განურჩევლად ბრენდისა, ყველა სიგარეტის კოლოფის ფერი ახალი რეგულაციის თანახმად ერთნაირი იქნება.
რეგულაცია მიზნად მწეველების რაოდენობის შემცირებას ისახავს. “თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე “კომერსანტთან’’ საუბარში ახალი ნორმის ამოქმედების მნიშვნელობაზე საუბრობს.
“სიგარეტის კოლოფი როგორც დიზაინით, ასევე შეფერილობით მარკეტინგულად გამიზნულია კონკრეტულ სეგმენტებზე. მაგალითად, ყვავილებითა და სხვადასხვა ორნამენტებით გაფორმებული დიზაინის ძირითადი სეგმენტი ქალები არიან. წვრილი სიგარეტი უფრო პატარა კოლოფით იყიდება, უფრო ჩატეხილი კუთხეები აქვს, რაც გარკვეულ მიმზიდველობას ქმნის. სამწუხაროდ, წვრილი სიგარეტები ასეთი ჩატეხილკუთხეებიანი კოლოფით გაიყიდება ისევ. თუმცა ფერი შეიცვლება.
თამბაქოს ინდუსტრიამ მაქსიმალურად შეასუსტა ეს რეგულაცია. კოლოფები დარჩება არსებულ დიზაინში და ფერი იქნება ერთფეროვანი. სიგარეტის ღერზე დატანილი იქნება ბრენდის დასახელება, რაც თავდაპირველ ვერსიაში ამოღებული იყო, თუმცა თამბაქოს ინდუსტრიამ დააბრუნა წარწერა ღერებზე, რაც მათი ბრენდის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. წვრილმანი საკითხები კვლავ ვაჭრობის თემა გახდა თამბაქოს ინდუსტრიასა და კონკრეტულ ჩინოვნიკებს შორის. სამწუხაროდ, მათ გარკვეულ შედეგს მიაღწიეს.’’- აცხადებს გიორგი ბახტურიძე.