სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "განცდა მაქვს, რომ არც არსად წასულა... სულ მისი ზარის მოლოდინში ვარ..." - კახი კავსაძეს საყვარელი ადამიანები იხსენებენ

    "განცდა მაქვს, რომ არც არსად წასულა... სულ მისი ზარის მოლოდინში ვარ..." - კახი კავსაძეს საყვარელი ადამიანები იხსენებენ
    2 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა.

    მისი გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან ერთად კოვიდ 19 გახდა.

    მსახიობის ძმა იმერი კავსაძე ძმაზე საუბრობს:

    "ჩვენ დედა ექიმი გვყავდა, ამიტომ მედიკოსებს ვაფასებთ. კახიმ რომ იავადმყოფა, ლევან რატიანი იყო მოსული სახლში, კახის სანახავად. ხშირად გვეკონტაქტებოდა და დაინტერესებული იყო მისი ჯანმრთელობით. არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ჭეშმარიტი მკურნალი ექიმია. თებერვალში მოსულმა ლევანმა მაშინვე თქვა, მიმყავს იმიტომ, რომ კლინიკაში მკურნალობა ჯობს და იქ ყოველგვარ კომფორტს შევუქმნითო. მართლა ასეც მოიქცა. არაფერი დაუკლია კახისთვის.

    ჩემთვის კახი არც არსად წასულა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სულ ჩემს გვერდითაა. სამი წელი გავიდა, მაგრამ განცდა მაქვს, რომ არც არსად წასულა. გულსატკენია, რომ გენატრება და გინდა ფიზიკურადაც რომ იყოს, თორემ ისე, აბსოლუტურად ჩემს გვერდშია, ყველა სიტუაციაში.

    რატომღაც სულ მისი ზარის მოლოდინში ვარ. მისი ნომერი ახლა ირაკლის აქვს, თუმცა მე ისევ ძველებურად კახი მიწერია იმ ნომერზე.

    რომ ამბობენ, მიეჩვევიო. რას მიეჩვევი, კაცო, არ გადამრიო? როგორ შეიძლება, გარდაცვალებას მიეჩვიო. უბრალოდ ეგუები! მისი ყოველდღიური გვერდში ყოფნა გარკვეულწილად გამშვიდებს.

    ჩვენ ხომ ასე ვიყავით მიჩვეულები: დილიდან დაიწყებოდა ტელეფონზე დარეკვა, ან მე ვრეკავდი, ან - ის... ხშირად ის რეკავდა პირველი, რადგან ჩემზე ადრე დგებოდა. ხშირად ადრე რომ უნდა დაერეკა, ჩემი დეიდაშვილი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა, აჩერებდა: ადრეა, კახი, სძინავს იმ კაცს, ძილი აცალეო.

    ჩვენი დეიდაშვილი, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზარდა, ცირა ხოშტარია (გიგოლაშვილი), ბოლო 17 წელია კახისთან ერთად ცხოვრობდა.

    იცით, სადაც არ მიიხედავ და მოიხედავ, ყველაფერი კახის ხსოვნასთან არის დაკავშირებული. აბსოლუტურად ყველაფერი. აი, უბრალოდ ფრაზას რომ ვიტყვი, ისიც ჩემს ძმასთან კავშირშია. კახიმ რომ იცოდა, კახი ასე ამბობდა...

    მასთან რომ ვიყავი სახლში და შინ დავბრუნდებოდი, მაშინვე გადავურეკავდი: კახო, მოვედი-მეთქი. ისიც ანალოგიურად. ახლა უკვე ჩვენს შვილებზე გადავიდა ეს ტრადიცია. ჩემი ვაჟიც რომ მიდის ჩემგან თავის სახლში, გადმორეკავს, სახლში ვარო. მეც ვურეკავ, დათკა, სახლში ვარ-მეთქი და მერე უკვე კახის ნომრის აკრეფა მინდა... ეს ჩვევაც აღარაა, ეს მოთხოვნილებაა...

    ახალი წასული იყო, სხვადასხვა არხებზე ნანა ჯანელიძის ფილმი "ნეტავი, იქ თეატრი არის?" რომ გაუშვეს და მირეკავდნენ, ამ არხზეა, გადართე, უყურეო.

    ეს ფილმი მე განსაკუთრებულად მიყვარს. დისკებზე გადავწერე და მეგობრებს დავურიგე. ყოველი გადაწერისას, ვამოწმებდი, როგორ გადაიწერა, გადაწერის ხარისხს ვაკვირდებოდი. თავიდან ბოლომდე ვუყურებდი და ამდენად, დეტალებში, ზეპირად ვიცი ეს ფილმი. მაგრამ ყველა ყურების დროს ისე აღვიქვამ, თითქოს პირველად ვუყურებ. მისი სახით დიდი ტილო შეიქმნა.

    ფილმში კახი თავის თავს თამაშობს. მის ამ აქტიორულ თამაშს კი, უმაღლეს დონეზე ვაფასებ. კახის ნამუშევრებში საუკეთესო ფილმია. ძალიან მიყვარს "ცხელი ზაფხულის სამი დღე". კახის სამსახიობო ნამუშევარი კარგად ჩანს. მიყვარს მისი დონ კიხოტი..."