ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ბაბუის ხმა დაიკარგა.
როგორც ყიფშიძე განმარტავს, მისმა ბაბუამ გადასატანი ყუთით ვერ ისარგებლა მიუხედავად იმისა, რომ გამოჰკითხეს მისი ოჯახის წევრები, იმასთან დაკავშირებით სურდათ თუ არა საარჩევნო ყუთის სახლში მოტანა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს:
“ჩემი ბიჭი ბაბუ ხომ გახსოვთ? ბოლო 25 წელია ვერ დადის და სახლიდან აძლევს ხმას. ყოველ არჩევნებზე ერთნაირად რეგისტრირდებოდა. წელსაც 2 გოგონა მოვიდა ჩვენთან სახლში. ჩამოთვალეს ყველა ოჯახის წევრი (მათ შორის დეიდაჩემი რომელიც სხვა სახლში ცხოვრობს და იურიდიული მისამართი ჩვენნაირი აქვს ამას ხაზს ვუსვამ რადგან ჰქონდათ მსგავსი ინფო) გამოკითხეს ბებიაჩემი იმასთან დაკავშირებით თუ გვსურდა საარჩევნო ყუთის სახლში მოტანა – ჩვენ დავადასტურეთ.
შემდეგ მოვიდა მამაკაცი რომელმაც გააფორმა რაღაც სარეგისტრაციო ფორმა და გვითხრა რომ 26 ოქტომბერს 10:00-იდან დაიწყებდნენ ყუთით სიარულს და ჩვენთან მოვიდოდნენ. დღეს დედა და ბებო ერთმანეთს შეენაცვლნენ და ისე მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა რომ არ გამოპარვოდათ კარზე ზარი.
არავინ მოსულა და ამაზე აჟიტირებულმა ბაბუმ დამირეკა და მთხოვა გამერკვია როდის მოვიდოდნენ მასთან. გადავედით ჩვენ საარჩევნო უბანზე და პასუხად მივიღეთ რომ ბაბუ არ არის დარეგისტრირებული და ახლა ვერც ვერაფერს ვიზამთ.
ბაბუს ხმა დაიკარგა. ბაბუს რომელიც ჩემთან ერთად იბრძოდა საწოლიდან ადევნებდა მოვლენებს და მაძლევდა რჩევებს. ბაბუს არც ეტლით მისვლა შეეძლო მისი ბოლო პერიოდის ოპერაციიდან გამომდინარე ეტლში ჯდომაც კი უჭირს. დღეს მან ხმა დაკარგა და გთხოვ შენ რომ გამოიყენო ბოლო 20 წუთი და შეძლო შენი ჯანმრთელი ფეხებით უბანზე გადასვლა და ხმის დაფიქსირება“, – წერს ნატალია ყიფშიძე.