პარტია “ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საქართველოში ვიზიტად მყოფი ოთხი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტს ეხმაურება. მედიასთან საუბარში სუბარმა განაცხადა, რომ მისთვის წარმოუდგენელია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს სხვა რომელიმე ქვეყანაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც ხელისუფლების დამხობას ითხოვენ და მათ მხარი დაუჭიროს.
“წარმოიდგინეთ საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა სამხარაძე, ჩავიდეს გერმანიაში ან ლიეტუვაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც მთავრობის დამხობას ითხოვენ და გააკეთოს განცხადებები, რომ დგას ამ მომიტინგეების გვერდით და უერთდება მათ მოთხოვნებს, ასევე, გააკრიტიკოს ლიეტუვის ან გერმანიის ვთქვათ ლუთერანული ან კათოლიკური ეკლესია და თქვას, რომ ეს ეკლესიები არ ასახავენ ლიეტუვის ან გერმანელი ხალხის ინტერესებს, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში?“ - განაცხადა სუბარმა.