სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რადგან 32 წლის ვარ, გამუდმებით მეკითხებიან,აქამდე ასე როგორ დარჩი, ასეთი კარგი გოგოო

    "რადგან 32 წლის ვარ, გამუდმებით მეკითხებიან,აქამდე ასე როგორ დარჩი, ასეთი კარგი გოგოო
    2 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სალომე კოკუაშვილს საზოგადოებაში ლარგად ნაცნობი მსახიობია. იგი ახლა კიდევ ერთ ახალ სერიალში - "მარჯვენა სანაპირო" ერთ-ერთ მთავარ როლშია. მისთვის მსახიობობა ერთადერთი სამუშაო სფერო არაა: ამჟამად დეველოპერულ კომპანიაში გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს...

    - მგონი, ფულის მნიშვნელობა მცირე ასაკიდან გავაცნობიერე: დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როცა მუშაობის დაწყება გადავწყვიტე. ჩემი პირველი სამსახური სარეკლამო ფლაერების ქუჩაში დარიგება იყო. თავდაპირველად, მშობლები ამის წინააღმდეგი იყვნენ, რადგან პატარა ვიყავი, ჩემი შრომის ანაზღაურება მიზერული იყო, მაგრამ დამთანხმდნენ, რათა დამოუკიდებლობა მესწავლა.

    - მთავარი მიზეზი რა იყო, რის გამოც მუშაობა გადაწყვიტე? კონკრეტული რამის ყიდვა ხომ არ გინდოდა?

    - მდიდარ ოჯახში არ დავბადებულვარ. იყო რაღაცები, რაც მინდოდა მქონოდა და ვხვდებოდი, ამას ჩემი მშობლები ვერ გასწვდებოდნენ. ამიტომ ვფიქრობდი, როცა გავიზრდები, აბსოლუტურად ყველაფერი მექნება, რაც მინდა-მეთქი... ჯერჯერობით, კარგად მივდივარ - ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ (იღიმის).

    - ფაქტობრივად ბავშვი სამსახურში როგორ აგიყვანეს?

    - ყოველთვის ცოტათი უფროსი ასაკის ადამიანივით გამოვიყურებოდი. შესაბამისად, იმ პერიოდში ბევრი ჩემზე 3-4 წლით უფროსი დაქალი მყავდა, რომლებიც სარეკლამო კომპანიებში მსგავს პროექტებზე მუშაობდნენ. ერთ-ერთმა დაქალმა მითხრა, - არ გეტყობა, რომ 13 წლის ხარ. 15-დან უკვე სამსახურში იღებენ და შეგიძლია, სცადოო. კასტინგზე მივედი და ამიყვანეს. ზუსტად მახსოვს, პირველად სადაზღვევო კომპანიის ფლაერებს ვარიგებდი. 10-დღიანი პროექტი იყო. დღეში 10 ლარს გვიხდიდნენ. ბოლოს, როდესაც 100 ლარი (პირველი ხელფასი) ავიღე, ჩემთვის ეს რაღაც საოცრება იყო!..

    - გახსოვს, რაში გამოიყენე?

    - ძალიან კარგად: დაქალები სწრაფი კვების ერთ-ერთ ცნობილ ობიექტში დავპატიჟე. ლამის მთელი თანხა იქ დავხარჯე (იცინის). მხოლოდ 20 ლარი დავიტოვე, - რამე მაინც ვიყიდო-მეთქი. მახსოვს, სახლის "შლოპანცები" ვიყიდე.

    - შემდეგ შენი ცხოვრება როგორ განვითარდა? ალბათ, მოთხოვნილება გაგიჩნდა, შემოსავალი სულ გქონოდა...

    - ნამდვილად ასე იყო - უკვე მინდოდა, მემუშავა. რაკი ჯერ მოსწავლე ვიყავი, სწავლასთან მუშაობის შეთავსება რთული იყო... მალევე ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე. მაშინ 15 წლის ვიყავი. "მხიარულ სტარტებში" "ჩერლიდინგში" ვცეკვავდი. ეს გადაცემა სკოლებისთვის იყო. შესაბამისად, ჩაწერა შაბათ-კვირას მიმდინარეობდა, რაც სწავლაში ხელს არ მიშლიდა. ამ მხრივ გამიმართლა - საქმე გამიმარტივდა... 16 წლიდან ტელევიზიაში უკვე ისეთი სამსახური მქონდა, რომელშიც ნორმალურ გასამრჯელოს მიხდიდნენ: "კომედი შოუს" სკეტჩებში ვმონაწილეობდი, ასევე - "ვა-ბანკში", მერე სერიალ "მესამე თაობაში" მიღებდნენ. ერთდროულად 3 სამსახურში ვმუშაობდი. ხელშემწყობი ფაქტი ის იყო, რომ გადაღებები ერთსა და იმავე ადგილას - ტელევიზიის პავილიონში მიმდინარეობდა.

