სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა გახდა შოვსა და ნერგეეთში სტიქიის მიზეზი - საბოლოო დასკვნა ცნობილია

    რა გახდა შოვსა და ნერგეეთში სტიქიის მიზეზი - საბოლოო დასკვნა ცნობილია
    2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რა გახდა შოვსა და ნერგეეთში სტიქიის მიზეზი, რა ბუნებრივი პროცესები განვითარდა სტიქიის ზონებში - საბოლოო დასკვნა გარემოს დაცვის მინისტრი დღეს გარემოს დამცველებსა და მედიას დოკუმენტის შინაარსი გააცნო

    უწყებაში აცხადებენ, რომ, როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, სტიქიის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული.

    შვეიცარიელმა სპეციალისტებმა კი დაადასტურეს ქართველი გეოლოგების ძირითადი ასპექტები პირველად დასკვნაში - კლდეზვავური მასის ჩამოშლა, სტიქიის განვითარებამდე, მდ. ბუბისწყლის ხეობაში წყლის შეგუბების არარსებობა და ღვარცოფული მასის გადაადგილების დრო.

    დასკვნის მიხედვით, რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა ერთმანეთს, რამაც ხეობაში მეწყრული პროცესები გამოიწვია და ღვარცოფი რამდენიმე წუთში განვითარდა.

    როგორც სამინისტროში ამბობენ, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო მეწყრული პროცესების პრევენცია.

    რაც შეეხება მეწყრული პროცესის განვითარებას სოფელ ნერგეეთში, დასკვნაში ნათქვამია, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, კონკრეტულად ის ლოკაცია კი, სადაც 7 თებერვალს მეწყრული მოვლენა განვითარდა, შეფასებული არ ყოფილა. ერთ-ერთ მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად სახელდება ბოლო დღეებში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექი.

    "ბოლო პერიოდში, ჩვენ ვხედავთ მთელს მსოფლიოში გახშირებულ სტიქიურ მოვლენებს, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში ბოლო 6 თვეში რამდენიმე მასშტაბური სტიქიური მოვლენა გვქონდა, რომელსაც ემსხვერპლნენ ადამიანები. ჩვენ თანაზიარი ვართ მათი ოჯახების მწუხარების და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა პროგნოზირების, მონიტორინგის გაუმჯობესების კუთხით და გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს, წლებია, ამ პროცესებზე. თუმცა, ვხედავთ, რომ გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და ამ პროცესში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თითოეული დარგის სპეციალისტის მონაწილეობა," - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია.