ყავა ძალიან ბევრი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, იმდენად, რომ მის გარეშე დღის დაწყება ვერც კი წარმოგვიდგენია. ამ სასმელზე უარს ვერც ორსულები ამბობენ, თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ეს მათი შვილების სიმაღლეზე აისახებოდეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კერძოდ, 10-ზე მეტი სპეციალისტისგან შემდგარმა გუნდმა ფეხმძიმობის დროს თუნდაც მცირე ოდენობით ყავის მიღება სიმაღლის დაახლოებით 2-სანტიმეტრიან სხვაობასთან დააკავშირა. ეს 4-8 წლის ასაკში, სხვებთან შედარებით სიდაბლეში ვლინდება.
მათ აშშ-ის ფარგლებში ამ ასაკობრივი კატეგორიის 2 500 ბავშვი შეისწავლეს. ადრეული კვლევებისგან განსხვავებით, მეცნიერები დედებისგან მიღებულ ინფორმაციას არ დაყრდნობილან, არამედ სისხლის ანალიზით დაადგინეს, თუ რა რაოდენობით ყავას იღებდნენ ისინი ორსულობისას.
„მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლის დაახლოებით 2-სანტიმეტრიანი სხვაობის კლინიკური შედეგები უცნობია, ჩვენი მიგნება მსგავსი ცვლილების შესახებ ისეთივეა, როგორიც ფეხმძიმობისას მოწევის შემთხვევაში," - ამბობენ ავტორები.
„ნაკლებ სიმაღლეს მუდმივად ვაკვირდებოდით და ის მრავალი კარდიომეტაბოლური დაავადების გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული როგორც ორსულებში, ისე არაორსულ ინდივიდებში", - აცხადებენ ისინი.
ჯანმრთელობის სხვა პოტენციურ გართულებებს შორისაა სიმსუქნე, დიაბეტი და ახალშობილის მცირეწონიანობა. აღსანიშნავია, რომ ფეხმძიმობაში ყავის სმასა და ამ პრობლემებს შორის კონკრეტული მიზეზშედეგობრივი კავშირი ჯერჯერობით ცნობილი არაა, მაგრამ საყურადღებოა, რომ ამ სტიმულატორს ჩანასახი ვერ გადაამუშავებს და ის ქსოვილში გროვდება.
წყარო: პრაიმტაიმი