრამასაც ადვილად აუწყოს ფეხი. მაგალითად, კლასიფიკაციის მიხედვით გადაალაგებინეთ, ხილი, ბოსტნეული, შემდეგ კი სთხოვეთ, მათგან სამკუთხედის, წრის, ან სხვა გეომეტრიული ფიგურის მსგავსი ნივთები ერთად გადააწყოს, ფერის და ზომის განურჩევლად.

    ინსტრუქციების შესრულების უნარი
    ბავშვი მცირე ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს, რომ გარკვეული წესებისა და ინსტრუქციების შესრულება მოუწევს. მაგალითად, სთხოვეთ განრიგი დაიცვას, პირობითად, ჯერ საკუთარი ოთახი მოაწესრიგოს, შემდეგ სათამაშოებს მიხედოს, შემდეგ რაღაც წაიკითხოს. ამ გზით, მისთვის უცხო აღარ იქნება, მასწავლებელი სხვადასხვა ინსტრუქციის შესრულებას რომ სთხოვს.

    მოტორული უნარები
    ხატვა, ძერწვა, ქარგვა, კერვა, თიხაზე მუშაობა მოტორული უნარების განვითარებისთვის შესანიშნავი საშუალებაა. ამიტომ, ჩართეთ თქვენი შვილი მსგავს აქტივობებში და მიეცით შემოქმედებითი თავისუფლება. ეს ყველაფერი ავარჯიშებს ხელებს და ბავშვი სკოლისთვის, დავალებების დასაწერად ირიბად უკვე ემზადება.

    სწავლის სურვილი
    ბავშვები ბუნებით ცნობისმოყვარეები არიან და სურთ, ყველაფერი იცოდნენ. წაახალისეთ მათი ცნობისმოყვარეობა, ექსპერიმენტების, ახლის აღმოჩენის სურვილი.

    რაც მთავარია, არ შეაშინოთ ბავშვი, რომ სკოლაში სწავლა რთული იქნება, მაგრამ, ამავდროულად, აუხსენით, რომ საკითხს სერიოზულად უნდა მოეკიდოს. ეთამაშეთ სკოლობანა, მასწავლებლობანა და მისთვის ეს მოდელი უცხო აღარ იქნება.