სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “სამშობლოს სიყვარული ნივთი არ არის, გზად მიმავალმა დაკარგო” - ერლომ ახვლედიანი

    “სამშობლოს სიყვარული ნივთი არ არის, გზად მიმავალმა დაკარგო” - ერლომ ახვლედიანი
    1 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ერლომ ახვლედიანი მწერალი და სცენარისტი იყო, რომლის ნაწარმოებებიც თარგმნილი და გამოქვეყნებულია სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე.

    “სამშობლოს სიყვარული ნივთი არ არის, გზად მიმავალმა დაკარგო” - ერლომ ახვლედიანი


    მისი აზრით, სამშობლო იყო ყველაზე ღირებული რამ, რაც ადამიანს ჰქონდა. იგი ყოველთვის აღნიშნავდა ქვეყნის სულიერ ღირებულებებს, ისტორიულ მემკვიდრეობას და ეროვნულ იდენტობას. ახვლედიანის ნაწარმოებები ხაზი გაუსვეს კაცობრიობისა და სამშობლოს მიმართ პასუხისმგებლობას, სიწმინდესა და სიყვარულს.

    მისი ერთ-ერთი ნაწარმოებია “ხალხი, რომელსაც სამშობლო არ უყვარს”.

    „ერთმა უცხოელმა ბიზნესმენმა, რომელმაც საქართველოში ჩვენს დასახლებამდე დასახმარებლად ჩამოვიდა, ასეთი ფრაზა თქვა : არ მინახავს ხალხი, რომელსაც ასე არ უყვარდეს თავისი სამშობლო.

    ჩვენი „პატრიოტები“ ალბათ აღაშფოთა ამ ფრაზამ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ზოგიერთმა „არაპატრიოტმა“ ამ სიტყვების მიღმა იგრძნო გულწრფელი გულისტკივილი, რომელსაც ჩვენი სამშობლოს დღევანდელი მდგომარეობა იწვევს.

    როგორღა გაიმართლებ თავს, როდესაც ქვეყანას კორუფცია ჭამს, უმეტესობა გადასახადს არ იხდის, თავს არიდებენ სამხედრო სამსახურს და არცთუ იშვიათია დეზერტირობის შემთხვევები, ქართველთა დიდი ნაწილი თავგამოდებით ცდილობს, უცხოეთის მოქალაქეობა მიიღოს, ცოტა თუ იცავს კანონებს, როდესაც ბევრისთვის სამშობლოს სიყვარული საკუთარი ბინის ზღურბლს იქით აღარ ვრცელდება და შინაც სამშობლოს სიყვარული სადღეგრძელოებში იხრჩობა.



    მეც დავფიქრდი:

    მიყვარს თუ არა ჩემი სამშობლო? ადრე არ დავფიქრდებულვარ. ახლა დავფიქრდი.

    მახსოვს ჩემი პირველი განცდა, აღმოჩენა, რომ მე ქართველი ვარ.

    ეს იყო ჩუმი აფეთქება ჩემში. არა, ეს არ იყო სიამაყის გრძნობა. შეუძლებელია, სიამაყის გრძნობა ებადებოდეს ვენახს, რომ ის ვენახია, ვაზია და ისხამს მტევანს. ან ვაშლს, ან მსხალს, ან ლეღვს. ეს უპირატესობა არ არის. ეს უბრალოდ აღმოჩენაა, რომ ეს შენ ხარ და სხვა არავინ, ამ ჯიშისა ხარ.

    ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო, ჩემი მამული! არ არსებობს უფრო ჩუმად სათქმელი სიტყვები. მე ამ ნეტარ სიჩუმეში გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება და არასოდეს მომნდომებია, ეს განცდა გამომეთქვა და გამომეხატა. მე ამ განცდაში ვიყავი, როგორც მერცხლის ბარტყი მერცხლის ბუდეში…

    მერე რა მოხდა, არ ვიცი. სად გაქრა, როდის აღვმოჩნდი გაძარცული ამ განცდისგან. ეს მოხდა სწორედ მაშინ, როცა ასე საჭიროა მისი დაცვა და შენარჩუნება. მაგრამ, რომ აღარ ვიცით, რა უნდა დავიცვათ და შევინაჩუნოთ?

    ახლა ჩემი სამშობლო ვიღაცებისგან შეთხზული ლეგენდაა, რომელიც სინამდვილეში აღარ არსებობს…

    სამშობლოს სიყვარული ნივთი არ არის, გზად მიმავალმა დაკარგო, თორემ უკან დაბრუნდებოდი და იქნებ გეპოვა კიდეც.

    სიყვარული გულში უნდა იყოს. იქ არის მისი ბინა, მისი სამყოფელი. თუ სიყვარული გულს გარეთ არის, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა და მერე რაც გინდა, ის უწოდე მას. ის მუდამ შენში უნდა იყოს და მხოლოდ მაშინ იქნები შენც მასში, როგორც ჯავშანში.

