სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „რა უნდა დამჭირდეს, რომ ეს ადამიანი უფალივით გვერდში არ მედგეს...“ - ბექა ჩხაიძე

    „რა უნდა დამჭირდეს, რომ ეს ადამიანი უფალივით გვერდში არ მედგეს...“ - ბექა ჩხაიძე
    3 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ბოლო წლებში დიდი ამბავია აგორებული მამაოების „ჯიპებზე“, არადა, იმდენი ბერი და საერთოდ, სასულიერო პირი ცხოვრობს ასკეტურად, რასაც მე ვხედავ, რომ ზედმეტია საუბარი. უძლიერესი ბერები გვყავს. სადაც მე დავდივარ, მართლა სასწაულები ხდება. 3-4 თვეც გავჩერებულვარ გადაბმულად. 2017 წელს, ზამთარში, სამ თვეზე მეტი მომიწია იქ ყოფნა და იქიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების გზის გაკვალვა. როდესაც ღმერთთან ცდილობ მიახლოებას, ასე ხდება. ბევრი სასწაული მომხდარა ჩემ თვალწინ. ბერები უდიდესი საძმოა, ერთი ბეწო ეჭვი არ არის ურთიერთობაში, ყველაფერი ძალიან სუფთაა. მოძღვარიც რომ ძალიან ძლიერი გყავს, ეს ბევრს ნიშნავს. ერთი შემთხვევა არ მქონია, ჩემი მოძღვრის მიერ წინასწარ ნათქვამი არ ამხდენოდეს. თქმის მომენტში შეიძლება, ვერც მივმხვდარვარ, რას მეუბნებოდა, მაგრამ ერთი კვირა და ერთი თვე გასულა და მაშინ დარწმუნებული ვარ მისი სიტყვების მნიშვნელობაში. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი იმედი.

    მთელი ცხოვრება ჰარი-ჰარალეში გავატარე, სუფრიდან – სუფრაზე, უდარდელი ცხოვრებით. დღე არ მახსოვს 2000 წლიდან 2017 წლამდე, რომ მინიმუმ ორ სუფრაზე მაინც არ ვყოფილიყავი მისასვლელი. ეს ხდებოდა ყოველდღე. თუმცა, სამიც ყოფილა, ოთხიც და ხუთიც, თავის გათენებებით. ბოჰემურია ეს ყველაფერი. ცუდს კი არაფერს ვაკეთებდით, ვმღეროდით, ხალხს პატივს ვცემდით და ვქეიფობდით, მაგრამ ეს დალევა და დროის კარგვა, იმ შედეგს გაძლევს, რომ შენს თავს უშვებ. მერე რომ გგონია, გვერდით არმია გყავს, მთელი ქვეყანა გვერდით გიდგას, ოდნავაც რომ გადაგიბრუნეს ფეხი, იქ მიხვდები რამდენი ყოფილა ყალბი. მაშინ ვმწარდებოდი ამაზე, ახლა ცხოვრებას მადლობას ვუხდი. დამანახვა ვინ არის ჩემიანი და ვინ – არა. ერთი ჭკვიანი კაცი მყავდა, მეგობრის მამა, კრიმინალებში ავტორიტეტი იყო, ლეგენდა პიროვნება, მასთან საუბარი პროფესორის ლექციას ჰგავდა. ერთხელაც არ მახსოვს მისგან კრიმინალისკენ წაქეზება. პირიქით, შვილიც უნიკალურად გაზარდა. სულ მახსოვს ამ ადამიანის სიტყვები, გახსოვდეთ, როცა ფეხზე დგახართ და კარგად ხართ, ვინც გვერდით გყავთ და პირში გიცინით, რომ დაეცეთ, მათი 95 პროცენტი დაგცინებთო. ეს დოგმად მაქვს. ანალოგიურს მეუბნება ჩემი მოძღვარიც. ამიტომ ადამიანმა სულ უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. ჩემი გადმოსახედიდან, სულ ღმერთთან უნდა იყო. რამდენად ვახერხებ, სხვა საქმეა, მაგრამ რომ ვცდილობ, ესეც დიდი იმედია ჩემთვის. მადლობა ღმერთს, უერთგულესი ძმაკაციც ბევრი მყავს, ყველგან და ყოველთვის რომ გვერდში მიდგანან, მაგრამ ღმერთის წყალობით, ბევრის ყალბი სახეც დავინახე. იმასაც მივხვდი, რომ არავინ უნდა განიკითხო, დიდად არ ვიკლავდი თავს არასდროს სხვისი განკითხვით, მაგრამ ზოგჯერ, შენს წრეში რომ ხარ, რაღაცას აჰყვები და მეც ბევრჯერ ავყოლივარ. მერე ამ ყველაფრის 90 პროცენტი ჩემს თავზე გადამხდენია და კარგად მივხვდი, რომ ასე მოქცევაც არ შეიძლება. მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ჩემი მანკიერებებიც დამანახვა და ის „პონტის“ ხალხიც, რომ მალე დამეფერთხა ჩემი ცხოვრება ამ ადამიანებისგან.

    ალბათ. 15 წლის წინ ჩემთან ერთი ახლობელი მოვიდა, ერთი ებრაელი ბიჭია და ძალიან ცუდ დღეშია, რაღაც პრობლემა აქვსო. ისე გამოვიდა, რომ მისი პრობლემის მოგვარება ჩემთვის არაფერი იყო. ჩემი ერთი ზარით იმ გაუბედურებულ ადამიანს ყველაფერი მოუგვარდა. მის ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ის ჩემი ახლობელი, ვინც ეს ბიჭი ჩემთან მოიყვანა, გარდაიცვალა. ერთხელაც სოციალურ ქსელში მომდის იმ ებრაელი ბიჭის მესიჯი, რამდენი წელია, გეძებ და ძლივს გიპოვეო. თურმე, ჩემი გვარიც არასწორად ახსოვდა. დიდი კაცი გამხდარა. მთელი ცხოვრება შენი ვალი მექნებაო, მეუბნებოდა. ეს უცებ გამახსენდა, თორემ სიკეთე ადამიანმა იმიტომ არ უნდა გააკეთო, რომ მერე საპასუხოდ რამე მიიღო. ამ ადამიანმა მერე კიდეც დამირეკა და სასწაულია ეს ყველაფერი, რადგან რა უნდა დამჭირდეს, რომ ეს ადამიანი უფალივით გვერდში არ მედგეს. სულ მეხმიანება, ხან რომელ ქვეყანაში მპატიჟებს და ხან როგორ ცდილობს ყურადღების გამოხატვას. ჩემს წარსულში ბოროტება არავისთვის გამიკეთებია. უცოდველი არავინაა, მაგრამ რამდენადაც შემეძლო, ყველას ხელს ვუმართავდი."

    ეს ინტერვიუ ბექა ჩხაიძეს ეკუთვნის, რომლიც მის გარშემო მომხდარ სასწაულებსა და იმ ადამიანებზე გვიამბობს, ვინც მას გვერდში უდგას.