საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიული მომენტისთვის, ევროპის ჩემპიონატზე პირველად წარსადგენად ემზადება – ფეხბურთელები უკვე ჩაფრინდნენ გერმანიაში, სადაც ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს აიღებს.
გერმანიაში გამგზავრებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა „ეროვნულ ნაკრებთან“ ინტერვიუებში საკუთარ ემოციებზე, საბრძოლო შემართებასა და მოლოდინებზე ისაუბრეს.
“ვიაზრებთ, თუ რამხელა ჩემპიონატზე ვითამაშებთ, ყველანაირად ვეცდებით, რომ მაქსიმალური შედეგი დავაფიქსიროთ.
ფორმა იმიტომ გვაცვია, რომ [მაისურის] წინა მხარეს გერბი გვახატია და უკანა მხარეს ჩვენი გვარი გვაწერია – პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი დროშისთვის და გერბისთვის ვთამაშობთ“, – ამბობს ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე ინტერვიუში.