თითქმის ერთი კვირის წინ ტელეკომპანია "იმედი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსული კანონის პროტესტის ნიშნად ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს.
ზურაბ ბალანჩივაძე განცხადებას ავრცელებს:
„როგორ ამოვიცნოთ ქვეყანაში ავტორიტარიზმის ნიშნები? პირველი და უმთავრესი – ავტოკრატია ყოველთვის ცდილობს, ჰგავდეს დემოკრატიას, ანუ იქ ფუნქციონირებს ყველა ის ორგანო, რომელიც სახელმწიფოს დემოკრატიული მოწყობის შემთხვევაში გხვდება: სასამართლო, პარლამენტი, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და ა.შ.
ავტოკრატიის კიდევ ერთი და მთავარი მანიშნებელი არის ის, რომ მმართველი ელიტა იქნება თუ ლიდერი, იწყებს ასეთი პოლიტიკის გატარებას: „ჩვენ გვებრძვიან გარედან, ჩვენს ღირსებას ურტყამენ“ – ეს ნარატივი მეორდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, სხვადასხვა დოზით, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ინტენსივობით.
დღეს, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებიდან ამას ამბობს ვიქტორ ორბანი, რომ უნგრეთს ებრძვიან და ა.შ.
აქვე, ყველაზე მნიშვნელოვანია კიდევ წარსულის რომანტიზება და წარსულზე გამოტირება, რომ „აი, ოდესღაც ძალიან მაგრები ვიყავით, შემდეგ ისტორია უსამართლოდ მოგვექცა და ის ქვეყნები, რომლებიც უსამართლოდ მოგვექცნენ, ვერ იქნებიან ჩვენი მეგობრები“ – დაახლოებით მსგავსი დამოკიდებულება.
დასავლური ქვეყნებიდან კიდევ ერთ-ერთი საინტერესო ინსტრუმენტია ხოლმე რელიგიის გამოყენება, „რომ ყველა ებრძვის მათ რელიგიას და მათ რელიგიურ გრძნობებს“, რაშიც ძირითადად იგულისხმება ხოლმე მხოლოდ ერთი რელიგია და არა ყველა რელიგია, რომელიც იმ ქვეყანაში არის თავმოყრილი.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობს სახელმწიფო სამსახურები, რამდენად შეუძლიათ მათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, ეს ძალიან ხშირად მეტყველებს ხოლმე ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე.
და რაც მთავარია, ავტორიტარულ რეჟიმებს სხვადასხვა ქვეყანაში უყვართ კანონების პატივისცემა, ოღონდ იმ კანონების, რომლებსაც თვითონ იღებენ და შემდეგ ამ კანონებით მანიპულირებენ, რომ ისინი არაფერს ცუდს არ აკეთებენ, უბრალოდ იცავენ კანონს, მაგრამ რამდენად კანონიერია თვითონ ეს კანონი, ეგ არის სწორედ აქ პრობლემა“
ნახეთ ვიდეო: