სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ხალხი პორტუგალიასთან მოგებას უფრო იჯერებდა, ვიდრე იმას, რომ მე 50 ლარს დავხარჯავდი მეგობრებში“ - დათო ლიკლიკაძე

    “ხალხი პორტუგალიასთან მოგებას უფრო იჯერებდა, ვიდრე იმას, რომ მე 50 ლარს დავხარჯავდი მეგობრებში“ - დათო ლიკლიკაძე
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ევროპის ჩემპიონატმა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს ბევრი სიხარული მოუტანა, რადგან ამ ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები ღირსეულად წარდგა. ქართველების ლამაზმა, ცეცხლოვანმა თამაშმა ევროპელების ყურადღება მიიპყრო, ხოლო მის მარცხს მარტო ჩვენ კი არა, უცხოელებიც განიცდიდნენ. ჩვენი ბიჭების საქომაგოდ საქართველოდან გერმანიაში ასეულობით გულშემატკივარი ჩავიდა, მათ შორის გახლდათ ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, რომელიც გერმანიაში გატარებულ დღეებს დიდი ხალისით და ერთგვარი ნოსტალგიით იხსენებს:

    - ალბათ, მკითხველმა იცის, რომ მე ტურისტულ ბიზნესში ვარ ჩართული და რამდენიმე ტურისტულ ფირმასთან სისტემატურად ვთანამშრომლობ. ერთ-ერთი კომპანიიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ გერმანიაში ტური ჰქონდათ და შემომთავაზეს წავყოლოდი. რასაკვირველია, დიდი სიხარულით დავთანხმდი, ოჯახშიც კი არ მითქვამს, მეორე დღესვე წავედი და არც ვნანობ - ის დღეები ყოველთვის კარგად გამახსენდება.


    - ფეხბურთის მოყვარული ხართ თუ მხოლოდ ჩვენი გუნდის საქომაგოდ წახვედით?

    - უნდა ვაღიარო, რომ ფეხბურთის ქომაგი არასდროს ვყოფილვარ და როცა ამბობენ, ხვიჩა კვარაცხელიამ ძალიან ბევრ ქართველს დააწყებინა ფეხბურთის ყურებაო, ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ. პირველად, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ნეაპოლის სტადიონზე დავესწარი, სადაც მეუღლესთან ერთად ვიყავი. "ნაპოლი" "ინტერს" ეთამაშებოდა და 7:1 მოიგეს. ამ მშვენიერი ქალაქის სტადიონზე იმხელა მუხტი მივიღე, ისეთი ამაყი ვიყავი, რომ ძალაუნებურად, ფეხბურთის ქომაგი გავხდი. ვხედავდი, ნეაპოლში ქართული დროშა რა დაფასებული იყო და ქართველებს რა თბილად გვხვდებოდნენ, როგორ შეიძლებოდა ამას უკვალოდ ჩაევლო? ხალხი გვეფერებოდა, მადლობას გვიხდიდა და ნეაპოლის ქუჩებში ისე დავდიოდი, თითქოს ხვიჩას ბიძაშვილი ვიყავი. ამ თამაშს ჩვენთან ერთად მსახიობი ენდი ძიძავაც დაესწრო, გადავწყვიტეთ, ერთად გვევახშმა, მაგრამ რესტორანში რომ შევედით, ერთი ადგილიც კი არ დაგვხვდა, რადგან მთელი ნეაპოლი გამარჯვებას აღნიშნავდა. რომ შევედით, სუფრასთან რამდენიმე ნეაპოლელი ბიჭი იჯდა, რესტორნის თანამშრომლებმა რაღაც უთხრეს, ისინი წამებში სკამებიდან წამოცვივდნენ და გარეთ გაცვივდნენ - რადგან ქართველები ვიყავით, ჩვენთვის ადგილები გაათავისუფლეს. პირველად იქ ვიგრძენი, რამხელა ძალა აქვს ფეხბურთს და რას ნიშნავს, როცა კარგი ქვეყნის შვილი ხარ, სხვა ქვეყანაში სტუმრად ჩადიხარ და იქ პატივს გცემენ. იმ დღიდან მოყოლებული, ფეხბურთი შემიყვარდა. გერმანიაში წასვლაც ამიტომ გადავწყვიტე.

    - ახლა, როცა ყველანი დავმშვიდდით და ჩატარებულ მატჩებს ცივი გონებით განვსჯით, როგორ გახსენდებათ გერმანიაში გატარებული დღეები?

