სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია, ჩვენი წასვლა გარდაუვალია" - შატილის კოშკში მცხოვრები წყვილი ემიგრაციაში მიდის

    "აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია, ჩვენი წასვლა გარდაუვალია" - შატილის კოშკში მცხოვრები წყვილი ემიგრაციაში მიდის
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მარგარეტ დაიაურს და გიორგი ჭინჭარაულს შატილში დარჩენა აღარ სურთ. ახლად შეუღლებული წყვილი გეგმავს, რომ ემიგრაციაში წავიდნენ.

    ცოტახნის წინ წყვილმა თბილისიდან გეზი მშობლიურ ხევსურეთში აიღეს და კოშკში დასახლდნენ. ძველ კოშკში ნაშენ ახალ ბუდეში მომავალი დასახეს. სამწუხაროა, მაგრამ ეს არ გამოვიდა, რადგან შატილში საცხოვრებელი პირობები არ არის. ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდებათ, არ ჰყავთ ექიმი, არ არის მედიკამენტები, ზამთარში - პროდუქტი... და ამ სავალალო რეალობას ამძაფრებს ისიც, რომ მარგარეტისა და გიორგის ოცნებების მსგავსად, ხევსურული კოშკებიც დანგრევის პირასაა. რესტავრირებას საჭიროებს.

    " ჩემი ბავშვობის ყველაზე კარგი მოგონებები ხევსურეთთან ასოცირდებოდა. ყველაზე გამორჩეული ჩემთვის ჩემი კუთხე იყო, თავისი ადათებითა თუ გარემოთი. ამიტომ ვიცოდი, რომ განათლების მიღების შემდეგ, იქ დავსახლდებოდი. შატილში მასწავლებლად ოთხი წლის წინ ჩამოვედი. შვიდი თვე რომ გზა არ იყო და ჩაკეტილები იყვნენ, გაჩნდა მასწავლებლის დეფიციტი. ხელოვნების კვალიფიციური მასწავლებელი არ ჰყავდათ. ამიტომ გადაწყვიტე, ჩამოვსულიყავი და ეს დანაკარგი შემევსო.

    ჩემი გადაწყვეტილება ჩემი ოჯახისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მე აკადემიაში სწავლის დროს, მუდმივად იმაზე ვლაპარაკობდი, რომ მოვიდოდა დრო და ხევსურეთში აუცილებლად დავბრუნდებოდი.

    წარმოშობით მუცოდან ვარ. არდადეგებს კარწაულთაში, დედის სოფელში ვატარებდი. მე კი ჩემს კუთხეში ავირჩიე ის რეგიონი, სადაც მასწავლებლის კუთხით რთული ვითარება იყო.

    თავიდან საოჯახო სასტუმროში ვიცხოვრე, შემდეგ კოშკში გადმოვედი. საცხოვრებლად კოშკში გადასვლა მარტივი თემა არ არის. ხევსური თუ არ ხარ, ხევსურულ კოშკში ვერ იცხოვრებ. როგორც მარგარეტი მიყვება, ამ საკითხში გიორგი დაეხმარა. შატილში კოშკები ჭინჭარაულების საკუთრებაში ყოფილა. ბედმა კი ჭინჭარაულიც გააჩინა მის ცხოვრებაში.

    გიორგის სოციალური ქსელიდან ვიცნობდი. პირადად კი სამების საკათედრო ტაძარში შევხვდი, ხევსურების შეკრებაზე. შემდეგ როცა გაიგო, რომ შატილში მასწავლებლად მივდიოდი, დამიკავშირდა და დამაკვალიანა.

    რადგან ხევსური ვარ, ყველა აქაურ სოფელში ნათესავები მყავს და თან მასწავლებელი ვარ, ხელი შემიწყეს და შატილის კოშკში დასახლების ნება დამრთეს. არა ხევსური კოშკში ვერ დასახლდება. სხვა გვარისას არ მიჰყიდიან სახლს, კოშკს...

    მოკლედ, გიორგის კოშკში დავსახლდი. მას რამდენიმე კოშკი აქვს, ერთი მე დამითმო. მერე ჩემი და გიორგის ურთიერთობა ისე აეწყო, რომ ოჯახი შევქმენით. ეს იყო ერთი წლის წინ. გვინდოდა, ტრადიციულთან ერთად თანამედროვე ქორწილი გვქონოდა, მაგრამ პანდემიის პერიოდს დაემთხვა და იუსტიციის სახლში ხელი ჩვეულებრივ მოვაწერეთ. თუმცა ქორწილი შატილში მაინც გვექნება.

