საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსული კანონი ამერიკულ კანონს ძალიან ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი არ არის ქართულ კანონს, რუსულ და ამერიკულ კანონებს შორის.
"რაც შეეხება არის თუ არა კანონი რუსული - კონკრეტული ნიშნები უნდა იყოს მსგავსების და ეს ყველაფერი უნდა იყოს მტკიცებულებებით დადასტურებული. რაც შეეხება რუსულ კანონს, რას ითვალისწინებს რუსული კანონი - ყველაზე ძირითად პუნქტებს ჩამოვთვლი, მაგალითად რუსული კანონი ითვალისწინებს ორგანიზაციაში პირდაპირი სახელმწიფო კონტროლის შესვლას, პირდაპირ შეიძლება, შევიდეს ოფისში სახელმწიფო კონტროლი, ჩაჯდეს ორგანიზაციაში და ადგილზე აკონტროლოს ნებისმიერი დოკუმენტი, საქმიანობა შესაბამისი ორგანიზაციის. მეორე - კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება, უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, გაუქმდეს შესაბამისი ორგანიზაცია. ასევე რუსული კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციებისა და არამარტო ორგანიზაციების, შესაბამისი ადამიანების ანუ ორგანიზაციის წარმომადგენლების ბრენდირება კონკრეტული ფორმით, მაგალითად, როდესაც ტელევიზიით გამოდის კონკრეტული პირი, ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქვევით უნდა იყოს აუცილებლად მიწერილი, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული რუსული კანონით - ეს არის ძირითადი პუნქტები. ჩამოვთვალე დაახლოებით 5-6 პუნქტი. ხედავთ, რომ არცერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში გათვალისწინებული არ არის ანუ თავიდან ბოლომდე ქართული კანონი არის შესატყვისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს - ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი. აქედან გამომდინარე, როცა არაფერი არ გაქვს, როცა ერთი მეორეს საერთოდ არ ჰგავს, ბუნებრივია, შეუძლებელია, რომ ორ კანონს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. ეს არის უმარტივესი ლოგიკა, რომელიც მარტივად უნდა წაიკითხოს ყველამ. ამაზე ბევრად მკაცრი კანონები, ეს არაერთხელ ითქვა, მოქმედებს აშშ-ში, აქაც არის მაგალითად გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ვრცელდება ამერიკული კანონი, რომელსაც ეწოდება უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და ა.შ. ძალიან ჰგავს რუსული კანონი ამერიკულ კანონს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი, მსგავსება არ არის ქართულ კანონს, აქეთ რუსულ და იქით ამერიკულ კანონებს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ არც რუსული და არც ამერიკული კანონი არ არის შესატყვისობაში ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ისაუბრა ბოლო დღეების განმავლობაში ადამიანებზე ორგანიზებული თავდასხმის ფაქტებზეც.
თქვენ გახსოვთ ძალადობის ფაქტები, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. პირველი გამოკვეთილი ძალადობის აქტი იყო [ალეკო] ელისაშვილის ძალადობა, რაც არამხოლოდ არ დაგმო არავინ, პირიქით, ტელევიზიებმა და სხვადასხვა სუბიექტმა მოიწონა კიდეც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ორმაგი სტანდარტები მიუღებელია.
"ასევე, გახსოვთ კონკრეტული პოლიტიკოსების და ჟურნალისტების და სხვების გამოხმაურებები - ისინი ღიად იწონებდნენ ძალადობრივ ფაქტს. შემდეგ ეს ყველაფერი გაგრძელდა ჟურნალისტებზე ძალადობით, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური ძალადობით. „პოსტვ-ის“ ჟურნალისტზე განხორციელდა ასეთი ფსიქოლოგიური ძალადობა, რამდენიმე ათეული "ორკი" პირდაპირ დაესხა თავს 20 წლის ახალგაზრდა გოგოს და მასზე მიდიოდა ფსიქოლოგიური ძალადობა“, - აღნიშნა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა განაცხადა, შემაშფოთებელია, რომ მსგავსი ძალადობის ფაქტებს არცერთი დიპლომატი არ გამოხმაურებია. მისივე თქმით, მათი პირველი განცხადებები გუშინ მოისმინეს, როცა საქმე მოძალადეებზე ძალადობას შეეხო.
"ამის შემდეგ გახსოვთ ხელოვანებზე და სპორტსმენებზე მიდიოდა ბულინგი. ათასობით მესიჯი მისდიოდათ, პირდაპირი ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც არავინ გაემიჯნა. ასევე იყო პოლიტიკოსებზე ფსიქოლოგიური ძალადობა. როცა მოძალადეს უწოდებ და ასეთ ეპითეტებს იყენებ, მიუღებელია. მინდა გავიხსენო ისიც, რომ ამ ძალადობის ფაქტებს არცერთი დიპლომატი არ გამოხმაურებია, რაც შემაშფოთებელია. ორმაგი სტანდარტი მიუღებელია. ჩვენ პირველი განცხადებები გუშინ თუ გუშინწინ მოვისმინეთ, როცა საქმე მოძალადეებზე ძალადობას შეეხო. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, მათ შორის მოძალადეებზეც და ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ამისგან და ორმაგი სტანდარტებისგან და სადაც დასაგმობია ძალადობა, ყველგან დაგმონ, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა. ელჩებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი პოლიტიკური სიმპათიები, მაგრამ ძალადობა უნდა დაიგმოს პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, 2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე.
"რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, რეალურად პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომლის პირობებშიც რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ქვეყანას აქვს ხელშესახები მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაიმე სახის გავლენის გაფართოება კი არსებული ხელისუფლების პირობებში 0 %-ია.
„რუსეთისკენ კურსი ეს არის რაღაც სპეკულაციების ერთ-ერთი საგანი. მინდა, შეგახსენოთ ამ კუთხითაც რა არის ჩვენი ხელისუფლების შედეგები. რა იყო წინა ხელისუფლების „მიღწევები" ამ კუთხით და რა შედეგები გვაქვს ჩვენ არსებული ხელისუფლების პირობებში.
მინდა, მარტივად შეგახსენოთ, თუ რა მოხდა 2004-2012 წლებში ამ კუთხით. რუსეთმა გააფართოვა თავისი გავლენა საქართველოში, მათ შორის, ეს გამოიხატა ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით. იცით, რომ უამრავი სტრატეგიული ობიექტი გასხვისდა წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციაზე და აღარ გავაგრძელებ. 2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, რეალურად პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომლის პირობებშიც რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში, არ გაგვისხვისებია ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციაზე, შესაბამის კომპანიებზე. თუ ჩვენი ხელისუფლების მოსვლის პერიოდში პრორუსული კანდიდატები, პარტიები დაახლოებით 20%-ს იღებდნენ არჩევნებზე, დღეს მათი შედეგი არის 1-2% არაუმეტეს. ჩვენ მოვუგეთ რუსეთის ფედერაციას პრინციპული პროცესები, როგორც ჰააგაში, ასევე სტრასბურგში და მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო სამხედრო აგრესია, ომი, ჩვენ შევუერთდით 600-ზე მეტ აქტს, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერას და რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას. ეს არის კონკრეტული შედეგები, ნაბიჯები. წინა ხელისუფლების პირობებში იყო 0 წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით, იყო პირიქით რუსეთის ფედერაციის გავლენების გაფართოება თვისებრივად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე, რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების შედეგებს, გვაქვს თვისებრივი მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე და 0 პროცენტით რაიმე გავლენის გაფართოება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს არის შედეგები, დანარჩენზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს,"- აღნიშნა პრემიერმა.