    - ამასობაში, პროფესიული არჩევანის საკითხიც დადგებოდა დღის წესრიგში. რის მიხედვით განსაზღვრე, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას რა მიმართულებით განაგრძობდი?

    - სხვათა შორის, სკოლაში პირველი კლასიდან მესამეში გადამიყვანეს...

    - რატომ?

    - რა ვიცი, ამბობდნენ, რომ ჭკვიანი ვიყავი (იცინის). სკოლაში სწავლამდე, ჩვეულებრივ, საბავშვო ბაღში დავდიოდი. პირველ კლასში სწავლის შუა პერიოდში, ჩემს მშობლებს უთხრეს, - მოდი, ბარემ მესამე კლასში "გადავსვათო". მშობლებიც სიხარულით დათანხმდნენ. შესაბამისად, 16 წლისამ უკვე სკოლა დავამთავრე და სტუდენტი გავხდი. იმ პერიოდში "კომედი შოუში" ვთამაშობდი, პარალელურად, "ვა-ბანკშიც"... თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან მინდოდა. მშობლები მხოლოდ იმიტომ მეწინააღმდეგებოდნენ, რომ მიაჩნდათ, მსახიობის პროფესიით სულ სხვაზე დამოკიდებული ვიქნებოდი, ჩემი შემოსავალი არ მექნებოდა, გამიჭირდებოდა. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ დამოუკიდებელი უნდა ვყოფილიყავი - ეს უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ 3 წლიდან მსახიობობა მსურდა... სამსახურების გამო, "გადარბენები" რომ მიწევდა, გამოცდებისთვის ვერ მოვემზადე. თან, არც ვიცოდი, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში განსაკუთრებული მომზადება მჭირდებოდა. მეგონა, მივიდოდი, ჩემს ნიჭს დაინახავდნენ და ამიყვანდნენ (იცინის), მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა... რაკი თეატრალურის გამოცდებში ბარიერი ვერ გადავლახე, შემდეგ სეუ-ში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე (მარკეტინგის და მენეჯმენტის მიმართულებით) ჩავაბარე, რაც დედაჩემს ძალიან უნდოდა, რადგან მიაჩნდა, რომ შეიძლებოდა, ჩემთვის ყველაზე შემოსავლიანი საქმე ყოფილიყო. უცნაური ის არის, რომ როგორც გითხარით, 17 წლისა უკვე ტელევიზიაში, 3 სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი. შესაბამისად, ის მითი, რომ მსახიობობით შემოსავალი არ მექნებოდა, ჩემს ოჯახს დავუნგრიე და არც არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ოფიციალური განათლებით სადმე ვიმუშავებდი, რადგან რეალურად, ბიზნესის ადმინისტრირებით დაინტერესებული არ ვყოფილვარ, სანამ ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი - კოვიდპანდემია არ დადგა. რა თქმა უნდა, მაშინ ყველაფერი შეიცვალა: სარეკლამო ბიზნესი "გაიყინა", ტელეგადაცემები, რომლებიც უნდა დაწყებულიყო, გაუქმდა, არსებულ გადაცემებს შემოსავალი გაუნახევრდა და ა. შ. უმუშევარი დავრჩი. მაშინ გამახსენდა, რომ დიპლომი მქონდა (იღიმის). ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სამსახურის ძებნა დავიწყე. სხვათა შორის, გამიმართლა: მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება არ მქონდა, ერთ-ერთ ძალიან კარგ კომპანიაში მაინც ამიყვანეს და დღეს ერთ-ერთ მმართველ თანამდებობაზე ვმუშაობ. თავს კომფორტულად ვგრძნობ. თავდაპირველად, სრულგანაკვეთიან სამსახურში მუშაობა გამიჭირდა, რადგან მოგეხსენებათ, ტელევიზიაში განსხვავებული რეჟიმია, მაგრამ - მივეჩვიე. არაჩვეულებრივი გუნდია. შესაბამისად, სამსახურში ყოფნა ტრაგედია არაა, პირიქით - ყველანი ხალისიანად ვმუშაობთ...

    - შენი განათლებისა და სამუშაო სფეროსგან რადიკალურად განსხვავებული სამსახური შეგისრულებია?

    - მაგალითად, ერთ-ერთი უცხოური ფილმის გადაღებისას, კოსტიუმების მხატვრის ასისტენტად მიმუშავია. სხვათა შორის, თავი კარგად გავართვი. რამდენჯერმე კიდევ მთხოვეს, მემუშავა, მაგრამ უბრალოდ, აღარ მეცალა. ძალიან დამღლელი და საპასუხისმგებლო საქმეა...

    - სალომე, სერიალში - "მარჯვენა სანაპირო" როგორ მოხვდი?

    - ამჟამინდელ სამსახურში როცა მუშაობას ვიწყებდი, იცოდნენ, ვინ ვიყავი და მოვილაპარაკეთ, რომ მაქსიმალურად შემიწყობდნენ ხელს, რასაც პირნათლად ასრულებენ. როცა სერიალის წარმომადგენლებმა დამირეკეს და მითხრეს, - ერთ-ერთ როლზე შენს კანდიდატურას განვიხილავთო, ცოტათი დავიბენი, რადგან რეკლამის ან ფილმის გადაღებისგან განსხვავებით, როგორც წესი, სერიალს მეტი დროის დათმობა სჭირდება, თუმცა ადვილად "დავლაგდით": გადაღებები ზუსტად იმ დღეებში და ისეთ დროს მაქვს, სამსახურთან შეთავსებას თავისუფლად ვახერხებ. შესაბამისად, არც მწვადი იწვება, არც - შამფური.

    - ეკრანულ პარტნიორებს როგორ შეეწყვე?

    - ალექსანდრა პაიჭაძესთან "გადაკვეთა" ბევრჯერ მქონია. გარკვეული პერიოდის წინ, არაჩვეულებრივი მომღერალი - ნუცა თოფურიაც გავიცანი. ღონისძიებების წამყვანადაც ვმუშაობ და მომღერლის ამპლუაში, ნუცას გვარ-სახელის გამოცხადება ხშირად მიწევს. ასევე, ჩვენთან ერთად სერიალში ფანტასტიკური მსახიობი - ლევან გვაზავა თამაშობს. "ჩემი" მეუღლის როლს არაჩვეულებრივი არტისტი და ადამიანი - მიშა არჯევანიძე ასრულებს. მასთან ერთად სერიალში - "ჩვენი ოფისი" ვთამაშობდი. გამიხარდა, რომ ჩვენი როლები ისევ გადაიკვეთა... ფანტასტიკური, მეგობრული გუნდი გვყავს. რაც მთავარია, გადაღებები გვიხარია, რადგან თან ვმუშაობთ, თან - ვერთობით...

    - შენი პერსონაჟი დაოჯახებულია. შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

    - ბოლო დროს, ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრს ვხუმრობ. რადგან 32 წლის ვარ, გამუდმებით მეკითხებიან, თუ რატომ არ ვთხოვდები? ამ საკითხს ზოგი უფრო მკაცრადაც განიხილავს, - აქამდე ასე როგორ დარჩი, ასეთი კარგი გოგოო (იცინის)?! ამასთან დაკავშირებით ბევრს ვიცინი, სოციალურ ქსელში "მიმებს" ვაქვეყნებ ხოლმე... ნამდვილად მარტო ვარ. თავს კარგად, ბედნიერად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ურთიერთობების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ქალი ვალდებულია, დაოჯახებული იყოს, დედა გახდეს. ეს ზოგის ცხოვრებაში ხდება, ზოგისაში - არა, ყველაფერი რიგზეა.

    - მამაკაცის ფინანსურ შესაძლებლობას ყურადღებას აქცევ?

    - ალბათ, ჩამქოლავენ, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ყველა ქალს უნდა, გვერდით მასზე ძლიერი და შემდგარი მამაკაცი ჰყავდეს. რაკი თავად დამოუკიდებელი და საკმაოდ ძლიერი, შემდგარი ქალი ვარ, რა თქმა უნდა, გვერდით ჩემზე ძლიერი და დამოუკიდებელი კაცი უნდა იყოს.

    - ფინანსური თვალსაზრისით, კრიზისული პერიოდები გქონია? პანდემიის პერიოდს არ ვგულისხმობ.

    - რამდენჯერაც გინდა... 17 წლიდან უკვე ისეთი სამსახურები მქონდა, რომ მშობლებისთვის დახმარება აღარ მითხოვია, თუმცა საერთოდ, ტელევიზია, კინო, სარეკლამო სფერო ძალიან არასტაბილურია: არასდროს ვიცით, როდის "დაგვიხურავენ" გადაცემას, სერიალს, როდის შეწყვეტენ დაფინანსებას, როდის იქნება ბევრი კორპორაციული საღამო, რომლის წამყვანიც იქნები და ა.შ. შესაბამისად, ფინანსების მართვა ვისწავლე. მახსოვს ჩემი პირველი კრიზისული სიტუაცია: მაშინ ზუსტად 18 წლის ვიყავი. 2 სამსახური მქონდა: ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში კასტინგის მენეჯერის ასისტენტი ვიყავი. ასევე, ერთ-ერთ სერიალში დაკავებული გახლდით. კარგი შემოსავალი მქონდა. დასასვენებლად საბერძნეთში, მთელი თვით გავემგზავრე. რამდენიმე კუნძულზე ვიყავი, ფული სულ დავხარჯე... საქართველოში დაბრუნებულმა გავიგე, რომ სარეკლამო კომპანიაც "გაჩერდა" და სერიალიც "დახურეს". აბსოლუტურად ნულზე დავრჩი. ჩემთვის ეს ურთულესი იყო... 2 თვის მერე, ახალ სერიალში მუშაობა დავიწყე... ვისწავლე, რომ "შავი დღისთვის" გადანახული ფული ყოველთვის უნდა მქონდეს (იღიმის).

