სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 წლით გადავადების საფასური 5 000 ლარი იქნება- დეტალურად

    სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 წლით გადავადების საფასური 5 000 ლარი იქნება- დეტალურად
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თავდაცვის ახალი კოდექსით განსაზღვრულია წვევამდელის ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების და ასევე გათავისუფლების სხვადასხვა გარემოებები.

    ამასთან, დადგენილია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის ოდენობა და გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადების საფასური 5 000 ლარს შეადგენს.

    კოდექსის თანახმად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე შეიძლება აყვანილ იქნეს 17 წლიდან 27 წლამდე პირი, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე არ იმყოფება და ამ პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე.

    განსაზღვრულია სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი პირის ვალდებულებებიც.

    პირი ვალდებულია: ა) საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით ყოფნის შემთხვევაში მისი დასრულებიდან 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

    ვინ თავისუფლდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან

    1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდება:

    ა) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ არის ცნობილი;

    ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური ან სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახური უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებში გაიარა;

    გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი;

    დ) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;

    ე) პირი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა;

    ვ) პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური;

    ზ) პირი, რომელიც არის ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის 1 წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლის დროს;

    თ) საქართველოს პარლამენტის წევრი.

    2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გაათავისუფლოს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

    3. კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

    4. წვევამდელი, რომელიც ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებას, გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობისა, სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით გაიწვევა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.

    წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების დადგენილი გარემოებები შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ კოდექსის 65-ე მუხლში. მათ შორის არის საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობით გამოწვეული ვითარებებიც.

    ზემოაღნიშნულ პირთა შორის არის წვევამდელი, პირს, რომელმაც გადაიხადა თავდაცვის კოდექსით დადგენილი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი – 5 000 ლარი.

    “წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი, რომლის გადახდა სავალდებულოა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობისთვის. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადებისთვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარია. პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით შეუძლია ისარგებლოს 25 წლის მიღწევამდე”, – ვკითხულობთ თავდაცვის კოდექსში.

    წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს, წვევამდელის ვალდებულებებსა და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში დამდგარი გარემოებების შესახებ ინფორმაციას გაეცანით თავდაცვის კოდექსის 67-ე მუხლში.