სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ ვილოცოთ სწორად? - ამონარიდი მეუფე შიოს ქადაგებიდან

    როგორ ვილოცოთ სწორად? - ამონარიდი მეუფე შიოს ქადაგებიდან
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) დიდი მარხვის მეორე კვირას ქადაგებისას განაცხადა,რომ ადამიანის მთელ ცხოვრებას ფერს უცვლის ენერგია ღვთისა, რომელსაც ეწოდება ასევე “მადლი ღვთისა“ და რომლის მეშვეობითაც ხდება თანაზიარება ღმერთთან

    მისი თქმით, დიდი მარხვის მეორე კვირა წმინდა მღვდელმთავარ გრიგოლ პალამას ხსენების დღეა. მეუფე შიომ გრიგოლ პალამას ღვაწლზე და იესოს ლოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

    “წმინდა გრიგოლ პალამა ასწავლის, რომ ღმერთი სამყაროში იმყოფება თავისი ენერგიებით. როდესაც ადამიანი ამ მდუმარების სიღრმიდან ლოცულობს იესოს ლოცვას, მართებულად ლოცულობს, მაშინ იგი ექცევა ამ ენერგიების მოქმედების ქვეშ, ეს ენერგიები მას ღმერთთან აერთებენ და ღვთის თანაზიარს ხდიან. აი, რა საოცარი შედეგი აქვს იესოს ლოცვის ღვაწლს, როდესაც ის აღესრულება ისე, როგორც წმინდა გრიგოლ პალამა გვასწავლის.

    და როდესაც ადამიანი ასე ცხოვრობს, ის აღწევს წარმოუდგენლად დიდ სულიერ სიმაღლეებს, მასში ხორციელდება ეს თანაზიარება, თანაზიარება ღმერთთან (რომელზეც მოგახსენეთ), იმდენად, რომ ადამიანის სხეულიც კი ფერს იცვლის და ღირსი ხდება, მიიღოს ის უქმნელი შუქი, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ გამოაბრწყინა თაბორის მთაზე. ამ შუქის ხილვის ღირსი ხდება ადამიანი, ამის გამობრწყინების ღირსი ხდება ადამიანი, რაც დასტურდება მრავალი წმინდანის ცხოვრებით.

    ადამიანის მთელ ცხოვრებას ფერს უცვლის ეს ენერგია ღვთისა, რომელსაც ეწოდება ასევე „მადლი ღვთისა“ და რომლის მეშვეობითაც ხდება ეს თანაზიარება ღმერთთან.

    წმინდა ეკლესია სწორედ ამას გვახსენებს დიდი მარხვის პირველ კვირასაც და დღესაც, მეორე კვირასაც, რომ ჩვენი სინანულის საფუძველი არის სრულიად განსაკუთრებული რწმენა ღვთისა და რწმენა ადამიანისა. ასეთი რწმენა ადამიანისა, ქრისტიანის გარდა არავის შეიძლება ჰქონდეს, შეუძლებელია, რომ ჰქონდეს, რადგან ადამიანში ისეთი სიდიადე და სიკეთეა ჩადებული, რომ ქრისტიანის გარდა, ამაზე სხვას წარმოდგენაც კი არ შეიძლება ჰქონდეს.

    აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რა არის ჩვენი სინანულის საფუძველი, რა არის მიზანი ჩვენი სინანულისა, სულიერი ცხოვრებისა. ეს არის თანაზიარება ღვთისა, რომელზეც მოწმობს წმინდა ეკლესია დიდი მარხვის პირველ და მეორე კვირებში და შეგვახსენებს ჩვენს დიდ მოწოდებას და იმ სიდიადეს, რომელიც ჩვენს ბუნებაშია ჩადებული, რაც, ვიმეორებ, არის თანაზიარება ღმერთთან; რისი ღირსიც გაგვხადოს ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ“, - განაცხადა მეუფე შიომ.