    - შემოსავლის ძირითად ნაწილს რაში ხარჯავ?

    - აუცილებელი ხარჯების გარდა, რაც მრჩება - სრულად მოგზაურობაში ვხარჯავ. ეს ჩემი ყველაზე დიდი ჰობია. ყოველი მოგზაურობის მერე თითქოს ვიზრდები, სიმძიმისგან ვთავისუფლდები, თავისუფლების შეგრძნება მეუფლება... ალბათ ერთადერთია, რაშიც ფული არ მენანება. შეიძლება ფეხსაცმელი ან ჩანთა არ ვიყიდო, თუ გრანდიოზული ფასდაკლება არ არის და ის ფული მოგზაურობისთვის გადავდო. ვცდილობ, წელიწადში ორჯერ მაინც გავიდე ქვეყნიდან. სხვათა შორის, წელს ეს კარგად მოვახერხე: დაბადების დღე ტაილანდში აღვნიშნე. იქ ოცნება ავიხდინე - ვეფხვებს მოვეფერე. შემდეგ გაზაფხულზე მალდივებზე გავემგზავრე, სადაც ასევე დიდი ოცნება ავიხდინე - ზვიგენებთან და ვეშაპთან ერთად ვიცურე. ჩემს ცხოვრებაში ეს საოცარი გამოცდილება იყო!.. ახლახან ევროტურიდან (გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთი) დავბრუნდი, სადაც დაქალებთან ერთად გახლდით...

    - საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი გაგჩენია?

    - კი. ბავშვობაში წარმომედგინა, რომ როგორც ჰოლივუდში ხდება, მსახიობი ვიქნებოდი, უამრავი ფული მექნებოდა, ტანსაცმლის საკუთარ "ხაზს" ვაწარმოებდი და დედოფალივით, ფეხი ფეხზე გადადებული ვიცხოვრებდი. რეალობაში ასე არ გამოვიდა, რადგან ჰოლივუდში კი არა, თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ მაინც მინდოდა, მეცადა, ტანსაცმლის "ხაზი" გამეკეთებინა: 20 წლის ვიყავი, როცა ეს ვცადე (ნაქსოვ სამოსთან დაკავშირებით), მაგრამ არ გამომივიდა და შევეშვი. შემდეგ ონლაინმაღაზია გავაკეთე, მაგრამ ესეც არ იყო ჩემი. ერთი რამ გავაცნობიერე: საერთოდ, საკუთარი ბიზნესის კეთებას აბსოლუტურად მთელი შენი დრო და რესურსი სჭირდება, მე კი ეს დამატებითი შემოსავლის წყაროდ მინდოდა. ამიტომ, ჩემს შემთხვევაში, წარმატებით ვერ დასრულდა, რადგან დრო არ მრჩებოდა...

    - დასაქმების მოსურნეებს რას ურჩევ?

    - შეიძლება, ჩემი ნათქვამი ხალხს არ მოეწონოს, მაგრამ არ არსებობს სამსახური გინდოდეს და ვერ იშოვო, თუკი ელემენტარული უნარები გაქვს. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციის უნარია. ეს საკითხი საკმაოდ რთულადაა: მესმის, შეიძლება, ადამიანს ოჯახში დიდი პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ამის სამსახურში, უცხო ხალხზე გადატანა არაფრით არ შეიძლება. ყველაზე მთავარია, იცოდეთ, ვინც ხართ, საკუთარი თავის, შესაძლებლობების გჯეროდეთ და მწვერვალზე ასასვლელად, საქმის "ნულიდან" დაწყება არ უნდა გეთაკილებოდეთ - პირდაპირ მწვერვალზე ვერ დავსხდებით. გარკვეული საფეხურები უნდა გავიაროთ - ამისთვის მზად ვიყოთ. "სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების" - ეს მუშაობის შემთხვევაშიც ასეა (იღიმის).

    წყარო: ჟურნალი გზა