სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა სანქციები ამოქმედდება თბილისში - გაიგეთ დეტალური ინფორმაცია

    რა სანქციები ამოქმედდება თბილისში - გაიგეთ დეტალური ინფორმაცია
    4 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეიდან თბილისში ახალი სანქციები ამოქმედდება რაც გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე არსებულ სანქციებს.

    „მინდა, შევეხო ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებს, რადგან თითოეული მსგავსი შემთხვევა აზიანებს თბილისს, მის იერსახეს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებას. პრობლემის აღმოფხვრისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წელს მივმართეთ პარლამენტს კანონპროექტით და სანქციები, დაახლოებით, სამ-ოთხჯერ, ხოლო რიგ შემთხვევებში, ათჯერაც კი გავზარდეთ. უფრო მეტიც, პარლამენტის მხარდაჭერით, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა გახდა სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს სანქციები ზოგიერთი მშენებლისთვის ბოლომდე შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა

    მოვამზადეთ შესაბამისი კანონპროექტი და საკანონმდებლო ორგანოს წარვუდგინეთ. პარლამენტის მხარდაჭერითა და თანადგომით, ეს კანონი უკვე მიღებულია და ძალაში შევა 11 იანვრიდან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, ვინც ამ ინიციატივას დაუჭირა მხარი. აღნიშნული კანონის მიღების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უკანონო მშენებლობების მაქსიმალურად აღკვეთა, ხელის შეშლა და მისი სახით, ერთგვარი პრევენციული მექანიზმის შემოღებაა“, – ეს განცხადება გააკეთა კახა კალაძემ.

    ანონის მიხედვით: ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაჯარიმდება 250 000 ლარით (ნაცვლად 25 000 ლარისა);

    ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 000 ლარით (ნაცვლად 20 000 ლარისა);

    გ) ჯარიმები გამკაცრდა ასევე, I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობებისთვის.

    დ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის: III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30 000 ლარი (ნაცვლად 10 000 ლარისა), ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75 000 ლარი (ნაცვლად 15 000 ლარისა); ე) ჯარიმები გამკაცრდა ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის. კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150 000 ლარი (ნაცვლად 20 000 ლარისა).

    ვ) გამომდინარე იქიდან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებობს უამრავი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, უშუალოდ ძეგლზე განხორციელებული უკანონო მშენებლობისთვის ასევე, გამკაცრებულია ჯარიმები. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე: უნებართვოდ, დაჯარიმდება 250 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 150 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 200 000 ლარით; მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე კი: უნებართვოდ, დაჯარიმდება 40 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 20 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 25 000 ლარით.