სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ქართული მისთვის ჩვეულებრივი სამეტყველო ენა იყო..” - ამბავი პუტინზე, რომელიც გაგაოცებთ

    "ქართული მისთვის ჩვეულებრივი სამეტყველო ენა იყო..” - ამბავი პუტინზე, რომელიც გაგაოცებთ
    2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ამბავი პუტინზე, რომელიც გაგაოცებთ.

    პოლონელი ჟურნალისტი და მწერალი კრისტინა­ კურჩაბ-რედლიხი არაერთი წიგნის "Вова, Володя, Владимир. Тайны России Путина" (რომელიც პოლონეთში ბესტსელერად იქცა), მათ შორის ჩეჩნეთის ომზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორია, ერთ-ერთი პირველია, რომელიც პუტინის საქართველოში გატარებულ ბავშვობაზე მტკიცებით ფორმაში საუბრობს. 2005 წელს ის ჟურნალისტური საქმიანობისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს. "კვირის პალიტრა" მას ვარშავაში დაუკავშირდა:

    - ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დამდეგს ამის შესახებ ერთ-ერთმა ქართულმა მედიამ მოამზადა სტატია (ცნობისთვის: ქალზე, რომელიც თავს პუტინის დედად მიიჩნევდა, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა მარინა ბაბუნაშვილმა 2001 წელს ვრცელი ინტერვიუ მოამზადა, სადაც მოხუცი თავის ისტორიას დეტალურად გვიამბობდა), რომლის ამონარიდები, თემისადმი ცხოველი ინტერესის გამო რუსულ მედიაშიც გავრცელდა. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გაზეთ "Совершенно секретно-ს" დამფუძნებელი, შესანიშნავი ჟურნალისტი არტემ ბოროვიკი, კომპანია "Альянс"-ის წარმომადგენელ ზია ბაჟაევსა და კიდევ შვიდ კაცთან ერთად კერძო თვითმფრინავ Як-40-ით საქართველოში ვლადიმირ პუტინის დედასთან შესახვედრად აპირებდნენ გამოფრენას, მაგრამ თვითმფრინავი შერემეტიევოს აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა. ავიაკატასტროფას ეკიპაჟის ყველა წევრი ემსხვერპლა. ოფიციალურად მას ტრაგიკული შემთხვევა უწოდეს, თუმცა მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რადგან ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც ბოროვიკი საქართველოში მოფრინავდა. საინტერესო ის იყო, რომ მან პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატის ბავშვობის ამსახველი დოკუმენტური მასალა ვერ იპოვა, საქართველოში კი იმიტომ მიდიოდა, რომ მის ბიოლოგიურ დედაზე ინფორმაცია ჰქონდა. თვითმფრინავის აფეთქების საქმის გამოძიება 15 თვეზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ პილოტის დანაშაულის გარდა, სხვა პრობლემა ვერ გამოიკვეთა და საქმე დაიხურა.

    2000 წლის 25 აპრილს, მაშინ, როცა პუტინი უკვე პრეზიდენტი იყო, ბოროვიკი და ბაჟაევი კი დაკრძალული, არტემ ბოროვიკის გაზეთმა "Версия"-მ მაინც დაბეჭდა სტატია პუტინის საქართველოში გატარებულ პერიოდზე სათაურით "Генацвале Путин", თუმცა იმ დროისთვის მას პოლიტიკური სიმწვავე დაკარგული ჰქონდა, თან ეს იყო მხოლოდ ვერსია.

    იმავდროულად, გაირკვა, რომ მეტეხში, სადაც არსებული ინფორმაციით, პუტინმა ბავშვობა გაატარა, ვიღაც ჩინოვნიკები გამოჩნდნენ, რომლებიც მის შესახებ ცნობებს აგროვებდნენ და ვერა პუტინას სახლიდან გააქრეს მისი შვილის ბავშვობის ფოტოები, კითხვებს უსვამდნენ მის გარემოცვასაც, "პატარა ვოვაზე" რამე იცოდნენ თუ არა, ან ფოტოებს ხომ არ ინახავდნენ.

    ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, დენი თითქმის არ იყო, ინფორმაცია იოლად ვერ ვრცელდებოდა და ბევრი რამ დაიკარგა, მაგრამ ბევრს ახსოვდა პატარა ბიჭი ვოვა, რომელიც ამ სოფელში იზრდებოდა. მას შემდეგ იმ სოფლით, ოჯახითა და ვერა პუტინათი დაინტერესება გაიზარდა და ჟურნალისტების ვიზიტებიც გახშირდა. პარალელურად ოჯახს ხშირად "სტუმრობდნენ" რუსეთის საიდუმლო უწყების თანამშრომლები და აფრთხილებდნენ, ემუქრებოდნენ, რომ ამ თემაზე არავისთან ელაპარაკათ, თორემ პრობლემები შეექმნებოდათ.

    - ფიქრობთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ სოფელ მეტეხში?

    - დიახ, ФСБ-ს თანამშრომლები. ფაქტია, სკოლიდან გაქრა პუტინის საბუთები, ახლობლებს ჩამოართვეს ფოტოები. მეტეხელებმა მისი ხსენება შეწყვიტეს, პატარა ვოვას მძიმე ბავშვობაზე მხოლოდ პირად საუბრებში ლაპარაკობდნენ. როცა პუტინმა საპრეზიდენტო კამპანია წამოიწყო, რუსეთის პოლიტელიტამ მოსახლეობას პეტერბურგის ელიტურ გარემოცვაში აღზრდილი კადრი შესთავაზა, ზედმეტი, არასასიამოვნო წარსულის გახსენება კი თავსატეხი იქნებოდა.