    სამშობლოს სიყვარული რაც უფრო უმნიშვნელო რამეში ვლინდება, – სიტყვა იქნება ეს, მოძრაობა, თუ ქცევა, – მით უფრო ღირებულია იგი, რადგან ეს აღნიშნავს, რომ ადამიანი მუდამ თან ატარებს ამ განცდას. ის ორგანული ნაწილია მისი, პირთამდე ავსებულია მით, თავისუფალია ანგარების და ამპარტავნებისაგან, არ მოითხოვს საზღაურს, არ ელის ქებას…

    მაინც როგორ ვლინდება ეს „ავადმყოფობა“? რა ნიშნები აქვს მას, რა სიმპტომები? რით იზომება, როგორ იწონება იგი?

    იქნებ მართლაც ავიღოთ სასწორი და ავწონოთ, ვის უფრო უყვარს სამშობლო, ანდა, რა არის სამშობლოს სიყვარული?

    მახსოვს ერთი, მეტად უმნიშვნელო შემთხვევა: მოსკოვის უმაღლეს სასცენარო კურსებზე სწავლისას, ჩვენს საერთო საცხოვრებელში ბინადრობდა ერთი ლიტველი ყმაწვილი. ის თავისუფალი მსმენელი იყო და სტიპენდიას არ იღებდა. ერთხელ, მას შევხვდი საერთო საცხოვრებლის ერთობ მოუწყობელ სამზარეულოში, ყავას ადუღებდა. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს.

    სიტყვამ მოიტანა და მან თქვა:

    „სამზარეულოს ფული მაქვს გადასახდელი, ორი მანეთიო”.

    მე გამიკვირდა – არც კი ვიცოდი, რომ ამ დანგრეული სამზარეულოსთვის არსებობდა გადასახადი. მან გაიცინა და მიპასუხა:

    „ვისაც ვუხდი, იმათაც უკვირთ და, მე მგონი, დამცინიან კიდევაც. მე კი მაინც ვიხდი. იქნებ ცოტა გამდიდრდნენ და მიხედონ ამ დანგრეულ სამზარეულოს. ისე კი, რაც გადასახდელია, არ შემიძლია არ გადავიხადოო”.

    ნუთუ, ლიტველი რუსეთის გამდიდრებისთვის იღვწოდა? ანდა, მას უფრო უყვარდა რუსეთი, ვიდრე თუნდაც მე? არა, რა თქმა უნდა. ის აქ, რუსეთში თავის ეროვნულ ღირსებას იცავდა. ეროვნული ღირსება! – ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ყოველი ადამიანი უცხოობაში თავისი ერის წარმომადგენელია და როგორც შეუძლია, იცავს საკუთარი ერის ღირსებას.

    ეს უმნიშვნელო შემთხვევა დღემდე ცოცხლობს ჩემში, თუმც მას შემდეგ თითქმის ოთხი ათეული წელი გავიდა და, განსაკუთრებით დღეს, მეტი სიცხოველით მაგონებს თავს, როცა ჩემი უხილავი სასწორის მეორე მხარეს ვდებ იმ ადამიანთა, იმ ქართველთა წუწუნსა და გოდებას, რომელნიც მისტირიან იმ დროს, როცა ცენტრში ჩასულები, სულ უმნიშვნელო ძღვენითა და ქრთამით ახერხებდნენ „დიდი საქმეების“ ჩაწყობას, გაწუწკებულ ჩინოვნიკებთან, თავისა და, თუნდაც, სამშობლოს საკეთილდღეოდ.

    ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორი მანეთი გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე „დიდი საქმეების“ მთელი ფუთა.

    ახლა, სასწორის ერთ პინაზე შევდგათ ირაკლი ციციშვილის ნაამბობი (რომელიც პირადად მისგან არ მომისმენია და ამიტომ, წინასწარ ვიხდი ბოდიშს, თუ რაიმე უზუსტობა მომივა) : საბჭოთა არმიამ აიღო რომელიღაც გერმანული ქალაქი და მის კომენდანტად დაინიშნა ირაკლი ციციშვილი. იმავე დღეს მას ეახლა ამ ქალაქის რამდენიმე წარმომადგენელი. უპირველეს ყოვლისა, მათ გამარჯვება მიულოცეს კომენდატს, ხოლო შემდეგ ნებართვა სთხოვეს, დაელაგებინათ და დაესუფთავებინათ თავიანთი, ნაომარი ქალაქი . . .

    ახლა კი, სასწორის მეორე პინაზე დავდოთ ჩვენი სიყვარული თბილისისადმი. უამრავი ტკბილი სიმღერაა შექმნილი ამ სიყვარულზე, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგა, სამოქალაქო ომის დროს, სადაც ჭურვი მიუწვდებოდათ, ქვა ქვაზე არ დატოვეს დაპირისპირებულმა მხარეებმა. მათ შორის, არ დაინდვეს და მიწასთან გაასწორეს საკუთარი მშობლიური სკოლაც (თუმც, დღეს სკოლა აღდგენილია, მაგრამ ის უკვე აღარ არის ის სკოლა, სადაც ტატო სწავლობდა).

