საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის
ფეხბურთელთა ასოციაციის დაჯილდოების დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი სოციალურ მედია Geo Team-თან გააკეთა და განვლილი სეზონი შეაფასა.
"2022/23 წელი ძალიან კარგი გამოვიდა, იმიტომ რომ "ნაპოლისთან" ერთად ჩემპიონი გავხდი, მაგრამ 23/24- ს უკეთესს ვისურვებდი. როგორც ყველა ფეხბურთელს, მეც გაუმჯობესება მინდა და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ვიშრომო და რაც მთავარია, იმ ტურნირზე მოვხვდეთ, რომელსაც ყველა ერთად, მთელი საქართველო ვოცნებობთ.
ახლა თავიდან-ბოლომდე "ნაპოლიზე" ვარ კონცენტრირებული. მნიშვნელოვანი სეზონი და თამაშები მაქვს. აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და რაც შეეხება მომავალს, ამას დრო გვიჩვენებს. ძალიან ბევრი კარგი გუნდია, სადაც თამაშს ვისურვებდი, მაგრამ აქ, ახლა ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს.
რატომ არ აღვნიშნე "ატალანტასთან" გოლი? ბევრი გარემოება დაემთხვა ერთმანეთს, იმასაც აღვნიშნავ, რაც ბოლო პერიოდში შეგვემთხვა, ჩემთვის ძალიან რთული იყო. ასევე, გოლის ეპიზოდში ისეთი სიტუაცია იყო, რომ შეიძლებოდა თამაშგარეში ვყოფილიყავი. ამასთან დაკავშირებით ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გოლის დროს ძალიან დიდ ემოციებს და ბედნიერებას ვგრძნობ და ფეხბურთის თამაშის დროს ყველაზე დიდ ემოციას ალბათ გოლი მანიჭებს. თუ ჩემს გულშემატკივრებს უხარიათ, რომ გოლებს აღვნიშნავ, შემდეგში აუცილებლად აღვნიშნავ.
რა მითხრა ლუჩანომ? მეხუმრა, ხომ არ მინდოდა იტალიის ნაკრებში თამაში და ვუთხარი, რომ მასთან ერთად თამაში ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნისთვის ვთამაშობ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მაგარი ადამიანია და შემდეგ, საოცარი მწვრთნელია. დიდი ხანია არ მინახავს და არ მისაუბრია, რის გამოც, მისი ნახვა ძალიან გამიხარდა. ვულოცავ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ."- აცხადებს კვარაცხელია.