სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ყოველ წელს ვეუბნები მადლობას, ვინც იქ ბოლომდე იდგა, მე ამ თავგანწირვის მაგალითი სახლში მყავდა...“ - ცხრა აპრილის აქციის მონაწილის ემოციური სიტყვები

    „ყოველ წელს ვეუბნები მადლობას, ვინც იქ ბოლომდე იდგა, მე ამ თავგანწირვის მაგალითი სახლში მყავდა...“ - ცხრა აპრილის აქციის მონაწილის ემოციური სიტყვები
    3 კვირის და 2 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „იმ ღამეს, ყველაფერი მახსოვს…18 წლის ვიყავი, სამხატვრო აკადემიის პირველ კურსელი.მე დედა და ჩემი ორი მეგობარი ღამის პირველ საათზე სახლში დავბრუნდით.

    რუსთაველის პირველ ნომერში ვცხოვრობ და მანძილი ჩემ სახლსა და პარლამენტის შენობას შორის სამასი მეტრი თუ იქნება, ამდენიც არა… ჰოდა მალევე, კორპუსის ბოლოსკენ მოგროვდნენ რუსის სალდათები, ჯავშანტექნიკა, ავტობუსები.

    ოდნავადაც არ შეგვშინებია. ბებომ ჩაი გაგვიმზადა და ცოტა წავიხემსეთ,ჩავიცვით და ისევ გავედით გარეთ. საათ-ნახევარი ვიდექით, ვიმღერეთ, ვიცევეთ ერთმანეთს ვამხნევებდით…და მერე დაიწყო.დედამ ხელი მოგვკიდა და გვითხრა რომ წავსულიყავით.

    მივედით მუზეუმის შენობასთან ახლოს,სადაც გასასვლელი ჯერ კიდევ არ იყო დაკეტილი.გამოვედით…რომ მოვიხედე დედა ვერ დავინახე.

    ჩვენ გამოგვიშვა და თვითონ დარჩა. ვეღარც ვხედავდი ამდენ ხალხში.ბებოსთან სახლში ამოვედით და იმას არც გაჰკვირვებია რომ მისი შვილი იქ დარჩა და ბოლომდე რომ უნდა იდგეს.სანამ სახლში ამოვიდოდით ამ რუს სალდათებს ხელში სასანგრე ნიჩბები ეჭირათ.მართალი გითხრათ ავტომატებს ველოდებოდი და ვერც კი მივხვდი ეს ლაპატები რაში სჭირდებოდათ.მოგვიანებით ყველამ დავინახეთ.მერე გაზი გაუშვეს.

    მე დედაზე ვფიქრობდი, ვერაფერს ვეღარ ვხედავდი. ბებო ამბობდა რომ დედა დაბრუნდებაო… დაბრუნდა, საშინლად მოწამლული,ფეხშიშველი და ქურთუკდახეული.ოღონდ მარტო არა,თან რამდენიმე ადამიანი წამოუყვანია საშველად.

    თვალებს ვერ ახელდა ვერცერთი. ბებო და მისი და ექიმები იყვნენ და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მაგრამ ეს არ კმაროდა. დილით ჩავიყვანეთ დედა,მეზობელს მანქანით უნდა წავეყვანეთ. გავედით სადარბაზოდან და საშინელი სცენა დაგვხვდა..

    ეს რუსი სალდათები იდგნენ და რკინის ჯამებიდან სალაფავს თქვლეფდნენ და ძირს ყრიდნენ ნარჩენებს.

    დახმარების გარეშე ვერ დადიოდა დედა. ეს რომ დაინახა,მახსოვს როგორ გასწორდა წელში და დაუყვირა ჯერ ქართულად,მერე იგივე რუსულად.”მკვლელებო,ეს დღე თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება’ და სულ ბინძური ღორები ხართო ეძახა.აი იქ როგორ არ მოკლეს მე ის მიკვირს დღემდე.

    საღამოს დედამ საავადმყოფოში გაიგო რომ მისი ამხანაგი,ზაირა კიკვიძე მოკლეს.

    სანამ დავბრუნდებოდით სახლში ზაირა შეგვხვდა. დედას ელაპარაკებოდა…ამან კიდევ უფრო დაამძიმა და დასტრესა… რამდენიმე კვირა ძალიან სუსტად იყო.მერე სულ იმას ნატრულობდა,ღმერთო ისე ნუ მომკლავ სსრკ ს დაშლას ვერ მოვესწროო…მოესწრო.

    მე ყველას ყოველ წელს ვეუბნები მადლობას, ვინც იქ ბოლომდე იდგა, ვინც თავი გასწირა, ვისი სისხლიც დაიღვარა ან გადარჩა. მე ამ თავგანწირვის მაგალითი სახლში მყავდა. ამ დღის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ამოტრიალდა…

    გამოხდა 35 წელი და ჩვენ ისევ ვიკრიბებით იქ, ახლა უკვე მშობლების სტატუსით და ვიტყვით

    #არარუსულკანონს“, – წერს თამუნა გოჩიაშვილი, 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი მონაწილე.