ისტორიაში პირველად ევროპაში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “აბესალომ და ეთერი“ იტალიურ ენაზე აჟღერდება, ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
“ისტორიაში პირველად ევროპაში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “აბესალომ და ეთერი“ იტალიურ ენაზე აჟღერდება
15 სექტემბერს იტალიაში, ქალაქ კატანიაში, ზაქარია ფალიაშვილის ოპერის “აბესალომ და ეთერი“ პრემიერა გაიმართება და იტალიურ ენაზე პირველად დაიდგმება.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს კიდევ ერთ ისტორიულ საერთაშორისო პროექტს და წარმატებულ საპრემიერო ჩვენებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ოპერის თეატრის მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული მუსიკის ისტორიაში. მასიმო ბელინის სახელობის თეატრის სცენაზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისის“ ტრიუმფალური წარმატებიდან ერთი წლის შემდეგ წარმოდგენილი კიდევ ერთი ქართული ოპერის აჟღერება კი უფრო მეტად გაამყარებს შემოქმედებით კავშირს საქართველოსა და იტალიას შორის.
საგულისხმოა, რომ ქართველ მომღერლებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებს ბელინის თეატრის გუნდი (ქორმაისტერი ლუიჯი პეტროციელო) და ორკესტრი. ცეკვებს კი შეასრულებს ფლორენციაში არსებული ქართული ცეკვების ანსამბლი “ნანილა“. სპექტაკლის მუსიკალურ მხარეს ხელმძღვანელობს დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი. მსახიობებთან მუშაობს დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძე. სცენოგრაფია ეკუთვნის ლუმგული მურუსიძეს, კოსტიუმების მხატვარია ესტერ მარტინი.”- წერს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.