სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შეთეს და გედიას ჩხუბი ხომ გახსოვთ?! დადგმულიც იყო, მაგრამ..." - რას იხსენებს ზაზა კოლელიშვილი

    "შეთეს და გედიას ჩხუბი ხომ გახსოვთ?! დადგმულიც იყო, მაგრამ..." - რას იხსენებს ზაზა კოლელიშვილი
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    აი რას იხსენებს ზაზა კოლელიშვილი

    “გადაღების დროს, მთელი წლის მანძილზე, მე და სოსო თითქმის ყოველდღე ერთად ვიყავით. ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ჩვენს ოთახში გადაღებების მერე სუფრა იშლებოდა და ვეპატიჟებოდით ყველას, ჩვენს ლეგენდებს - სესილია თაყაიშვილს, სოფიკო ჭიაურელს, თინა ბურბუთაშვილს, ეროსი მანჯგალაძეს, კახი კავსაძეს, კოტე დაუშვილს, რამაზ ჩხიკვაძეს, ჯემალ ღაღანიძეს, გივი ბერიკაშვილს, ყველას... ეს იყო დიდი ზეიმი და ბედნიერება. წარმოგიდგენიათ, მათთან ერთად ვახშამი რა იყო?! დაუვიწყარი რამ...

    ბატონი თენგიზ აბულაძე სამ ჭიქას დალევდა და სუფრას პირველი ტოვებდა, სამუშაოდ მიდიოდა, ჩვენ კი დაგვიბარებდა - თვალები გქონდეთ კრიალაო. დიდი მსახიობები მაგალითს გვაძლევდნენ ახალგაზრდებს და ზედმეტს არც ისინი სვამდნენ. ნაბახუსევზე თვალები სულ სხვა გამომეტყველებისაა ეკრანზე, კამერა მგრძნობიარეა, შეშუპებულ თვალებს მაშინვე აფიქსირებს. ამიტომ გვარიგებდა მაესტრო.

    მე წელიწად-ნახევრით ვარ სოსოზე უფროსი. წამოდიო, მითხრა და სასადილოში დამპატიჟა. იქ მოხდა ჩვენი გაცნობა. მებუფეტე ეკითხება სოსოს, რას უკვეთავთ და რამდენსო? მხოლოდ მე და სოსო ვართ. ხუთი ბიფშტექსი და ხუთი ლიმონათიო. მე ვუთხარი, არ მშია, მხოლოდ ლიმონათს დავლევ-მეთქი. მაშინ - ხუთი ლიმონათი და ოთხი ბიფშტექსიო. წარმოიდგინეთ, ოთხი ბიფშტექსი შეჭამა, გაოცებული ვუყურებდი. დღე და ღამე ვარჯიშობდა იქაც, გადაღებების პარალელურად. იმ პერიოდში სპორტულ კარიერაში წარმატება ჰქონდა. მსოფლიოს ჩემპიონი იარიკინი დაამარცხა. დიდ იმედებს ამყარებდნენ სოსოზე, მაგრამ კოჭის ტრავმის გამო ნელ-ნელა შეეშვა სპორტს და გადაერთო კინოზე.

    შეთეს და გედიას ჩხუბის ეპიზოდი ხომ გახსოვთ?! სად არ გადავიღეთ, ბოლოს ხორნაბუჯის ციხეზე ათ წუთიანი ჩხუბი გადაიღეს. მაგრამ ბოლოს 58 წამიანი მონაკვეთი დარჩა ფილმში.

    წარმოიდგინეთ, რა დღე გაგვატარა თენგიზ აბულაძემ! გადაღების დროს დადგმული ჩხუბი იყო, ვიცოდით აპაჩით (დადგმული დარტყმა) მუშაობა. მაგრამ როცა მართლა მოგხვდება, მწარდები და პასუხობ. იყო მომენტები, მართლა ვარტყამდით ერთმანეთს. ერთმანეთი დავლეწეთ, ყურების უკან სულ სისხლჩაქცევები მქონდა. ყურებზე ხელს მკიდებდა და თავს მიწაზე მარტყმევინებდა. მერე, კომპენსაციის მიზნით, საჭმელად მეპატიჟებოდა.

    ფარიკაობის და სასცენო მოძრაობის პედაგოგი - შოთა სხირტლაძე გვადგმევინებდა ჩხუბის კადრებს, ჩვენი უფროსი ძმაკაცი იყო. პენოპლასტის ქვები დაამზადეს, რომ ერთ სცენაში სოსოსთვის თავში ჩაერტყათ. ეს გაკეთებული ქვები ნამდვილ ქვებს შორის ეგდო და შოთას შეეშალა და ერთი დუბლის დროს, ნამდვილი ქვა ისე ჩაარტყა სოსოს, რომ თავი გაუტეხა.

    ლიკას რაც შეეხება, დასამალი არ არის, რომ ბიჭები, "ნატვრის ხის" გადაღების დროს, მასზე ვიყავით შეყვარებული. თან იცით, როგორ გვიყვარდა? მასთან ფიზიკურ სიახლოვეს საკუთარ თავსაც ვერ ვკადრებდით. იმდენად სუფთა და ხალასი იყო ლიკა, რომ მხოლოდ წრფელი სიყვარულით გვიყვარდა. ბიჭებს ერთმანეთისთვის თავ-ყბა დაგვილეწია მისი გულისთვის. ვინმე უშნოდ თუ იხუმრებდა ლიკაზე, მე ვურტყამდი, სოსოს ვაწოდებდი და მერე ის კვანძავდა და ყრიდა.

    ვირზე შესმული ლიკას კადრების გადაღების დროს, როცა ტალახისგან და წვიმისგან სველდებოდა, მისი ნებით, მხოლოდ მე ამყავდა ხელში და მანქანაში ვსვამდი, რომ სიღნაღის სასტუმროში წაგვეყვანა, სადაც ერთ ნომერში ცხელ აბაზანას იღებდა, რომ არ გაცივებულიყო. ხელში აყვანილი მანქანამდე დიდხანს რომ მეტარებინა, მძღოლს ვეუბნებოდი, მანქანა შორს დააყენე, თორემ საბურავებს დაგიჭრი-მეთქი...

    "ნატვრის ხის" შემდეგ, როცა ცოლი შევირთე, სოსო ჩემი მეჯვარე და ორი შვილის ნათლია გახდა.”