    - როგორც გითხარით, მე არ მივეკუთვნები იმ ხალხს, რომელიც ფეხბურთს მთელი ცხოვრების განმავლობაში ქომაგობდა, მაგრამ რაც გერმანიაში ვნახე, საოცრება იყო! ყველაზე ამაღელვებელი მაინც დორტმუნდში გამართული მატჩი იყო, რომელიც თურქებმა მოგვიგეს. ვიცოდი, რომ დორტმუნდში ბევრი თურქი ცხოვრობდა, იქ კაფეები და რესტორნებიც კი, თურქულია, სტადიონის 70 პროცენტიც თურქი გულშემატკივრებით იყო სავსე, მაგრამ უნდა გენახათ, ამ ფონზე ქართველები ერთმანეთს როგორ ვეფერებოდით, გამარჯვებას ვუსურვებდით, ვუფრთხილდებოდით... სად იყო ამდენი სითბო და დადებითი ენერგია, მე არ ვიცი. ქუჩებში ქართული სიმღერა და შეძახილები ისმოდა, მანქანებზე ქართული დროშები ფრიალებდა. ის დღეები არასდროს დამავიწყდება, რადგან საკუთარი თვალით ვიხილე, რა მშვენიერი ყოფილა გაერთიანებული, ერთ მუშტად შეკრული საქართველო, რომელზეც ყველა ვოცნებობთ.

    - სხვა მატჩებსაც დაესწარით?

    - დიახ, ყველა თამაშს დავესწარი: თურქეთთან წავაგეთ, მაგრამ მაინც ძალიან ამაღლებული განწყობა გვქონდა, ჩეხებთან თამაში ფრედ დასრულდა, მაგრამ ბიჭებმა იქაც ძალიან კარგად ითამაშეს. საოცარი დღე იყო, როცა პორტუგალიას მოვუგეთ, ეს მართლა სასწაული იყო და ქუჩებშიც სასწაული ამბები ხდებოდა. ძალიან მომეწონა ჩვენი გულშემატკივრების საქციელი, როგორ ვაფრიალებდით ქართულ დროშებს და ჩვენს საამაყო ნაკრებს როგორ ვქომაგობდით. გაოცებული ვუყურებდი, რადგან არ ვიცოდი, რომ ასე ორგანიზებული გულშემატკივარი გვყოლია. მიუხედავად ამდენი სასიამოვნო სიურპრიზისა, ყველაზე მეტად გამაოცა ქართველი ემიგრანტების სიმრავლემ. ზოგი ამბობდა, მე რომში ვცხოვრობ და იქიდან ჩამოვედიო, ზოგი - ბარსელონაში ვცხოვრობო, ზოგი ინგლისის ქალაქებიდან იყო ჩამოსული, ზოგი კი - საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან... მოკლედ, მთელ ევროპაში მცხოვრები ქართველობა იქ იყო თავმოყრილი. ჩვენმა ემიგრანტებმა სასწაული ჩაიდინეს. ბედნიერი ვიყავი, რადგან იქ, მთელ მსოფლიოში მიმობნეული ჩემი სამშობლოს შვილები ვნახე. ახლაც მეტირება, ამ ამბავს რომ ვიხსენებ!

    თუმცა, რამდენიმე უსიამოვნება მაინც მოხდა...

    - თურქეთთან თამაშის შემდეგ ქართველ და თურქ ქომაგებს შორის ჩხუბი დაიწყო, რომელსაც მეც შევესწარი. ცხადია, ეს ამბავი არ მომეწონა, მაგრამ ამავე დროს იქვე, სტადიონზე ვნახე ქართველი და თურქი გოგონები ორივე ქვეყნის სახელმწიფო დროშებით - ისინი გერმანიაში მცხოვრები თანაკლასელები იყვნენ, მატჩებზე ერთად მოდიოდნენ და ორივეს თავისი ქვეყნის დროშა ჰქონდა ჩახუტებული. თამაში რომ დასრულდა, ისეთი წვიმა წამოვიდა, კინაღამ სტადიონი წაიღო. ამ დროს ორი ნაცნობი გოგონა დავინახე, ორივე მშრალი იყო, რომ ვკითხეთ, რა მოხდაო, თურქმა გულშემატკივრებმა თავიანთი საწვიმრები გაიხადეს და ჩვენ ჩაგვაცვესო. რა თქმა უნდა, მეც ასე მოვიქცეოდი, თურქი ქალი წვიმაში რომ დამენახა. თამაში თამაშია, ან მოიგებ, ან წააგებ და ჩხუბი როგორ შეიძლება? ისიც არ იყო მოსაწონი, საქართველოს ჰიმნის დროს მთელი სტადიონი ფეხზე რომ იდგა, მაგრამ თურქეთის ჰიმნზე ზოგიერთი ქართველი ფეხზე არ წამოდგა...

    - ბევრი ამბობდა, რომ ამ ჩემპიონატმა გერმანიის ქალაქების ცხოვრება დროებით შეცვალა.

