სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მასშტაბურად სხვადასხვა სფეროში პროფესიონალებს - 21-ე საუკუნის მთავარი მიღწევა თუ საფრთხე ადამიანებისთვის

    ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მასშტაბურად სხვადასხვა სფეროში პროფესიონალებს - 21-ე საუკუნის მთავარი მიღწევა თუ საფრთხე ადამიანებისთვის
    3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხელოვნური ინტელექტის განვითარების ზღვარი ჯერ არ ჩანს, მაგრამ ჩანს კონკრეტული პროფესიების ჩანაცვლების პერსპექტივა. მაგალითად: რობოტი, რომელმაც მიმტანი ჩაანაცვლა, ან მოწყობილობა, რომელმაც დამლაგებლის ფუნქცია შეითავსა, ან რობოტი, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის გვერდზე გაწია ექიმი. მან საჭეს მოაშორა მძღოლი. დააჭკვიანა სახლი, სადაც პატრონს ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობის დისტანციურად მართვა შეუძლია. ამ ყველაფერს თუ პოზიტიურ პრიზმაში გავატარებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანის დამხმარე და მეგობარია, მაგრამ თუ ამას სამუშაო ადგილების და შემოსავლის დაკარგვის რისკად გადავთარგმნით, ადამიანების შფოთვა ლეგიტიმური ხდება.

    მაშინ, როდესაც გამოჩნდა ჰუმანოიდი რობოტი, ალაპარაკდა ადამიანივით და კოსმოსშიც კი იმოგზაურა, ჩვენი მათით ჩანაცვლების საფრთხე კიდევ უფრო ნათლად დავინახეთ.

    ხელოვნური ინტელექტი დიდი დოზით შეიჭრა კინო ინდუსტრიაშიც. ჩაანაცვლა მსახიობები და ტექნიკური ჯგუფი, რასაც ჰოლივუდის ისტორიაში მოჰყვა ყველაზე დიდი გაფიცვა და მასობრივი პროტესტი.

    მიუხედავად იმისა, რომ ჩანაცვლებადი პროფესიების ჩამონათვალი ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად იზრდება, ამ პროფესიების წარმომადგენლები საქართველოში ჯერ საფრთხეს ვერ ხედავენ, ან თავს იმშვიდებენ, რომ მათი ჩანაცვლება უახლოეს პერიოდში ვერ მოხდება.

    მას შემდეგ, რაც კომპიუტერულმა პროგრამებმა მომხმარებლებს უმოკლეს დროში სასურველი დიზაინის პროექტები შესთავაზა - ეს პროფესიაც ჩანაცვლების საფრთხის წინაშე დადგა.

    ხელოვნური ინტელექტის მიერ შეიქმნა მასწავლებელი, მაგრამ თავად პედაგოგები ამბობენ, რომ სწავლების ამგვარი მეთოდი ინტერაქციის გარეშე არ ამართლებს. განათლების სფეროში AI, გარდა პედაგოგების ჩანაცვლებისა, მოსწავლეების აკადემიური მოსწრების კომპეტენციაშიც იჭრება, მაშინ, როდესაც მარტივი მითითებებით ასრულებს მოსწავლის მიერ შესასრულებელ დავალებას, ამიტომ, ბოლო პერიოდის გამოწვევა ამგვარი ნაშრომების ამოცნობა გახდა.

    ხელოვნურ ინტელექტის მიერ შექმნილ ტექსტებს იყენებენ მწერლებიც, ამის შესახებ ნობელის პრემიის ლაურეატმა თავად აღიარა. მას აქტიურად იყენებენ კონტენტ კრეატორებიც. იიოლებენ საქმეს და მიყვებიან შაბლონებს, მაგრამ თუ ყველა ამ პროგრამებს გამოიყენებს ამავე სფეროში რეალური მწერლები კიდევ უფრო მეტად დაფასდებიან.

    თუ ჩვენს რესპონდენტებს დავუჯერებთ, ხელოვნური ინტელექტი, როგორც ყოვლისშემძლე მონსტრი, შესაძლოა გადაჭარბებული წარმოდგენა იყოს, მაგრამ მისი შესაძლებლობების დაკნინებაც უგუნურობის ტოლია.

    AI-ს განვითარებას მუდმივად თან სდევს რისკების და საფრთხეების განხილვაც. ამაზე მსჯელობენ და დაობენ მსოფლიო ლიდერებიც. ამბობენ იმასაც, რომ ამ განვითარებამ, შეიძლება, მსოფლიოში სამუშაო ადგილების 40% შეამციროს.

    საფრთხეებთან დაკავშირებით სპეციალისტებს მარტივი ახსნა აქვთ. ყველაფერი, რაც შეუძლებელი, წარმოუდგენელი და უტოპიური იყო წლების წინ, ახლა ხელშესახებია. ის, რაც ფანტასტიკის ჟანრიდან გვგონია ახლა, ალბათ რეალობა იქნება მალე, მაგრამ ის, რომ სამყაროს სცენარში მთავარი გმირი მაინც ადამიანია, ამას საფრთხე არ ემუქრება.