სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საქართველოს ნაკრების მენეჯერი გიორგი კაციტაძე ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე - პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან დროს შეცდომა დავუშვი

    საქართველოს ნაკრების მენეჯერი გიორგი კაციტაძე ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე - პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან დროს შეცდომა დავუშვი
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:


    საქართველოს ნაკრების მენეჯერმა, გიორგი კაციტაძემ ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და გულშემატკივარს საჯაროდ ბოდიში მოუხადა.

    "პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ჩემი შეცდომისთვის და არ შემეძლო, პირადად არ მეთქვა ეს საჯაროდ. 2011 წლიდან დღემდე, რაც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში ვმუშაობ, პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავუშვი ისეთი შეცდომა, რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობ და რეალობად მიღება ახლაც მიჭირს.

    იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, რომ ყველა ჩემს სისწორეში დავარწმუნე, არადა არაერთხელ მკითხეს. თავის დაზღვევის მიზნით რეგულაციის აღნიშნული პუნქტები არ გადავამოწმე და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე.

    ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაშვებული შეცდომისთვის პირადად მე ვუხდი ბოდიშს ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ამ გუნდის წარმატებისთვის თავდაუზოგავად შრომობს.

    იმ მიზეზით, რომ ამ მნიშვნელოვან დროს, გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი არ მიადგეს, საერთო გადაწყვეტილებით, გუნდთან ერთად ვრჩები. მზად ვარ, რომ ჩვენს გუნდს მარტის მატჩებში გვერდით დავუდგე და საერთო მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო. ამით ვეცადო იმ შეცდომის გამოსწორებას, რითიც ჩემი გუნდი და ჩემი ქვეყნის ნაკრები დავაზარალე. კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს გიხდით ყველას და ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო“,
    – წერს გიორგი კაციტაძე.

    შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას სამი ყვითელი ბარათი დაუგროვდა, რის გამოც პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგის წინააღმდეგ ის საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.

    წყარო: პირველი არხი