    ძალიან მიჭირს ამის მოგონება, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას: გიორგი რევიშვილმა, ჩვენმა „რემკამ“, ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა, უნიჭიერესმა ახალგაზრდამ, დიდი მომავლის მქონე მწერალმა და კინოდრამატურგმა, როგორც რეჟისორმა მხოლოდ ერთი შესანიშნავი ფილმის გადაღება მოასწრო – „კვირა დღე“.

    მას განუხორციელებელი დარჩა მრავალი უაღრესად საინტერესო ჩანაფიქრი.

    მე აქ მინდა მოვიტანო ერთი პატარა ეპიზოდი ჩანაფიქრიდან, რომელსაც ის „ავღანურ თემას“ ეძახდა : ერთი ქართველი ახალგაზრდა გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მოხვდა ავღანეთის ომში. მათი ბატარეა განლაგდა ერთ ერთ მაღლობზე. მომხდურთათვის ეს ადგილი კარგი საფარი იყო, რადგან მაღლობი წმინდა ადგილად იყო მიჩნეული. ამის გამო ავღანელთა მხრიდან ამ მიმართულებით არც ერთი ჭურვ, ი არ გატყორცნილა…

    ალბათ ყველას გვახსოვს ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის ტყვიით დაცხრილული კედლები. ქრისტეს გულისთვის დიოკლეტიანესაგან ნაწარმოებში წმინდა გიორგი, უკვე ჩვენი დროის წარმართებმაც არ დაინდვეს…

    ამავე, ნატყვიარი ეკლესიიდან, 1992 წლის 8 მარტს გაასვენეს ჩვენი რემკა და სიცოცხლეშიც და სიკვდილშიც მისი განუყრელი მეგობარი კოტე ბიბილაური…

    * * *

    და ბოლოს, კიდევ ერთხელ, მოვიგონოთ ჩვენი სულმნათი მეფე დავით აღმაშენებელი, როდის უფრო უყვარდა მას სამშობლო – “ოდესაც სოფლის კიდეთა ეძებდა დაპყრობად და გარდახდა საზღვართა და შეერთო სახლი სახლსა და აგარაკი – აგარაკსა და უუძლურესთა ართმევდა მათ ნაწილს და იღვწოდა უმეზებლობასა და ვითარცა მარტოი მკვიდრობდა ქვეყანასა ზედა”, – თუ მაშინ, როდესაც ყოველივე ეს შეინანა?

    თუ მხოლოდ პირველი ნიშნავს სამშობლოს სიყვარულს, მაშინ რაღას ვერჩით და განვიკითხავთ რუსეთს?

    * * *

    ახლა კი, კვლავ ჩვენ დროს დავუბრუნდეთ და პატარა ინტერვიუ ვთხოვოთ კაცს, რომელსაც სამშობლო ძალიან უყვარს.

    კაცი იყო, სამშობლო ძალიან უყვარდა.

    ჰკითხეს: მაინც როგორ გიყვარს სამშობლოო?

    უპასუხა: ძალიან მიყვარსო. მისთვის რას არ მოვიმოქმედებო.

    ჰკითხეს: ვთქვათ, შეიტყვე, რომ შენს მოყვასს სამშობლო შენსავით არ უყვარს. რას უზამ?

    უპასუხა: სულ ნაკუწ-ნაკუწ ავქნი და ყვავ-ყორნებს გადავუყრი საჯიჯგნადო.

    ჰკითხეს: მის ლამაზ ცოლს რას უზამ?

    უპასუხა: ხარჭად დავისვამო.

    ჰკითხეს: მის წვრილ შვილს რაღას უზამ?

    უპასუხა: სტამბულს მონებად გავყიდიო.

    ჰკითხეს: მის ეზო-კარს, ყანას, საქონელს და ყოველივეს, რაც მას ეკუთვნის, რას უზამ?

    უპასუხა: გავუნაწილებ იმათ, რომელთაც სამშობლო ჩემსავით უყვართო.

    სამშობლო ცოცხალი არსებაა და ნურავინ დაიმშვიდებს თავს, რომ მას არ ესმის, ვერ ხედავს, ან ვერ გრძნობს, ვის უყვარს იგი.

    არა ყოველი, ვინც გაიძახის, – მიყვარს სამშობლო! – სამშობლოს მოყვარულია, ან ესმის, რა არის სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარული.

    შენ კი გგონია, რომ გიყვარს სამშობლო, მაგრამ თუ დაფიქრებულხარ იმაზე, ხარ თუ არა მისი სიყვარულის ღირსი.”














    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