– როდესაც სახლში დიდხანს გაქვთ კარტოფილი მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, ან სოფლად სათავსოში მზის სხივები აღწევს, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ კარტოფილის რაღაც ნაწილი გამწვანდა. ეს ძალიან საყურადღებოა იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, რას ვხედავთ – დიახ, თვალით ვხედავთ მწვანე ფერს და ეჭვი გვაქვს, რაღაც ისე არ ხდება ამ პროდუქტში, როგორც მის შეუფერადებელ ნაწილში.
ეს სწორედ სოლანინის დაგროვების შედეგია. ხშირ შემთხვევაში, თუ ამ ნივთიერებამ დაგროვება დაიწყო, საყურადღებო მარტო მწვანე ნაწილი არ არის. საყურადღებოა მის ქვეშ მდებარე, ჯერ კიდევ ფერშეუცვლელი ნაწილიც იმიტომ, რომ ვიდრე სოლანინი მსგავს მწვანე შეფერილობას მოგვცემს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მისი თვალით შეუმჩნეველი დაგროვება იმიტომ, რომ ის თავის ეფექტს ინარჩუნებს. სოლანინი ადამიანისათვის მომწამვლავია. ერთხელ ასეთი პროდუქტის მოხმარება, ადამიანს, რა თქმა უნდა, საბედისწერო ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ასეთი პროდუქტის სისტემატურ გამოყენებაზე, უდავოდ, ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია. თუ კარტოფილი გაგვიმწვანდა, თავის მოტყუება საჭირო არ არის, რომ ცოტა სქლად გავფცქვნით და ეს პრობლემას მოხსნის. არა, რეალურად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ნივთიერება უფრო ღრმადაა. დადასტურებულია, სოლანინის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში, რამდენად ზიანდება ღვიძლი და მისი ფუნქციები და მთელი ორგანიზმისათვის ონკოლოგიური რისკები იზრდება.
ამის შესახებ საზოგადოებას ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია აფრთხილებს.