ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა და დაამარცხა, ანგარიშით 2:0. პირველი ტაიმი ქართველების აქტიურობით დაიწყო, რაც მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლით გაგრძელდა.
მან პორტუგალიელების კარი მიქაუტაძის გადაცემის შემდეგ აიღო. ამის შემდეგ პორტუგალიელები ინიციატივას დაეუფლნენ და უპირატესობაც მათ მხარეს იყო, თუმცა ჩვენები კარგად იცავდნენ თავს. მე-16 წუთზე თამაშში ჩართვა მოუწია გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც რონალდუს უძლიერესი დარტყმა მოიგერია.
57-ე წუთზე კი პორტუგალიის კარში პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ეს მისი მე-3 გოლია ჯგუფურ ეტაპზე. პორტუგალიელებმა საკუთარ საჯარიმოში ლუკა ლოჩოშვილი წააქციეს, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რაც ზუსტად შეასრულა მიქაუტაძემ.
ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივარმა გიორგი მიქაუტაძის სახელი უკვე კარგად იცის. საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი გიორგი ქართულად 100%-ით გამართულად ვერ საუბრობს, თუმცა ცდილობს, რომ უფრო კარგად ისწავლოს. ამბობს, რომ შინ მშობლებთან ქართულად ლაპარაკობს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართული ენა იცის.
პორტუგალიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩის დროს გიორგის ოჯახის წევრები ტრიბუნაზე იმყოფებოდნენ. მისი და, ანა მიქაუტაძე, ძმას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურში პირველად უგულშემატკივრებდა. ვინაიდან ანაც საფრანგეთში ცხოვრობს, გიორგის მატჩებზე იქ ხშირად დადის, თუმცა საქართველოს თამაშს ის პირველად სწორედ ახლა დაესწრო. ანამ ვარსკვლავი ძმის შესახებ Geo Team-ის ვიდეოში, საბა საპანაძესთან ისაუბრა:
"გიო პატარაობიდანვე იძახდა, ყველაზე მაგარი ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო. მთელ ოჯახს გვჯეროდა, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა. ჩემი ძმით ძალიან ვამაყობ.
ფრანგულად ვიწყებთ ლაპარაკს და დედიკო მოდის და გვეჩხუბება, ქართულად ილაპარაკეთ, არ უნდა დაგავიწყდეთ მშობლიური ენაო", - ამბობს ანა.