    - მართლაც ასე მოხდა: გერმანიაში საღამოს 6-7 საათის შემდეგ, ხმას ვერ გაიგონებ, ისეთი სიჩუმეა, მაგრამ ჩვენ ავაჟრიამულეთ. დორტმუნდში კი წავაგეთ და საქმე სამხიარულოდ არ გვქონდა, მაგრამ თურქები მთელი ღამე მღეროდნენ, ქეიფობდნენ. სამაგიეროდ, გელზენკირხენი ავახმაურეთ ქართველებმა - პორტუგალიასთან მოგების შემდეგ.

    - ამ ჩემპიონატს იუმორის გარეშეც არ ჩაუვლია. თქვენ რა გახსენდებათ ყველაზე კარგად?

    - დავიწყებ იმით, რომ ზოგმა თმა შეიჭრა, ზოგმა საერთოდ გადაიპარსა, ზოგმაც - გათხოვების პირობა დადო, ჩვენი ნაკრების მოგების შემთხვევაში... ამ დავიდარაბაში მეც ჩავერთე, მაგრამ თურქეთთან წაგების შემდეგ, საქმე ცუდად წამივიდა: თამაშის დაწყებამდე ვამბობდი - ხალხო, ძალიან კარგი ფეხი მაქვს და აი, ნახავთ, თუ არ მოვიგებთ-მეთქი, გავიხედე და 3:1 არ წავაგეთ?! ჯერ ხომ სტადიონზე მლანძღეს, მერე "ფეისბუკში" დამხვდა სალანძღავი გზავნილები - შე სასიკვდილე, ეს რა საშინელი ფეხი გქონია, აწი სტადიონზე აღარ დაგინახოთ მოსულიო. შეწუხებულმა, დედაჩემს დავურეკე და ყველაფერი ვუამბე. გაკვირვებულმა დედამ მკითხა: კი მაგრამ ეგენი გერმანიაში მართლა შენი ფეხის იმედად ჩამოვიდნენო? მერე გადავწყვიტე, ჩეხეთის ნაკრები დამეწყევლა, ეს მოეწონათ და ფრედ რომ დასრულდა, ახლა პორტუგალიელებზე მთხოვეს, მათი გუნდიც დაწყევლეო. მეც, "ფეისბუკში" მოზრდილი პოსტი გავაშანშალე: "საწყალობელ იქმენ, კრიშტიანუ რონალდუ, კაცთა უსასტიკესი წყევლით მოგმართავ და გისურვებ, პირველივე წუთებიდან პორტუგალიის კარში ბურთი იხილო!" მართლაც, პირველივე წუთებში გოლი გაიტანა კვარაცხელიამ.

    მეორე გოლი რომ გავიდა, ჩემი რეპუტაციაც აღდგა - სრულიად "ფეისბუკმა" გადაწყვიტა, რომ ჩემი წყევლა ჭრის. თანაც, ნათქვამი მქონდა, თუ მოვიგებთ, მეგობრებში 50 ლარს დავხარჯავ-მეთქი და მთელი ერი მოითხოვდა, ეს ფული ნამდვილად დამეხარჯა. სად გავამხილო, რომ ხალხი პორტუგალიასთან მოგებას უფრო იჯერებდა, ვიდრე იმას, რომ მე 50 ლარს დავხარჯავდი? სულ ცოტა, ასამდე ადამიანმა მომწერა, ჩვენ გადაგიხდით მაგ 50 ლარს, ოღონდ, ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდებს წყევლა არ მოხსნა, არ დაგვღუპოო. მერე ვხუმრობდი, პორტუგალიასთან მოგება მარტო მე და ბიძინა ივანიშვილს დაგვეტყო - მე 50 ლარი დავხარჯე და იმან - 30 მილიონი-მეთქი. საქართველოში რომ დავბრუნდი, სამმა ტელევიზიამ ჩამწერა - ყველას ამ 50 ლარის ამბავი აინტერესებდა. აქეთ, კუკურელიაზე გავრცელდა ათასნაირი ხუმრობა და კაცი ლამის, მეგრელად გამოაცხადეს. ზოგმა მართლა დაიჯერა, რომ ესპანეთის ნაკრების რჩეული ფეხბურთელი, მარკ კუკურელია, მეგრელია და მისი დიდი ბაბუა მარკოზ კუკურელია იყო...

    საბოლოო ჯამში, ეს ძალიან ლამაზი, კარგი პერიოდი იყო, რომელიც ყველას ტკბილად გაგვახსენდება: ჯერ ერთი, ჩვენი ხალხი გაერთიანდა და, რაც მთავარია, საქართველოში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გაიმართა - ზეიმი, რომელსაც ასე ველოდით!

    წყარო: kvirspalitra.ge


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