სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ცოდვების მოსანანიებლად ორმოში ჩადიოდა და კარს კეტავდა...“ - წმინდა ბერი გაბრიელის სასწაულები

    „ცოდვების მოსანანიებლად ორმოში ჩადიოდა და კარს კეტავდა...“ - წმინდა ბერი გაბრიელის სასწაულები
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მამა გაბრიელის სასწაულების შესახებ ბევრი დაწერილა. მორწმუნეთა აზრით, ვისაც მამა გაბრიელი გულში გყავთ, მის მიერ აშენებული პატარა ეკლესია და კელია აუცილებლად უნდა მოინახულოთ. კელია, სადაც უამრავი ძველისძველი ხატი და წმინდა ბერის ნივთები ხელუხლებლად დაგხვდებათ, ისნის რაიონშია, გაბრიელ სალოსის გამზირის მიმდებარედ.

    სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდებით... მისი სამოსი, ჩექმა, ქუდი, ოლარიც აქვეა, შეგიძლია, ემთხვიო, მიეახლო. ყველგან მამა გაბრიელია, კელია გაჟღენთილია წმინდა ბერის არსებით, უხილავითა და ხილულით.

    იქვე ჭერში კიდია დიდი ჯამი, რომელშიც სუხარს აგროვებდა, ამოთხრილია საფლავის მსგავსი ორმო, სადაც დრო და დრო, თვითგვემით იყო დაკავებული.

    კელიას უვლიდა მამა გაბრიელის უფროსი და, ემა, რომელიც იმავე ეზოში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს საქმე მისმა ვაჟმა, ელდარ ურგებაძემ გააგრძელა.

    ელდარ ურგებაძე: ამ კელიას დედაჩემი უვლიდა. ახლა მე ვუვლი. თითქმის ხელუხლებელია ყველაფერი. ხატები ზოგი აჩუქეს, ბევრი სანაგვეზე გადაყრილი იპოვა და მოიტანა... ასე ნაპოვნითა და ნაჩუქარით ააგო ეს პატარა ტაძარი და კელია თავისთვის. როდესაც მცხეთიდან თბილისში ჩამოდიოდა, აქ ცხოვრობდა.

    ჰქონდა ქართული ხმა, ბოხი, არტისტული. ჰყვებოდა გრძნობით, ხატოვნად. როდესაც წმინდანებზე გვიყვებოდა, ხან ხმას მოუმატებდა, ხან დაუწევდა, იმის მიხედვით, რა მდგომარეობაში იყო ის კონკრეტული წმინდანი იმ ისტორიაში. წმინდანების ცხოვრება ეკლიანია უმეტეს წილად. თუ ყურადღებით უსმენდი, მამა გაბრიელის ემოციური მონათხრობი ეკლებს დაგაყრიდათ კანზე.

    მინდოდა მაგნიტოფონზე ჩამეწერა მისი საუბარი, მაგრამ ვერ დავიყოლიე. ვიდეოკამერა რუსეთიდან მქონდა ჩამოტანილი, მოდი, ვასიკო (მისი მამის სახელს ვეძახდით), გეხვეწები, გადაგიღებ-მეთქი, ვეტყოდი. ერთხელ დამთანხმდა, კარგიო. ჩაიცვა სუფთად, გამოვიდა და უცებ გადაიფიქრა, არ არის საჭიროო. ჩუმად ვერ გადავუღებდი.

    აქვე არის გაჭრილი ორმო, რომელშიც ცოდვების მოსანანიებლად ჩადიოდა. ხომ სალოსობდა და იქ ჩავიდოდა და ამბობდა, ყველაზე ცოდვილი და ცუდი მე ვარო, თვითგვემას მიეცემოდა. ამ დროს კარი სულ ჩაკეტილი ჰქონდა. ერთხელ კელიის კარი ღია დარჩა და შევედი. ვნახე, ამ ორმოდან ამოდიოდა...

    საკვები... ლობიო უყვარდა. მოხარშავდა და ბლომად ჩაყრიდა ქინძს. გემრიელი გამოსდიოდა, მაგრამ იმდენ პურს ჩაყრიდა შიგნით, რომ დააშრობდა. მერე მეორე დღისთვის გადაინახავდა იმ თეფშს. ხშირად ჰქონდა მოხარშული სიმინდი, დამარცვლული. ჰქონდა ბარდა. სუხრისთვის ჯამი ჩამოკიდა ჭერზე. ახლაც იქ კიდია.

    მახსოვს, ჩემი მშობლების სახლის საძირკველი, აი აქვე ეზოში, მამა გაბრიელმა ამოთხარა. კადრივით მაქვს ჩაბეჭდილი, შავი ანაფორა ეცვა, ხელში ბარი ეჭირა და თხრიდა. მთელი საძირკველი მან ამოთხარა.

    ეზოში, ქვები, კუნძი მისი მოტანილია. ყველაფერი ისე შევინახეთ, როგორც მან დატოვა.

    ბერ გაბრიელს მისი და, ჯულიეტა ურგებაძე იხსენებს.

    ჯულიეტა ურგებაძე: გაბრიელის სიტყვას დიდი ძალა ჰქონდა. ის რომ საუბრობდა, ფეხზე ვიდექი. ჯულიეტა, დაჯექი, მეტყოდა. ვასიკო, შენ რომ ლაპარაკობ, მე ვერ ვჯდები-მეთქი, ვეუბნებოდი. რაღაც ძალა მაყენებდა ფეხზე. მსგავსი ენერგია არავისგან მიგრძნია.

    უდიდესი ძალა და მადლი ვიგრძენი 2021 წლის 2 ნოემბერს (ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღე). ტაძარში ყოფნის დროს ვფიქრობდი, ეს რა ხდება, ეს რა მადლი გადმოდის, ჰაერშიც მადლს ვგრძნობდი. აუხსნელ შეგრძნებას. ახლობლებთან ერთად დავდივარ ეკლესიაში დიდ დღესასწაულებზე და მათ ვკითხე, გოგოებო, იგრძენით, რა დიდი მადლი გადმოდის-მეთქი? ეს მოხუცი ქალი დავფრინავდი. დამიდასტურეს ვიგრძენითო. მერე მოძღვარი ჰყვებოდა, დავინახე ხალხიდან როგორ შემოვიდა ერთი ადამიანი საკურთხეველში, შეიმოსა და დარბოდა საკურთხევლიდან ტაძრის შუა გულში. შენ ვინ ხარ-თქო, ვკითხე და მე "ციგანი ვარო", ასე თქვაო. გაბრიელი იყო. წარმოგიდგენიათ, 2 ნოემბერს სამთავროს მონასტერში მამა გაბრიელმა ჩაატარა ლიტურგია! ჰაერიც სულ სხვანაირი იყო.

    წყარო: პრაიმტაიმი