    შარშან კაფე გავხსენით სახელწოდებით Sunflowers. სოციალურ ქსელში ვაქტიურობდი, რომ საზოგადოებისთვის ეს სივრცე გამეცნო. ზოგადად, შატილის პოპულარიზაციას ვეწეოდი. მინდოდა, ბევრ ადამიანს გაეგო ამ ადგილის შესახებ.

    კაფეში ყველაფერს ჩვენ თვითონ ვაკეთებდით. დამხმარე არ გვყოლია. დიდი მენიუ გვქონდა, რომელშიც ხინკალი და ტრადიციული კერძები არ შედიოდა. ვამზადებდით მარტივ კერძებს, სალათებს, შემწვარ კარტოფილს, წვენს, ყავას... სწრაფად მოსამზადებელს... ორი ადამიანისთვის რთული იყო ყველაფრის კეთება.

    გვეგონა, რომ ბიზნესს განვავითარებდით, თუმცა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ გეგმაზე უარის თქმა მოგვიხდა. იყო წყალდიდობა, გზის პრობლემა, წელიწად-ნახევარია ელექტროენერგიის პრობლემაც გაჩნდა. ჰესი დაზიანებულია და ხშირად ქრება შუქი. ტურისტიც არ დადის და შესაბამისად, კაფეს ამუშავებას აზრიც არ ჰქონდა.

    შარშან „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში პროექტი დავწერეთ, მე სახელოსნოს გაკეთება მინდოდა, გიორგის კაფეს განვითარება. სამწუხაროდ, არც ერთი არ დაგვაფინანსეს. ძალიან რთულია, მხოლოდ სამი თვე რომ გაქვს სამუშაოდ და რვა თვე ჩაკეტილი ხარ.

    ინგრევა ძველი კოშკები, არ ხდება მათი რესტავრირება. გასაკეთებელია ჰესი. არ გვყავს ექთანი და ექიმი, რომელიც სამედიცინო დახმარებას გაგვიწევს. ზაფხულში, როცა გზა გახსნილია, სასწრაფოს დუშეთიდან ვიძახებთ, საიდანაც გადმოსვლას სამი-ოთხი საათი უნდა. თუ მოღრუბლულია, ვერტმფრენს არ გვიგზავნიან. ახალგაზრდა ბიჭი ტყეში იყო შეშის მოსაჭრელად, ორივე ფეხი მოიტეხა და ერთი ღამე ასეთ მდგომარეობაში გაატარა. მხოლოდ მეორე დღეს გადაიყვანეს. იყო შემთხვევა, მამამ საკუთარი შვილი, რომელსაც ნეკნები ჰქონდა გატეხილი, მხრებით გადაიყვანა შატილიდან დუშეთში.

    აი, ამ ყველაფრის გამო წელს საზღვარგარეთ, ემიგრაციაში წასვლას ვაპირებთ. სასწაული უნდა მოხდეს, რომ ეს გადავიფიქროთ. ზამთარში გიორგი ორი თვით სლოვაკეთში იყო სამუშაოდ წასული. მე კოშკში მარტო გავატარე ის პერიოდი. ხევსურეთში ზამთარი ყინვიანია, მინუს 25 გრადუსია და სულ 25 კაცი ცხოვრობს... ვერაფერს ვერ აკეთებ. გზის ჩაკეტვამდე სამი თვის პროდუქტი გადმოგვაქვს. კოშკი სულ ქვითაა ნაშენი და ერთი ღუმელი საერთოდ არ არის საკმარისი გასათბობად. სამი გამათბობელი მაინც უნდა გქონდეს ჩართული. შეშის ღუმელს ყველა ოთახში ხომ ვერ დადგამ. ჩვენ სამზარეულოში გვიდგას. კოშკს ფანჯრები არ აქვს, სინათლე არ შემოდის. როცა შუქი არ იყო, ყინვასა და თოვლში ვიწექით, სამ-სამი საბანი გვქონდა გადაფარებული, რომ ტემპერატურა შეგვენარჩუნებინა.

    ზუსტად როდის, არ ვიცი, მაგრამ წელს ინგლისში გვინდა წასვლა. როგორც ვხედავ, ეს გარდაუვალია", - ეს ყველაფერი მარგარეტ დაიაურის სიტყვებია.

    მომზადებულია PrimeTime-ის მიხედვით.