სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი პრეზიდენტი - ზურაბიშვილის ბედი 9 მოსამართლის ხელშია

    ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი პრეზიდენტი - ზურაბიშვილის ბედი 9 მოსამართლის ხელშია
    6 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაასრულა. როგორ და ვინ აირჩევს მომავალ პრეზიდენტს, თუ პარლამენტი ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს?

    დასკვნა, პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, 15 ოქტომბრამდე წერილობით უნდა გადაეგზავნოს. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი პრეზიდენტს წინ პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურა ელოდება.

    რას გულისხმობს იმპიჩმენტი, რა ვადებში უნდა „გადააყენონ“ პრეზიდენტი და რა პროცედურებია საჭირო?

    საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის, ანუ მისი პოსტიდან გადაყენებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, შესაძლოა, გახდეს ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა, ან პრეზიდენტის ქმედებებში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენა.

    „ქართული ოცნების“, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში.

    თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნაში დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტმა დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში უნდა განიხილოს და კენჭი უნდა უყაროს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

    უკვე პარლამენტში კი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 – 100 დეპუტატის ხმაა საჭირო.

    კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

    ასევე, კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტმა დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.

    კონსტიტუციის მიხედვით, მაშინ, როცა პრეზიდენტს მოეხსნება ხელშეუხებლობის იმუნიტეტი, შესაძლებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც.

    რა ხდება იმპიჩმენტის შემდეგ? ვინ და რა ვადებში უნდა აირჩიოს ახალი პრეზიდენტი?

    ახალ პრეზიდენტს, მოქმედი კანონმდებლობით, ვეღარ ირჩევს ხალხი. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი შედგა, ამის შესახებ კომენტარი კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ვთხოვეთ.

    "პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში, მის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქციას მისი მოადგილე შეასრულებს.

    ახალი პრეზიდენტი 45 დღის ვადაში უნდა აირჩიოს კოლეგიამ, რომელსაც 300 წევრი ჰყავს. მათ შორისაა, ყველა პარლამენტარი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების წევრები, თვითმმართველი ორგანოებიდან შერჩეული პირები.

    კონსტიტუციით, ამ კოლეგიის 30 წევრს აქვს პრეზიდენტის კანდიდატურების დასახელების უფლება. შესაძლებელია, მაქსიმუმ, 10 კანდიდატის დასახელება.

    პირველ ტურში, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვისაც ექნება კოლეგიის 2/3-ის, ანუ 200 წევრის მხარდაჭერა.

    თუ ვერცერთმა კანდიდატმა ხმათა ეს რაოდენობა ვერ მიიღო, მაშინ ტარდება მეორე ტური, სადაც ის ორი კანდიდატი გადავა, ვინც ხმათა უმრავლესობა მოიპოვა.

    მეორე ტურში, საჭიროა, კენჭისყრაში კოლეგიის 151-მა წევრმა მიიღოს მონაწილეობა, ხოლო გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირი, ვინც მეტ ხმას მიიღებს," - გვითხრა ვახტანგ ხმალაძემ.