,,ევროპელები და ამერიკელები ამბობენ: „ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა“ და რუსები ამბობენ: „კარგად იქცევით ბიჭებო” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ საუბრისას.
ევროპელები და ამერიკელები ამბობენ: „ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა“ და რუსები ამბობენ: „კარგად იქცევით ბიჭებო” – ნათელი არჩევანი დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.
“ამ რუსული კანონის მიღებამ სხვა მასშტაბში გადაგვიყვანა იმ დღიდან, როცა ყველა ჩვენმა პარტნიორმა – ევროპელები თუ ამერიკელები, მთელი დასავლეთი და უკლებლივ ყველა ორგანიზაცია – დაგმო ეს კანონი და თქვა, რომ ამას ადგილი არ აქვს ევროპაში და ამ კანონით ვერ მიგიღებთ ევროპაში. ამაზე ნათელი გზავნილი არა მგონია, რომ საქართველოს ოდესმე მიეღოს. მაგრამ ესეც ვერ გაიგო მმართველმა გუნდმა და ჩვენ და ეს პროცესი გადავიდა სხვა განზომილებაში.
ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ – „ან-ან“-ის საკითხი დადგა ჩვენს წინაშე. ან აღვადგენთ იმ ევროპულ გზას, რომელზედაც ვიდექით ისე თუ ასე, ხან ჩქარა, ხან ნელა, მაგრამ ვიდექით, ან ვერ დავაბრუნებთ და მივდივართ სულ სხვა მიმართულებით, კოლაბორაციონიზმი დაარქვით, თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ეს არის სხვა მიმართულება, რომელიც გვაახლოებს იმ ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც სხვათა შორის, ძალიან აფასებს ყველა განცხადებას და ყველა ნაბიჯს მიღებულს მმართველი გუნდის მიერ. ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა და პირიქით, ეწინააღმდეგება და რუსები ამბობენ, რომ კარგად იქცევით ბიჭებოო. ასე რომ, მე მგონი, ნათელი არჩევანი დგას, ეს არის ევროპული გზის გადარჩენის არჩევანი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.