სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ყველა ხარჯს ბიძინა ივანიშვილი დაფარავს, მას მინდა მადლობა გადავუხადო" - კახა კალაძე

    "ყველა ხარჯს ბიძინა ივანიშვილი დაფარავს, მას მინდა მადლობა გადავუხადო" - კახა კალაძე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

    კახა კალაძის განცხადებით, ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არცერთ თეთრს არ დახარჯავს და მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გაიღებს.

    "არაერთხელ მისაუბრია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ მასშტაბის რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სამწუხაროდ, არ გვაქვს. არსებული სივრცე იყო კერძო საკუთრება - ტერიტორიას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. მათ ეს მუნიციპალიტეტს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შედეგად, გადასცეს საჩუქრად და აქ მოეწყობა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ცენტრალური პარკი. მინდა, ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, რომელიც საზოგადოების ნაწილმა ვერ გაიგო, ნაწილმა კიდევ კარგად გაიგო, მაგრამ ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა ამ სივრცის დედაქალაქისთვის გადაცემით, მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი - გამწვანების, მოწესრიგების, რეაბილიტაციის, ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე. მუნიციპალიტეტს არ ექნება დასახარჯი არცერთი თეთრი. პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაფინანსებით, რისთვისაც მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო", - განაცხადა კახა კალაძემ.